ელზა პაპოშვილი
23.07.2021

ცნობილი ხდება,  რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - მართალია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამ დროისთვის საკუთარი პარტიის გარდა მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ მას არ უერთდება საპარლამენტო ოპოზიციური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათთვის ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, მელიას კანდიდატურა არჩევნებში წაგების ტოლფასია.

ოპოზიციის ამ მხარეს სხვადასხვა სტრატეგია აქვთ - პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს პირადად ჩაერთოს საარჩევნო მარათონში, ნაწილი კი მხოლოდ დამკვირვებლის როლში ყოფნას აპირებს.

თბილისის მერის პოსტისთვის მელია ბედს კიდევ ერთხელ ცდის. როგორც ჩანს, თანაპარტიელებისა და ბლოკის წევრებთან ერთად გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აღმოჩნდა. 

ცოტა ხნის წინ საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად თავად ნიკა მელიამ დაასახელა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის კანდიდატად დასახელებას არც მედია, არც კოლეგა პოლიტიკოსები და არც სტუმრები არ დაასწრეს.

მელიამ ამომრჩეველს ერთიანი სატელევიზიო სიგნალით მიმართა:

„მე კვლავ ვდგავარ თქვენს წინაშე. ვდგავარ მრავალსირთულეგამოვლილი, ალბათ ბევრად ძლიერი, ვიდრე როდესმე. ვდგავარ ასევე რაღა დაგიმალოთ და ამაყი იმით, რომ ამდენი უსამართლობისგან კი არ გავბოროტდი, პირიქით, ბევრად მეტად მიყვარს ადამიანები და ბევრად მეტად მინდა ვიზრუნო მათზე, ვიდრე ოდესმე. დღეს ბევრად უკეთ მესმის, რა არის უსამართლობა, ვიდრე ოდესმე. უსამართლობა, რომელმაც ერთ დღესაც ნებისმიერი ჩვენგანის კარზე შეიძლება მოაკაკუნოს და ამასაც არ დაგიმალავთ. აქ მე მინდა ჩემი გამოცდილებით ვიყო გარანტი, რომ  ეს აღარ მოხდება არასოდეს. დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი იქნება. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია იქნება. 

„ეს არის ცვლილებების დრო, ეს არის გამარჯვების დრო“ - ამბობს ელენე ხოშტარია კანდიდატების პრეზენტაციაზე და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის და ნიკა მელია სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ, საერთო ბრძოლას აცხადებენ.

„დგება მომენტები, როცა ვიწროპატრიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგე... ამ უიმედობის განცდის წინაშე რომელიც დღეს „ოცნების“ მთავარი საყრდენია, ჩვენ, მე და ნიკა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კიდევ ბევრი, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვიბიძგებს, რომ დღეს დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ერთიანი ბრძოლა. იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი,“ - ამბობს ხოშტარია. 

თბილისის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილ ელენე ხოშტარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარს ასევე „ევროპული საქართველო“  დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ ევროპული საქართველო ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალები, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში,“ - ამბობს გიგა ბოკერია. 

მათ ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ შეუერთდება. 2 ოქტომბერს ზურა ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მერად „ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს ნიკა მელიას უჭერს მხარს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა ცოტნე კობერიძემ ისაუბრა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიცე-მერის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. ცნობილი ხდება, რომ პარტიას თბილისში 3 ან მეტი მაჟორიტარობის კანდიდატიც ეყოლება და ამ ოლქებში სხვა პარტიებისგან მხარდაჭერას მიიღებენ.

ვინ იქნებიან პარტიის ვიცე-მერისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც პარტიაში გვითხრეს, ამას პრაიმერისის გზით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები გადაწყვეტენ. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას კახა კალაძის კონკურენტად არ განიხილავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მერობის კანდიდატად დასახელება მმართველი პარტიისთვის მელიას იძულებას ჰგავს.

„ქართულ ოცნებაში“ მელიას იმ განცხადებებს იხსენებენ, სადაც მან არაერთხელ თქვა, რომ კანდიდატობა არ სურდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებდა, თუ გამარჯვების შანსს რეალურად დაინახავდა. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მელიას გადაწყვეტილების მიღმა მიხეილ სააკაშვილის გეგმებია.

არჩევნებამდე 2 თვეზე მეტია დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია კი აქტიურ ფაზაში შედის. მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, უკვე ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის გეგმები და კანდიდატები ცნობილი გახდება.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×