ელზა პაპოშვილი
05.03.2021

გახდება თუ არა პლებისციტი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მოლაპარაკების საგანი? - ამის შესახებ ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ და შესაძლაო მათ შორის დაპირისპირების მიზეზიც კი გახდეს, რადგანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს.  ჯერჯერობით ამის შესახებ ხელისუფლება კონკრეტულ პასუხს არ ამბობს, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფს. 

მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის  მოწოდებამ კი შესაძლოა „ნაციონალებსა“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ბზარები გააჩინოს. „ლელოს“ ლიდერი  მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის პოზიციას არ ეთანხმება. ხაზარაძე პლებისციტს  კრიზისიდან გამოსასვლელ გზად მიიჩნევს. სააკაშვილის პოზიციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც არ იზიარებს. აბაშიძე მესამე პრეზიდენტს ურცევს, რომ კონკრეტულად ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს, ოპოზიციამ პლებისციტზე უარი რატომ უნდა თქვას. 

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ პლებისციტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად არ აწყობს, რადგანაც ოპოზიცია ახლა მოსახლეობის  დიდ ნაწილში პოპულარობით  არ სარგებლობს, ასევე რიგგარეშე არჩევნები მოსახლეობის დაკვეთა არაა, ამიტომაც დიდი შანსია იმის, რომ პლებისციტით პირიქით,  უარესი შედეგი მიიღონ. მოსახლეობა დიდი ალბათობით რიგგარეშე არჩევების დანიშვნაზე უარს იტყვის. ეს მხოლოდ პატარა პარტიებისთვის, შეიძლება კარგი გამოსავალი იყო, რადგანაც ეს საკითხი  პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენონ. „ნაციონალებს“ კი პოლიტიკურ ველზე პატარა პარტიების მოძლიერება არ აწყობს და პლებისციტში საფთხეს ხედავენ. ამიტომაც პატარა პარტიებს ანალიტიკსოები ურჩევენ, რომ ენმ-ისგან დისტანცირება დროზე დაიწყონ. 

„ბატონი სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, პლებისციტი არის ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ. ადამიანებს, ჩვენ მოქალაქეებს ვკითხოთ თავისი მომავლის ბედი. თუ ადამიანებს ვეუბნებით, რომ არჩევანი გააკეთონ, მაშინ რატომ არ ვეკითხებით, გვინდა თუ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022-ში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პროცესი ჩიხშია შესული და ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი არის, რომ სტაბილურად გადავიდეთ განვითარებაზე,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს პოზიციაში ჩამოყალიბდეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები ვერ შეიცვლება ვერც ერთ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ შეუძლია ჩამოყალიბდეს, ცვლის თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ესე იგი, კარგი ყოფილა, ეს ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ. ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გადაწყვეტილებებისთვის. მთავარი ჩვენთვის არის, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმზე უნდა შევთანხმდეთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ელენე ხოშტარიას თქმით, პლებისციტი ოპოზიციის შეჯერებული პოზიციაა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს:

„ამ მოლაპარაკებებში არის თუ არა პლებისციტი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, კი არის, ოღონდ მე ამას ვემხრობი, თუ არ ვემხრობი, ამაზე კი არ არის საუბარი, ეს არის საერთო შეჯერებული პოზიცია ოპოზიციის, რომელიც შეჯერდა მეოთხე რაუნდის შემდეგ, ამაზე აბსოლუტურად ყველა შეჯერდა, როგორც კომპრომისზე. თავის დროზე მე არ ვიყავი ამის დიდი მომწონებელი, მაგრამ რადგან ერთიან პოზიციად ჩამოყალიბდა, ეს ნამდვილად არის გზა რიგგარეშე არჩევნებამდე,  დანარჩენზე სპეკულაციაა საუბარი, იმიტომ, რომ საერთოდ არ დამჯდარა მოლაპარაკებებზე ოცნება," - აღნიშნა ხოშტარიამ. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აწყობს, რომ პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური პარტიები მოძლიერდნენ. ეს არის ამ პარტიის  მთავარი სტრატეგია და უნდათ, რომ ოპოზიციურ ველზე მხოლოდ თავად დომინირებდნენ. აიტომ სწორედ პატარა პარტიების ინტერესში უნდა იყოს,  არა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, არამედ პლებისციტი ჩატარდეს. მისი აზრით, თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა ამავე საარჩევნო სისტემით, ეს პატარა პარტიები პარლამენტში ვეღარ შევლენ.  

 მათ  ამომრჩეველი პარლამენტის  ბოიკოტირებით და „ნაციონალურ მოძრაობასთან“  ალიანსის გამო  უკვე დაკარგეს. ამიტომაც თუ ენმ-ის ჭკუაზე სიარულს განაგრძობენ, ისინი პოლიტიკიურად საბოლოოდ გაკოტრდებიან. სწორედ ეს არის სააკაშვილი მიზანი, რომ მხოლოდ მისი პარტია იყო პოლიტიკური ველზე დომინირებული და არცერთ ამ პატარა პარტიას განვითარების საშუალება არ მისცეს. მან კარგად იცის, რომ თუ ისინი ქუჩაში დარჩებიან პოლიტიკურად დაიწვებიან. 

„რა თქმა უნდა, ზუსტად „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ , „გირჩის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ხელისუფლებასთან პლებისციტის თემაზე შეთანხმდნენ. ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და რეფორმაზე, რაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციითაც არის გათვალისწინებული. ზუსტადაც პატარა პარტიების ინტერესში უნდა იყოს, რომ როგორც საკრებულოებში ასევე პარლამენტში მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეთ. ასე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენისგან თავს თუ გაითავისუფლებენ, პატარა პარტიები ბევრს  მოიგებენ. 

მე ვვარაუდობ, რომ ზუსტად პლებისციტზე და განახლებულ საარჩევნო კოდექსზე მმართველი პარტია და პატარა ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ხოლო რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათთვის ეს საბოლოოდ პოლიტიკური დასამმარება იქნება და ველი, რომ უახლოეს მომავალში ის მარტო დარჩება”, - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პლებისციტის ჩატარება, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგანაც დიდია იმის შანსი, რომ მოსახლეობამ გამოკითხვისას რიგგარეშე არჩევნებზე უარი თქვას. მისი თქმით, ოპოზიცია პოპულარული არ არის და არსებობს იმის დიდი რისკი, რომ პლებისციტი უარყოს. „ოცნება“ კი ყველაფერს გააკეთებს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომ მოსახლეობის განწყობა ნაწილობრივ მაინც შეცვალონ. ხოლო თუ  ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ იმავე დღეს ჩატარებულ პლებისციტშიც გამარჯვებული იქნება. ზაქარეიშვილის აზრით, მოსახლების  დაკვეთა რიგგარეშე არჩვენები არ არის და ამის კითხვა  ყველაზე დიდი შეცდომაა. როგორც ჩანს ამას სააკაშვილი ათვიცნობიერებს  და ამ ფანდის გამოყენებას „ოცნებას“  არ აძლევს. 

„ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული უპირატესობა, რა თქმა უნდა, ავტომატურად პლებისციტში გამარჯვებას ნიშნავს. მოსახლეობის  დიდი ნაწილი „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩვნებში, გზების გაკეთებით, გარკვეული სახის ფულადი დახმარებებით უკვე დაკმაყოფილებული ეყოლება. ამიტომაც წაგების რისკი დიდია. ამას სააკაშვილი კარგად ხედავს. მოსახლეობაში ოპოზიციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ არის. ახლა ოპოზიცია ხელისუფლებაზე ნაკლებ სიტუაციაში არ იმყოფება. მათი ერთიანობა  მუდმივად რისკის ქვეშაა, ამიტომაც რაში სჭირდებათ ეს პლებისციტი, ვერ ვხვდები. თითქმის  წინასწარ განსაზღვრულია, რომ პლებისციტი ოპოზიციის წაინააღმდეგ იმუშავებს. თუკი ხალხი აქაც უარს გეუბნება, ეს უკვე განადგურებას ნიშნავს. მომავალი საპარლამენტო თუ რიგგარეშე არჩევნებისთვის (თუ დაინიშნა), ეს ჩავარდნილი პლებისციტი მუდმივად თან გაჰყვებათ. ხალხმა თუ პლებისციტზეც კი უარი გითხრა, მაშინ პრეტენზია რაღაზე შეიძლება გქონდეს?!“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, პლებისციტი პატარა პარტიებს მხოლოდ იმისთვის აწყობს, თუ კი ისინი ამის პარალელურად პარლამენტში შევლენ და ამის გასამართლებლად გამოიყენებენ. სხვაგვარად პლებისციტს მათთვისაც რა დატვირთვა აქვს, გაუგებარია. თუკი ეს თემა ოპოზიციის გაყოფის მიზეზი გახდება და ნაწილი პარლამენტში შევა, „ნაციოანლები“ მათ მუდმივად  ივანიშვილზე მიყიდულებად მოიხსენიებს. მაშინ ის პატარა პარტიებს ურჩევს, რომ „ნაციოანლებისგან“ დისტანცირება დაიწყონ და პლებისციტი პარალმენტში შესვლის საბაბად გამოიყენონ. სხვაგვარად მათი პოლიტკური მომავალი საეჭვოა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×