თამთა ჩაჩანიძე
11.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ დრომდე აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის და არც არავის აქვს უფლება, რომ მის მაგივრად გადაიხადოს, „ქართული ოცნების" პოზიცია კი ასეთია, რომ მელიამ დაკისრებული გირაო უნდა გადაიხადოს, რადგან კანონი ყველასთვის თანაბარია.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის" სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა გასული წლის პირველ ნოემბერს აქციაზე მელიამ ეს სამაჯური მოიხსნა, სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

„1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს.

სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ. მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ...ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია! მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ „სამართლებრივ" ლაბირინთებში შეყოლას მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ვარ მართალი და ვიცი, რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!"- წერს მელია ფეისბუქზე.

„ქართული ოცნების" პოზიცია კი ასეთია, რომ თანამდებობის მოიუხედავად არცერთ ადამიანს, უფლება არ აქვს, რომ პროკურატურის და სასამართლოს მიერ დაწესებული სანქცია უგულებელჰყოს.

„კანონი ყველასთვის არის თანაბრად განაწილებული და ყველა უნდა აგოს საკუთარ ქმედებებზე პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობს პროცედურები. ნიკა მელიას გადაწყვეტილებები იქნება ავტორი მის მიმართ განხორციელებული პროცესებისა.

არ აქვს უფლება არავის, თავი აარიდოს პროკურატურის მოთხოვნას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუკი ნიკა მელია არ გადაიხდის იმ თანხას, რაც გირაოს სახით არის დაწესებული, ამოქმედდება ის მექანიზმები, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში და რეგლამენტში," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

ამ წუთას, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ მის ხელშია. უპირველესად მისი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება," - ამის შესახებ კი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ის ვალდებულებები, რომელიც შესაბამისი აქტებითაა გათვალისწინებული, სავარაუდოდ, პარლამენტს ამ საკითხების ირგვლივ მსჯელობა მოუწევს.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შერჩევის საკითხი ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ეს არის თავად ნიკანორ მელია. სასამართლომ განსაჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი, საპატიმრო იქნება გამოყენებული თუ არასაპატიმრო და გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს არასაპატიმრო და მიანიჭა გირაოს შესაძლებლობა. არ მგონია, რომ თანმიმდევრული იყის ლოგიკა, რომელსაც გვთავაზობს ნიკანორ მელია.

„თუ ვინმე თვლის, რომ მას აქვს ისეთი პრივილეგია, რომ მართლმსაჯულება საერთოდ სხვანაირად უნდა იყოს გათვალისწინებული მასთან მიმართებაში, ეს მისი პრობლემაა და არა მართლმსაჯულების. სახელმწიფოში, სადაც მოქმედებს სამართალი, ვინმე აძლევდეს თავს უფლებას, რომ საკუთარი შეხედულებრისამებრ განსაზღვროს ეს სამართალი, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ერთადერთი პირი, ვისაც გადაწყვეტილება ეკუთვნის, მოხვდეს თუ არა პატიმრობაში, ეს არის თავად ნიკანორ მელია. ამ დროს მთელი შემდგომი მსჯელობა აზრს კარგავს",- განაცხადა სარჯველაძემ.

„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ გირაოს არგადახდა პროკურატურის გამოწვევაა.

„ესაა უწინარესად სახელმწიფო ინსტიტუტების, პროკურატურის გამოწვევა და პროვოცირება. სარგებლობს რა, რომ ის ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ფიქრობს, რომ ინდულგენცია ეკუთვნის და მის მიმართ სამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

პოლიტიკაში ასეთი რამ არსებობს, თუ პოლიტიკოსი დანაშაულს ჩაიდენს, ის პოლიტპატიმარი არაა, მაგრამ თუ ის მისი აზრების გამოხატვის და მსოფლმხედველობის გამო დაიჭირეს, მაშინაა პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ის, რომ პარლამენტზე შტურმი მიიტანო და იქ მოუწოდო ხალხს, რომ შევარდნენ და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს პოლიტპატიმრობა კი არა წმინდა წყლის მძიმე დანაშაულია, ამისთვის მან სხვებთან ერთად პასუხი უნდა აგოს.

„არაა გამორიცხული, რომ ეს (მელიას დაჭერა) „ნაციონალურ მოძრაობამ" კარგ საბაბად გამოიყენოს, რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატაროს, შეიძლება მთელი საქართველოს მობილიზებით ერთი-ორი რამდენიმე ათასიანიც იყოს, ისინი ტელეეტერებში და საელჩოებში სირბილს დაიწყებენ და ეცდებიან, რომ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადონ, მაგრამ ვერ გამოცხადდება, რადგან მის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა, რომ ის პარლამენტზე თავდასხმას აპირებდა."- განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×