
ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე ერთ უმსგავსობას დაეჯახა მეორე უმსგავსობა, რასაც დაემატა გარკვეული ჯგუფების მიზანმიმართული მოქმედებები, რათა პროცესები უმართავი გამხდარიყო.
„თბილისი პრაიდის“ მარში რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო ჩაიშალა. ორგანიზატორებმა ღონისძიების გამართვა გადაიფიქრეს, თუმცა ბრძოლას გააგრძელებენ და „ღირსების მარშს“ მაინც ჩაატარებენ. ოპოზიცია კი მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს.
„ის, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, დაუშვებელია - ძალადობას გამართლება არ აქვს. ამიტომ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დააგინოს და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ. ფაქტია, რომ რუსთაველზე ერთ უმსგავსობას დაეჯახა მეორე უმსგავსობა. ერთი გამოსწორებადია - ძალადობა დაისჯება, მეორეს კი ვერ დასჯი, ვერ გადააკეთებ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვრები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას. როცა წინასწარ გაფრთხილებენ მოსალოდნელ საფრთხეზე და შენ მაინც შენსას აკეთებ, ანუ როცა იცი, რომ შენი მოთხოვნა მიუღებელია საზოგადოებისთვის, ე.ი. შეგნებულად მიდიხარ პროვოკაციაზე. ალბათ ეს იყო მიზანი და შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ეს იყო ოპოზიციის საერთო ღონისძიება, რადგან პოლიტიკური მესიჯები მათგან წამოვიდა. გარკვეული ჯგუფები კი მიზანმიმართულად მოქმედებდენ და ძალიან კარგადაც იცოდნენ ამ პროცესებს რაც მოჰყვებოდა.
რაც შეეხება პრაიდის თემას, მეცნიერული კუთხით თუ შევხედავთ, მე, როგორც ბიოლოგი, ვამბობ, რომ პატარა ერები ვისაც დემოგრაფიის პრობლემები აქვს, განსკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდნენ ასეთ საკითხებს, რათა გადაგვარების გზაზე არ დავდგეთ. ჩემი აზრით, ასეთ თემებს პროპაგანდის საშუალება არ უნდა მიეცეს,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ თემურ ნანეიშვილმა.