ელზა პაპოშვილი
06.07.2021

პარლამენტთან გუშინ მდუმარე აქცია გაიმართა, ხოლო ამის  პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე სიძულვილის ჯგუფები. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გუშინ 11 საათისთვის, პოლიცია ძალადობის აღკვეთას ახერხებდა.

ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილმა რადიკალებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის პირველი კორდონის გარღვევა. ისმოდა აგრესიული შეძახილები და ისრიდნენ ბოთლებს და სხვა საგნებს.

პოლიცია ძალადობრივი ჯგუფების წევრებს აკავებდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.  

გავრცელდა ინფორმაცია, თიქოს ერთ-ერთ პოლიციელს სახეში გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს. ამასთან იტყობინებიან, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქება მოხდა.

ადგილზე აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალი დაშავდა, მას თავის არეში ქვა მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ტერიტორიიდან საკაცით გადაიყვანა.

აგრესიული ჯგუფები აქციას ეკლესიასთან მართავდნენ, ბოთლების გარდა, კვერცხებსა და ქვებს ისროდნენ „თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მისამართით და რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევაც.

ყველაზე მეტად ისინი ლგბტქ ფერადი დროშების გამოფენამ გააღიზიანა და მათი მოშორება მოითხოვეს.

პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა, რომლებმაც რკინის ჯებირები აღმართეს.  

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციაზე იმყოფებოდა.

„წარმოუდგენელი ძალადობა იყო 5 ივლისს თბილისის ქუჩებში. დაგვდევდნენ აქტივისტებს, ცემდნენ ჟურნალისტებს. მაგრამ დღეს აქ შეკრებილი ადამიანებმა თანამოქალაქეებს უთხრეს, რომ ძალადობას არ იქნება ის ფორმა, რომ ჩვენ ურთიერთობაში დავნერგოთ და იმედი გვაქვს ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მშვიდობიანად შევძლებთ შეკრებას, ისე, რომ ეს არ იქნება ძალადობის წყარო.

გუშინ ჩვენ არ გვქონდა საერთოდ პოლიციის მხარდაჭერა და ეს იყო რაღაც სახელწიფო ჩამოშლილი, ინსტიტუციების გარეშე. ჩვენ იმის თქმა გვინდოდა ყოველთვის, რომ ძალადობის პრობლემა მხოლოდ ჩვენი არაა, არამედ ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების საერთო გამოწვევაა, ამიტომ გვჭირდება ერთად დგომა," - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. 

ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რომელიც ორშაბათს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ძალადობრივმა ჯგუფებმა განახორციელეს. აღნიშნული კომენტარი ცნობილმა ექიმმა გუშინ პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე „რუსთავი 2“-თან გააკეთა და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლაც იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურს მსგავს ძალადობრივ გარემოში ცხოვრება:

„ეს არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა, რომ გამღვიძებოდა. ამიტომ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, რომ ქვეყანამ იცოდეს, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ სწორად ვაზროვნებთ და ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, ყველანი ვართ თანაბრები და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუენებთ და ამ ქვეყანას მომავალი მხოლოდ აქ აქვს,“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისი თქმით, 5 ივლისის პროცესებს თვითორგანიზებულობის ელფერი არ დაჰკრავდა, თუმცა მნიშვნელოვანია არა ის თუ ვისგან იყო ორგანიზებული, არამედ ის, რომ პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულოს. 

აქციას რუსთაველზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა. ვაჟა ექიმი სოლიდარობას უცხადებს სიძულვილის ჯგუფების მიერ დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს.

„მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს.

ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო. საბედნიეროდ კობახიძე ფეხით არ დადის თორემ მასაც დიდი საფრთხე შეექმნებოდა თავისი გრძელი თმების გამო,“ - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×