“ინფიცირების მაჩვენებელი 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულებში”
ელზა პაპოშვილი
07.07.2021

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა შესაძლოა, ინდური შტამთან იყოს დაკავშირებული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ აგვისტოში ბრიტანული შტამი სრულიად ინდურმა ჩაანაცვლოს. ისინი  ყურადღებას აცრებზე ამახვილებენ  და ამბობენ, რომ კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომაც ინდური შტამის ლეტალური შედეგების თავიდან არიდების  მიზნით მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. 

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების - 1392 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 2 685-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების  11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5394  პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი  35 6 780-მდე გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17650  კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით.

დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა  3,65%შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,17%, ხოლო 7 დღის მანძილზე - - 3,7% ფიქსირდება.  

აგვისტოში ინდური შტამი ბრიტანულს თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს - ეპიდვითარების მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობენ მთავარი ეპიდემიოლოგები. მედიკოსები საყურადღებოდ მიიჩნევენ ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას.

მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ინდური შტამი გაცილებით უფრო მარტივად გადამდებია, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ისინი რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ეპიდემიოლოგების დაკვირვებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, თუმცა, იზრდება დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკები სერიოზულია, ვინაიდან, მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას.

მისივე თქმით, პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში დელტა ვარიანტი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისა და აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარების აუცილებლობასა და დიდი თავშეყრისგან თავის არიდებაზე.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. გასულ კვირაში დელტა ვარიანტის, ეგრედ წოდებული ინდური შტამის დამატებით 25 შემთხვევა დადასტურდა. 

“მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. 

“ასევე, რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალებაა. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

საკითხზე საუბრისას გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა აცრების საჭიროებაზე.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„ძალიან საყურადღებოა დინამიკა, რაც ბოლო ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაშია. ზრდის დინამიკაა როგორც ბოლო შვიდი დღის, ისე 14 დღის დადებითობის მაჩვენებელში. ერთადერთი, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იკლებს. ეს ყველაზე მძიმე ინდიკატორი ასე ვთქვათ, ქვემოთ მოდის, რაც კარგია. ამიტომაც არის საჭირო აცრები.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 1 664 პირი ვაქცინირებული არ იყო. მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის მოქალაქეების აქტივობა თანდათან იზრდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

მისვე თქმით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. გამყრელიძე ფიქრობს, რომ საკითხზე საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„დაიძრა ვაქცინაციის პროცესი. გუშინ გვქონდა ხუთი ათასამდე, პირველ დღეს გვქონდა სამი ათასი, დღეს არის დაჯავშნილი დაახლოებით ექვსი ათასამდე. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს. გუშინ სერიოზული მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ის სლოგანი, რითიც გუშინ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი ალმამატერი გამოვიდა, რომ შევხვდეთ შემოდგომას უსაფრთხო უნივერსიტეტებით, ანუ იყოს ყველა სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ორჯერადად აცრილი, ეს უნდა აიტაცოს ყველა უნივერსიტეტმა საქართველოში.

 შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით შემოდგომას, იყოს ყველა სასტუმრო, რესტორანი უსაფრთხო, ეს მოძრაობა თანდათან უნდა გაძლიერდეს. რაც უფრო გაფართოვდება ვაქცინაცია, ხელმისაწვდომობაც მეტად გაფართოვდება. 

გუშინ ჩვენ დავაყენეთ საკითხები სავაჭრო მოლებში ამცრელი პუნქტების განთავსებაზე, ასევე ე.წ. დრაივ აცრებთან, აფთიაქარებთან დაკავშირებით და თანდათან ეს უნდა გაიშალოს. დღეს უკვე ვაქცინების მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნის დეფიციტი. საიტზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბევრ დაწესებულებაში არის დაუჯავშნელი ადგილი. დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

გაბუნია ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობა და აიცრას.

„დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებშიც. 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რეალურად, რამდენად დადებითი შედეგი აქვს ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

ვაქცინაციის მნიშვნელობა უდავოდ და ცალსახად ძალიან მაღალია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და სწრაფად შევუერთდეთ ორჯერ ვაქცინირებულთა რიგებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×