ელზა პაპოშვილი
08.07.2021

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - 5 პირი, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, დილით საკუთარ სახლში მოულოდნელად აიყვანეს. დაკავებულ ხუთ პირს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალის დადგენილება გააცნეს და მათ გადმოყვანა  ბოლოს პოლიციამ თბილისში გადაწყვიტა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ერთმანეთის პარალელურად საკუთარი სახლებიდან აიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი, თუმცა, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე მიდიოდა და დაკავებული 10-ზე მეტი პირია.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ სახელდება კონკრეტულად რა საქმეს უკავშირდება სპეცოპერაცია - საქმე სავარაუდოდ,  გაზაფხულზე გორის ცენტრში მომხდარ სროლას ეხება, რა დროსაც დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული პირი. მან  შემდეგ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სურდა, რომ კრიმინალური სამყაროს ჩართულობით მოეგვარებინა ეს კონფლიქტი. 

დაკავებულთა ახლობლები კი აყვანის პროცესის დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და ამასთანავე მათი ოჯახის წევრების ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.

"გამორიცხულია, ტელეფონზე შეიძლება მე თვითონაც დამირეკოს ვიღაცამ, რომელიც იყოს ან შავი გაგების, ძალიან ბევრი ახლობლები მყავს, მომიკითხოს. მთელი ცხოვრება წამალზე იჯდა ციხეში, იქ ეხლა პატიმრები ერთმანეთს გაიცნობენ, კავშირები, რომ ესე საქმეები ეკეთებინა, გამორიცხულია", - ამბობს დაკავებულის ნათესავი.

კიდევ ერთი დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ სამართალდამცავების ინფორმაციით, საქმეზე პოლიცია იანვრიდან მუშაობდა. როგორც ის აცხადებს, მარტის თვეში მისი ოჯახის წევრი თავდასხმის ობიექტი გახდა, რისი თავიდან არიდებაც პოლიციას შეეძლო. 

"12 იანვარს გვქონდა დაგეგმილიო და თუ ასეთი კრიმინალი იყო 12 იანვარს დაეჭირათ და ნუ მისცემდნენ იმის უფლებას რომ დაეჭრათ, ნახევარი აღარაფერი არ აქვს შიგნით, მე არ ვიცი მაგას რა ეშველება," - აცხადებს ის.     

სპეცოპერაცია 5 სახლში რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.  დაკავებულებს შორის არიან - ალექსანდრე არჩვაძე, ლევან გათიაშვილი, შმაგი ლაღუნდარიძე, გიგა ცეცხლაძე, ზაქრო განჯელაშვილი. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რადგან სამართალდამცავებმა კარები შეამტვრიეს, სპეცოპერაციის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. 

"5-ვე პიროვნებას ედავებიან ერთი და იგივე ფაქტს, ვითომდა ისინი არიან ქურდული ტრადიციების მატარებლები, რა თქმა უნდა, მე მქონდა მათთან შეხვედრა, მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. მოხდა ბინებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც დიდი სტრესის ქვეშ არიან", - თქვა ადვოკატმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×