
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობით კომპრომისულ ვერსიაზე შეთანხმების მიღწევის ვადა 16 მარტს იწურება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რაზე შეჯერდებიან მხარეები ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე? ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, გარდა ვადამდელი არჩევნებისა შეთანხმება ყველა საკითხზე შეიძლება.
რა იმიჯით წარდგება საქართველო პარტნიორების წინაშე, ექსპერტი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც იქნება.
„როცა შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა, რატომღაც ისე იყო წარმოჩინებული მისი ვიზიტი, რომ ამ 6-პუნქტიან ჩამონათვალზე მხოლოდ ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ არის რაღაც, რაზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას და ხელისუფლება ამ საკითხებს ოპოზიციის გარეშე ვერ გადაწყვეტს.
კონტრპროდუქტიულია, ვადამდელი არჩევნები მიაბან ყველა დარჩენილ საკითხს, რაც თავად ოპოზიციას დააზარალებს. შეიძლება მათ ეს არ ესმით, ისე არიან გართული თავიანთი რადიკალური დღის წესრიგით, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ ჩვენი პარტნიორების სამრეკლოდანაც და ამაზე დაუთანხმებლობა თვითონ უარის მთქმელს აყენებს არახელსაყრელ პოზიციაში საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობ, რომ იმ თემებიდან, რაც არის ჩამოთვლილი, შეთანხმება შეიძლება ყველაფერზე, გარდა ვადამდელი არჩევნებისა. როგორი იმიჯით წარდგება საქართველო ჩვენი პარტნიორების წინაშე, ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. ხელისუფლებას შეუძლია, თქვას ბრიუსელის შეხვედრაზე, რომ მე შევთავაზე, რაც შესაძლებლობის ფარგლებში იყო, მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ წამოვიდა," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.