ელზა პაპოშვილი
02.03.2021

6 პუნქტიანი გეგმა და 2 კვირიანი ვადა - საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლიტკური კრიზისიდან გამოსავალი  ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მოთხოვნით, რაც შეიძლება მალე უნდა მოძებნოს. თუმცა, შეხვედრიდან მეორე დღეს ორივე მხარემ ისევ წითელი ხაზები გაავლო. ოპოზიცია ამბობს, რომ  რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კვლავ  მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს, ხოლო ხელისუფლება  კატეგორიულად აცხადებს, რომ ამ საკითხს არც კი განიხილავს. 

თუმცა მოლაპარების დროს, რომელიც უკვე მედიაციის  რეჟიმშია  გადასული, სავარაუდო შეთანხმების პირობებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაადგენს. რა პირობები იქნება ეს და დასთანხმდებიან თუ არ მხარეები ამ შემოთავაზებას, უცნობია, რადგანაც „რეზონანსთან“ ორივე მხარე ისევ საკუთარ პირობებს აყენებს. 

ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისზე  წავიდნენ და ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება მოითხოვონ. მმართველი პარტია კი ამ პირობაზეც უკვე უარს აცხადებს და ამბობენ, რომ პლებისციტის ჩატარების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.  

შარლ მიშელის 6 პუნქტი

„რადიო თავისუფლება“ ექსკლუზიურად ავრცელებს იმ 6 პუნქტიან დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილია საკითხები, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი და რაზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. გამოცემის ცნობით, ეს პუნქტებია: 

1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;

2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;

3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;

4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის და პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;

5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობირივი არჩევნებისთვის;

6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე. 

ხელისუფლება რიტორიკას ცვლის და ოპოზიცია - აქტიების ფორმატს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრიდან მეორე დღე  განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკითხი წითელი ხაზია.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სამშაბათს ოპოზიციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შეხვედრაზე დაგეგმილი აქციების მოდიფიკაციაზე შეთანხმდნენ. საუბარი ასევე პრემიერის განცხადებასაც შეეხო. დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერის რიტორიკა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს. 

„ამ შეხვედარზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიყენებს. ამიტომ აქციების მოდიფიკაციაზე ვისაუბრეთ და მის ფორმებზე ვიმსჯელეთ. 

„ჩვენ, ჯერჯერობით, „ქართული ოცნებისგან“ არ გვაქვს არავითარი წინგადმოდგმული ნაბიჯი, გარდა დღევანდელი განცხადებისა, რომელიც არ იყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ხელშემწყობი და პირიქით, ისევ სიტუაციის დაძაბვას ხელს უწყობს. 

„როგორც ვიცი, გუშინ შეხვედრაზე ღარიბაშვილს რიგაგრეშე არჩევნების არდანიშვნაზე ასე კატეგორიულად არ უსაუბრია და დღეს რიტორიკა ისევ შეცვალა. ეს კი იმ მოლოდინის ადეკვატური არ არის, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ, რაც აზიანებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას და დილოგს ისევ ჩიხში შეიყვანს. ღარიბაშვილმა ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში ვერაფერს ვერ ჩაიტანს. ჯობია დროზე ჩამოყალიბდნენ რაზე უნდა ვისაუბროთ“, - აცხადებს დეკანოიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, კონკრეტულ შედეგებს, პირველ რიგში,  ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ევოკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის. ეს კონკრეტული შედეგები არის ვადამდელი არჩევნები, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ის საკითხები, რომელიც იყო ჩარჩო-შეთანხმებაში. ხოლო  თუ ხელისუფლება არ დათანხმდება კონკრეტულ შედეგებსა და კომპრომისს, ეს იქნება ძალიან მძიმე გზა „ქართული ოცნებისთვის“ . 

რაც შეეხება იმას, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში თუკი მიშელის ასეთი შემოთავაზება იქნება, დეკანოიძე ამბობს, რომ ხსენებულ პუნქტებში მსგავსი არაფერი წერია და ძირითადი პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომაც ოპოზიცია ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. 

დეკანოიძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილმა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიარა, რის შემდეგაც რიტორიკა ისევ შეცვალა.  

„ოცნება“ პლებისციტსაც უარყოფს 

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პლებისციტი ამ შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი დატვირთვის მატარებელი არ არის. 

„ყველა ადამიანი, რომელიც პლებისციტში მონაწილეობას მიიღებს, კითხვაზე - გაყალბდა თუ არა არჩევნები - პირადი განცდებიდან გამომდინარე გასცემს პასუხს. ამიტომ ეს არის განცდების საკითხი და არა გამოძიების შემდეგად მიღებული პასუხი. პლებისციტი ვერ გახდება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. 

„ასევე ოპოზიციის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ასეთ  გადაწყვეტილებებს სამართლებრივი ბაზა უნდა გვიმაგრებდეს.

„ოპოზიციას ამიტომ შევთავაზეთ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობით დაამტკიცონ, რომ არჩევნების 1%-ით მაინც გაყალბდა. თუ ასეთი გადახრა მაინც იქნება, ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და  რიგგარეშე არჩევნებს ვნიშნავთ. ეს არის სამართლებრივი საფუძველი და მაღალი დონის მედიტორებთანაც ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ თუ წავალთ მხოლოდ იმ გზით, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მოსაზრების  ფონზე არჩევნები დავნიშნოთ, ეს ვერ გამოვა“, -ამბობს ქადაგიშვილი „რეზონანსთან“  

მისივე თქმით, თუკი კონსტიტუციის ფარგლებში რაღაც საკითხების გადაწყვეტა გვინდა, პარლამენტს ვერ ავცდებით. თუკი ისევ იმ გზით ვივლით - დღეს რამდენი კარავი დავდგით  და  ხვალ ქუჩაში რამდენ კაცს გამოვიყვანთ - ეს ისევ ძველ დროში დაბრუნებას ნიშნავს და წინ ვერასდროს წავალთ. ამიტომ, ქადაგიშვილის აზრით, ისეთი სამართლებრივი მექანიზმები უნდ გამოიძებნოს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გარკვეული იურდიულ საფუძვლებზე დამყარებული გადაწყეტილება იყოს.  

რა იქნება ორი კვირის შემდეგ

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი  კი ფიქრობს, რომ თუ კი ევროსაბჭოს პრეზიდენტის მოწოდებებს და შეთავაზებას არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ დათანხმდება, ისევ იგივე დღის წესრიგი გვექნება - სიჯიუტე ორივე მხრიდან და ჩიხში შეყვანილი პოლიტიკური სიტუაცია. მისი თქმით, „ოცნებას“ დღის წესრიგს ოპოზიცია უდგენს და ხელისუფლებას ჭკუა არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მათ ჭკუაზე არ იაროს.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულ პლებისციტს, რომელიც შეიძლება თვითმართველობის  არჩევნების  დროს ჩატარდეს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის სისულელე, რადგანაც აქ წაგებული ოპოზიცია აღმოჩნდება. ხალხი ოპოზიციის მიმართ სიმპატიებით არ არის განწყობილი და არც რიგგარეშე არჩევნები არ არის მათი დაკვეთა. ამიტომაც ისევ ხელისუფლება იქნება მოგებული. 

„ოპოზიცია „ოცნებით“ კარგად მანიპულირებს. ხელისუფლება კი იმდენს ვერ ხვდება, რომ ოპოზიციის მინუსები მის უპასუხისმგებლობას არ ხსნის. თუკი არცერთი მხარე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებებს არ დათანხმდებიან, მაშინ ქვეყანაში იგივე პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება. ეს  კი მხოლოდ ხალხს და ქვეყანას აზიანებს.  

„ევროკავშირი მაინც დაინახავს, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულია. პლებისციტს რაც შეეხება, არ მესმისს ეს ოპოზიციას რაში  უნდა აწყობდეს. დავიწყოთ იქიდან, რომ საზოგადოებაში ოპოზიცია პოპულარული არაა; მერე მეორე - ეს ალბათ ადგილობრივი არჩევნების დროს ჩატარდება, როცა ხელისუფლება საზოგადოების გულის  მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ ეს უფრო ხელისუფლებას აწყობს და მოგებული ისევ ის დარჩება. ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, ადგილობრივ არჩევნებამდე ისე მივიდეს, რომ არანაირი პოლიტიკური ღონისძიება არ ჩატარდეს“, - აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება თვითმართველობის არჩევნებისთვის ბევრ ფულს დახარჯავს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ხალხის ნაწილის გულს მოიგებს. ამის პარალელურად კი პლებისციტის დაპირებით პოლიტკური აქტივობა ჩაცხრება. ხელისუფლება კი თვითმართველობის მოგებასთან ერთად, პლებისციტის გამოკითხვაშიც მოგებული იქნება. ამიტომ ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან თავშივე წაგებულია. 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს კარგად ჩააბარებს,  მას პირიქით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარება გაუხარდება კიდეც. ამიტომ წესით ამ დათმობაზე წასვლა უნდა აწყობდეს. 

მისი აზრით, პლებისციტი გამოსავალი მხოლოდ პატარა პარტიებისთვის იქნება, რომელთაც, ჯერ ერთი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მოსწყინდათ და მეორეც - რომც დანიშნოს, ისინი პარალმენტში ვეღარ შევლენ. ამიტომ, თუ დროზე არ მიხვდნენ „ნაციონალების“ რელურა მიზნებს, ისინი თვითგანადგურების  გზას ადგებიან. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×