
მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი", 9 აპრილს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გამართვას აპირებს, სადაც, მისი თქმით, ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ოპოზიციის მოთხოვნებს არ იზიარებენ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუ გაჩეჩილაძეს პოლიტიკაში დაბრუნება სურს, ასეთი აქცია ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.
9 აპრილს 1989 წლის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარლამენტის წინ, როგორც წესი, მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ისედაც იკრიბება. გაჩეჩილაძის გეგმით, მისი აქციის მონაწილეებს არ ექნებათ მიკროფონი და არავინ გამოვა სიტყვით. ეს იქნება მდუმარე აქცია და დაფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე".
„იქნება მდუმარე შეკრება. არ იქნება არანაირი მიკროფონი. არ იქნება სიტყვით გამომსვლელები. რვა წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ვხედავთ. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ჩვენ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ყველას უნდა დავანახოთ, რომ სხვა მოცემულობაა. ხალხს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს!
„ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ხოლო ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული ქვეყანა. თუკი ამას ვერ დავანახებთ, პირადად მე აბსოლუტურად გავქრები ტელესივრციდან და ხმას არ ამოვიღებ. მანქურთიზაციას შეგვყრიან და აღარ ვართ აღარანაირი სახელმწიფოს ღირსი, მით უმეტეს, სუვერენული სახელმწიფოს ღირსი", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.
ძაბირაძისთვის გაუგებარია გაჩეჩილაძეს კონკრეტულად რა სურვილები აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს უფრო მხატვრულ ღონისძიებას ჰგავს, რადგან პოლიტიკურად მისთვის არაფრის მონტანია.
„საერთოდ საინტერესოა 9 აპრილს რატომ აპირებს, რა გამართლება აქვს, ეს საპროტესტო აქციაა, ხსოვნის აქციაა, თუ რა აქციაა? მეორეც, შესაძლოა მას პოლიტიკაში გამოჩენა ისევ უნდა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ აქციით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდეს.
„შესაძლოა აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს, მაგრამ მისთვის არაფრის მომტანი იქნება. ჯერ ერთი, უნდა გაცხადდეს რა აქციაა. ალბათ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის აქციაა, სხვა რა შეიძლება იყოს. პოლიტიკურად ეს არაფრის მომტანია, მაგრამ თუ მთლიან კონტექსტში შევხედავთ, მხატვრულ იმპროვიზირებულ ღონისძიებას უფრო ჰგავს.
„ვერ გეტყვით თავად რა სურვილები აქვს, მაგრამ ეს აქცია რომ პოლიტიკურად არაფრის მომტანია, ამის თქმა შემიძლია. „საქართველოს მარადისობის დღე" ესეც უფრო პოეტურია ვიდრე პოლიტიკური, ან თუნდაც საზოგადოებრივი," - განაცხადა ძაბირაძემ.