თამთა ჩაჩანიძე
01.03.2021

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტმა პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა საქართველოში - იგი აღმოჩნდა პირველი დიპლომატი, რომელმაც ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დიდი ხნის შესვენების შემდეგ დასვა. მისი მედიაციით პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი შეადგინეს, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება.

16 მარტს კი ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება რა დროისთვისაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკითხის ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ გადაწყვეტა უნდა მოახერხონ.

მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი მესიჯი ხალხის ინტერესების დაცვა იყო.

„ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ 19, უსაფრთხოება, სტაბილურობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს.

"ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო - „კი". ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას," - განაცხადა შარლ მიშელმა.

„კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე.

"პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი. ეს დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე", - განაცხადა „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრიდან გამოსვლისას.

როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა, დიალოგი კი გაგრძელდება.

„ბატონი შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული ჩვენი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა, დიალოგი გავმართეთ, მთელ რიგ საკითხებზე და იმ განსხვავებებზე ვიმსჯელეთ, რომელიც ოპოზიციას და ჩვენ მმართველ პარტიას გვაქვს, ბუნებრივია გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები გავქვს, რომელზეც ჩვენ ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება გვაქვს, ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები მოვისმინე, მე მათ პასუხი გავეცი.

„ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, რა თქმა უნდა პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაცხიები მექნება, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებას ამის თაობაზე ჩვენს პოზიციას ვაცნობებთ, ევროპის საბჭოს პერეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია რჩება ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად რაც შეიძლება მოკლე დროში საერთო ენა გამოვნახოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს საუკეთესოდ ემსახურება,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

„იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ დავჯექით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება და სანამ პირველ საკითხად არ დადგება ახალი არჩევნები. ამის გარეშე პროგრესზე ოცნება გამორიცხული იქნება.

„შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღავნელს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი აჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

31 ოქტომრის არჩევნებზე ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგის ისტორიაში პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ შეხვედრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მზადყოფნა გამოთქვა, რომ მიშელის წინადადებას დათანხმებოდა და ოპოზიციის შეხვედრას დასწებოდა.

შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენთან,საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელთან და პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ასევე სრული ოპოზიციური სპექტრი ესწრებოდა, „ნაციონალური მოძრაობიდან" სალომე სამადაშვილი, აკაკი მინაშვილი, „ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი,"მოქალაქეებიდან" ალეკო ელისაშვილი, „ლელოდან" მამუკა ხაზარაძე, „ლეიბორისტებიდან" შალვა ნათელაშვილი, „გირჩი-მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძე,

პრეზიდენტის სასახლეში „გირჩის" ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი მივიდა, თუმცა შეხვედრაზე არ შეუშვეს.

ოპოზიციის მოთხოვნები ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა, აცხადებდნენ, რომ დათმობის ფარგლებში მზად არიან, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე პლებისციტი ჩატარდეს, თუმცა ეს ირმა ინაშვილისთვის მიუღებელია.

მანამდე შარლ მიშელი აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერ-მნინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენებს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×