საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ფანტაზიას უწოდებს ინფორმაციას, რომ პატრიარქის გადაყენებაზე იმსჯელებენ
ელზა პაპოშვილი
08.02.2021

საგანგებოდ ჩანიშნული წმინდა სინოდის სხდომა და გაურკვევლობა - რა თემებს განიხილავენ  მომავალ სხდომაზე, დეტალებზე საუბარს ყველა თავს არიდებს და ამბობენ, რომ ამის შესახებ საუბარი არ სურთ.   

სხვადასხვა წყარო კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.  ერთი ვერსიით, შეხვედრაზე ეპისკოპოსების გარეშე დარჩენილი ეპარქიების ახალ მმართველებს დაასახელებენ. მეორეე ვერსიით კი დღის წესრიგში პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი დადგება. ასევე არაა გამორიცხული, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხზეც იმსჯელონ. 

ვის წარადგენს ილია მეორე  ეპისკოპოსების თანამდებობაზე, უცნობია. თუმცა, თეოლოგები ამბობენ, რომ მიტროპოლიტი შიოს ფრთა საპატრიარქოში ძლიერდება.  თეოლოგები და სასულიერო პირები საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ.

ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”, - წერს ჯაღმაიძე.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პატრიაქრის გადაყენება იგეგმება. 

“კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში",-წერია განცხადებაში. 

თავის მხრივ, თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქოზე რუსული გავლენები იზრდება, ამ პირობებში კი ილია მეორის გადაყენება და მეუფე შიოს დაჩქარებული წესით აღსაყდრებაა დაგეგმილი. 

მღველმონაზონ ანდრიას (სარია ) „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა, საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეეხოს, თუმცა, მისი აზრით, საპატრიარქოს ინტერესებში არ შედის დაკავებული დეკანოზის გათავისუფლება. ნარსია პატრიარქის ხასიათიდან გამომდინარე მის გადადგომას არ მოელის, თუმცა ამბობს, რომ მოსაყდრე შიოს დაჯგუფებას ამის დიდი სურვილი აქვს და პატრიარქზე  ზეწოლას არ გამორიცხავს. მღვდელმონაზონი ანდრია ასევე ელის, რომ მსჯელობის საკითხი მისი და მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაანკვეთა იქნება. 

„იმაზე საუბარი სინოდის სხდომაზე რა საკითხებს გამოიტანენ განსახილველად, რთულია. თუმცა გამორიცხული არაფერია და არც გამიკვირდება, რომ საუბარი იყოს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი და მეუფე პეტრეს ეკლესიდან განკვეთის თემაზეც ისუაბრონ. 

“რაც შეეხება მამა გიორგის ციხიდან გამოშვების საკითხს, არ ველი რომ ამაზე საბარი იქნება, რადგანაც მისი ციხეში ყოფნა ყველაზე მეტად აწყობთ. მანამდე იქნება ის ციხეში, ვიდრე ეპისკოპოსები და საპატრიარქოს ეს ადმინისტრაცია მისი დუმილის გარანტიებს არ მიიღებს. ვინც არ უნდა დააწინაურონ, ყველა მათგანს შორენა თეთრუაშვილის ბეჭედი ექნება.  

“რაც შეეხება პატრიარქის გადაყენებას, ეს ორი მიზეზით ხდება. პირველი ესაა, როდესაც გადადგომის  გადაწყვეტილებას თავდ პატრიარქი იღებს და მეორე, რასაც კომპრომატები ამბობენ. ანუ, მას თუ ის ბრალდებები დაუმტკიცდება, რაც მეუფე პეტრემ წაუყენა. თუმცა იძულების წესით ამის გაკეთება ვინმემ აიძულოს დაუშვებელია. 

“საუბარი იმაზე, რომ რუსეთის  ინტერესებშია ახლა მისი გადაყენება მე ლოგიკურად არ მიმაჩნია. მათთვის  ახლა რა მნიშვნელობა აქვს სათვეში ვინ იქნება. პატრიარქის მხრიდან რამე პრინციპული განცხადება გახსენდებათ? რუსეთთან მიმართებაში არანაირ  განცხადებებს არ აკეთებს. იგივე ზაზა გახელაძის დაკავებას, საპატრიარქო ეხმაურება? ამიტომაც მათი პოლიტიკა საქართველოს ეკლესიაში ისედაც ტარდება. როცა საქმე დავით გარეჯს შეეხო, მთელი სინოდი და ეპისკოპოსები გადმოლაგდნენ და ეკითხებოდნენ თუ არა მაინც  ლაპარაკობდნენ“,-აცხადებს  მამა ადრია (სარია) 

მისივე თქმით, სინოდის სხდომის ჩანიშვნა საზოგადოების რეაქციის მოსინჯვაა. მამა ანდრია ფიქრობს, რომ თუ კი პატრიარქის გადაყენების თემას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვება, მაშინ ეს საკითხი დროებით გადაიწევს. 

მისი აზრით, ახლა საპატრიაქროს ეშინია ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები როგორ განვითარდება და ამიტომაც ჩქარობენ, რომ ახლა ის კანდიდატი გაიყვანონ, რომელიც მათ და რუსეთს უნდათ. მამა ანდრია ვარაუდობს, რომ შესაძლოა  ეს სინოდის სხდომა რეპეტიცია იყოს და ის კანდიდატები ვისაც აირჩევენ საზოგადოება მოამზადონ, რომ რომელიმე მათგანი პატრიარქს ჩაანაცვლებს.  

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე  კი აცხადებს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, პატრიარქად საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. თორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებს, თუკი ეს რეალურად ასე მოხდება, რომ პატრიარქმა ჯერ მისი ძმის წინაშე ჩადენილი დანაშაული შეინანოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგეს.

"რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, თავისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ დააყენოს და თავისი ბერკეტები გააძლიეროს, მაგრამ თუ კი ეს ასე მოხდება, მე კათოლიკოს პატრიარქს მოვუწოდებ, რომ მან შეინანოს ის დანაშაული, მაგალითად, ჩემი ძმის მიმართ, რომელიც უკანონოდ გამოკეტა საპატიმროში, შეინანოს და თუ სურთ, რომ გადადგეს, ამის შემდეგ გადადგეს.

ფორმალურ წევრებს მოვუწოდებ, რომლებიც პირად საუბრებში აღიარებენ, რა მძიმე დანაშაულებები ხდება, მოვუწოდებ ამ ადამიანებს ხმა ამოიღონ," - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×