
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლებს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ უნდა ემსჯელათ, მაგრამ გადაიდო. გადადების მიზეზი კვორუმის არქონა გახდა, რადგან სხდომაზე მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოცხადდნენ. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას აუცილებლად ჩატარდება, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტა მაინც მოუწევთ.
საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელებიც პარლამენტში გამართულ სხდომებს არასაპატიო მიზეზების გამო არ ესწრებოდნენ. შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, შესაბამისად, გაცდენა ამ ფაქტს უკავშირდება. მართველი გუნდის წევრებს ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები აქვთ და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებმა ვალდებულებები აუცილებლად უნდა შეასრულონ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თითოეული დეპუტატის ამბავი კონკრეტულად გაირჩევა სამართლებლივად, რის შემდეგადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დღის წესრიგში დაყენება არასაპატიო გაცდენებმა გამოიწვია. ამ კონტექსტში აღსანიშნავია რეგლამენტით დადგენილი ვადა - კერძოდ, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. კომიტეტისთვის მინიჭებული 10-დღიანი ვადა სწორედ დღეს იწურებოდა.
„ვფიქრობ, რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, კომიტეტი თავის დასკვნას მოამზადებს და პლენარულ სხდომას გადასცემს. დგება 52 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და პარლამენტი თითოეულ მათგანზე გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე მიიღებს. კომიტეტი ჩატარდება დღეს თუ ხვალ, საკითხი აუცილებლად გავა პარლამენტის სხდომაზე,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი არ საუბრობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თავად, ისევე როგორც სხვა დეპუტატები, კენჭისყრისას გამოხატავენ ამ გადაწყვეტილებას.
„პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც კანონით ეკისრებათ და მათ დააკისრეს მოქალაქეებმა არჩევნების გზით. ამიტომ, ჩვენ კი არ ვუწევთ ანგარიშსწორებას პოლიტიკოსებს, მათ შორის, შალვა ნათელაშვილს, ხშირ შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი უწევს ხოლმე თავის თავს, თავის ამომრჩეველს ანგარიშსწორებას. ამიტომ, ჩვენი პოზიცია როგორი იყო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დესტრუქციული ტალღა ნელ-ნელა ჩაგვექრო და გვეიძულებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში და უარგუმენტო, ყოვლად დამაზიანებელი პოლიტიკური კურსი, რომელიც ჰქონდათ არჩეული და ბოლომდე არ აქვთ მოშორებული, არ განხორციელებულიყო. რეგლამენტით მკაფიოდ არის გაწერილი, რას ნიშნავს ბოიკოტი და ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა. ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ეს იყო საბოტაჟი და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენი გადაწყვეტილება, უნდა გაგრძელდეს თუ არა პარლამენტის საბოტაჟი, იცით, როგორიც არის,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები სასოწარკვეთილი პარტიის ქმედებებს ჰგავს.
„ეს უსუსური მცდელობაა დასჯის მექანიზმის შემოღება. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს სასოწარკვეთილი პარტიის მოქმედებებია,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მორიგი ქმედება არასერიოზულია.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატებს უფლებამოსილება რომ შეუჩეროს, უცნაური იქნება.
„რაზეც გვედავებიან, რომ ცუდად ვიქცეოდით და გაკვეთილებს ვაცდენდით? სწორედ ამის მერე იყო შარლ მიშელის ამბავი და ეს ხალხი მოკრძალებით მოგვმართავდა შემოდითო, ახლა რომ გაგვრიცხონ უცნაური იქნება,“ - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.