
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარადგენს გახარია, როგორც ჩანს ვერცერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაიგო, რომ კახა კალაძის კანდიდატურა უკონკურენტოა თბილისის მერის არჩევნებში და ის პირველივე ტურით მოიგებს, აცხადებს პოლიტოლოგი გია აბაშიძე „მთელ კვირასთან" საუბრისას.
„თუნდაც ცნობილი სახე, ან პოლიტიკოსი წარადგინონ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დიდი ალბათობით თბილისის მოქმედი მერი კვლავ პირველივე ტურით მოიგებს არჩევნებს," - განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა გიორგი გახარიას განცხადებებზე, რომელიც ექსპრემიერმა შაბათს, ქობულეთში კიდევ ერთი პარტიული ოფისის გახსნაზე გააკეთა.
„როგორც გახარიას ყოფილ თანაგუნდელებს, ასევე „ქართული ოცნების" ბევრ მხარდამჭერს საკმაოდ დიდი პრეტენზიები აქვთ თავად გიორგი გახარიასადმი, ვინაიდან მან საჭირო მომენტში თავი აარიდა პასუცხისმგებლობას. მიუხედავად მისი მრავალი არგუმენტისა, თუ რატომ გადადგა, მაინც არ არის დამაჯერებელი მისი გადაწყვეტილების მიზეზები.
„უკვე გამოიკვეთა, რომ გახარიას და მის თანაგუნდელებს ახასიათებთ ყველა გაფუჭებული საქმის სხვაზე გადაბრალება, მათ შორის „ქართულ ოცნებაზეც", მაშინ როდესაც რამდენიმე თვის წინ თავად იყვნენ ამ გუნდის წევრები.
„გუშინ სრულიად სამარცხვინო განცხადება გააკეთა გახარიამ, თითქოს არ იცოდა, რომ რეგიონებში არ იყო გზები დაგებული, რადგან როდესაც მას ჰქონდა ვიზიტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას მხოლოდ კარგი გზებით ატარებდნენ შეხვედრებზე. თითქოს ის იყო სხვა განზომილებაში და არ წარმოადგენდა მმართველ პარტიას.
„ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პარტიას „საქართველოსთვის" არ გააჩნია ძლიერი პოლიტიკური მესიჯები. ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა არ ნიშნავს ოპოზიციონერობას, პირიქით, შინაარსიანი კრიტიკა, რეალური არგუმენტირებული დასაბუთება, და ამომრჩევლისთვის გამოსავლის სწორი გზების შეთავაზება ნიშნავს ძლიერი ოპოზიციური გუნდის არსებობას."- განაცხადა აბაშიძემ.