საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისაკენ. მათი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში დაჩქარდეს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
ეპიდსიტუაციის გამწვავების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგზე ისაუბრა.
„ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რა რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით, ყველამ უნდა გავაცნობიერეთ, უნდა დავიცვათ წესები. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია", - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, აუცილებელია მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაცია, მოსალოდნელი შედეგების გამწვავებისგან თავის ასარიდებლად.
„მომართვიანობა დღეს „სინოფარმზე" არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორც იყო „სინოფარმის" პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს". მათი მოლოდინები რეალისტურია და ეს მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით" ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში - „სინოვაკი", „სინოფარმი", „ასტრაზენეკა" მაღალი ეფექტურობისაა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც, მისი განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული და კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა.
„დელტას" შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ „დელტას" შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს „ალფას" შტამს. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმიტ დელტა შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა ბავშვებში თუმცა შესაძლოა ასეთი შემთხვევებიც იყოს.
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, რთული იქნება „დელტა" შტამის გავრცელების თავიდან აცილება. მისი მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ აუცილებელია ეპიდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რისთვისაც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
„ძალიან გაგვიჭირდება „დელტა" შტამის გავრცელების თავიდან აცილება, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვახერხოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ამ პროცესისთვის კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
"პირველ რიგში, აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობდეს და განხორციელდეს სრული მაშტაბით. მეორე - აუცილებლობას წარმოადგენს მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით სანაპირო ზოლებსა და საზაფულო კურორტებზე.
"ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გატარდეს რეგულაციები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს კი წარმოადგენს იმ ქვეყნებთან მიმოსვლის საკითხი, სადაც გამწვავებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ფიქსირდება „დელტა" შტამის მაღალი მაჩვენებელი. თუ ჩვენ შევძლებთ და კომპლექსურად დავიცავთ წესებს, შესაძლოა ქვეყანას თავიდან ავაცილოთ გამწვავებული ეპიდ სიტუაცია" - განაცხადა ეპიდემიოლოგმა
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია მოსახლეობამ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან მოცემული რეკომენდაციები, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.