თამთა ჩაჩანიძე
07.02.2021

რატომაა მნიშვნელოვანი "კომენდანტის საათის" არსებობა და აქვს თუ არა მას რეალური დადებითი ზეგავლენა პანდემიის საერთო სურათზე იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე „მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ „კომენდანტის საათმა" ღამის 12:00 საათზე გადაიწია, მობილობას არ შეამცირებს და 23:00 საათზეც ისეთივე მდგომარეობა იქნება, როგორიც ახლა 20:00 საათზეა.

ამბობს, რომ სანამ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება, საზოგადოებას გაურკვეველ პირობებში მოუწევს ცხოვრება.

„სანამ ვაქცინაციას მასობრივად არ ჩავატარებთ, სამწუხაროდ, ასეთ გაურკვეველ პირობებში ცხოვრება მოგვიწევს. ვაქცინაცია კი ერთადერთი გზაა, რომ ამ დამანგრეველ შეზღუდვებს თავი დავაღწიოთ.

„როგორც პანდემიამდე ვიყავით, ჩვეულებრივი ცხოვრების წესის ნაწილია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს, ალკოჰოლის მიღება, მერე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა და ა.შ. ის, რაც ხდება ხოლმე, ადამიანების კონტაქტები ხშირად ცხრა საათის შემდეგ დგება ხოლმე.

„ახლა სადმე სტუმრად წავლა-წამოსვლა 9 საათის შემდეგ შეზღუდულია, ესაა მთავარი, თორემ ის კი არა, რომ ზოგიერთები რომ ბრძანებენ, თითქოს ცხრა საათის შემდეგ ვირუსი უფრო ვრცელდება. ეს კონკრეტულ გამოცდილებებზე დაყრდობით ხდება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შეზღუდვის ერთ-ერთი ზომა მთელ მსოფლიოშია. ეს, ამ შემთხვევაში, მობილობას ამცირებს, ეს ამის პირდაპირი შედეგია.

„მაგრამ არ ვიცი, „სტრატეგია აღმაშენებელი" რის საფუძველზე ასკვნის ამას და რა მტკიცებულება აქვს ისეთი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, ეს არსებული ზომა მობილობას ზრდის. გასაგებია, რომ დღის განმავლობაში მოძრაობენ და 8 საათზე და იმ მომენტში მოძრაობა ინტენსიურია, როცა ადამიანებს სახლებში დაბრუნება ეჩქარებათ, მაგრამ იმ შემთხევაში, თუ „კომენდანტის საათი" ღამის 12 საათზე დაწესდა, 11 საათზე ისეთივე მოძრაობა იქნება და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება.

„კომენდანტის საათის" ერთი საათით გადაწევ-გადმოწევას მობილობის კუთხით რა შედეგი ექნება, ამაზე ვერ ვიმსჯელებ, იმიტომ, რომ ამისი მონაცემები არ მაქვს, თუ „სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს, შეუძლიათ, მათ იმსჯელონ", - განაცხადა მან.

იგი შაბათის „დაუმორჩილებლობის" აქცია-მსვლელობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პანდემიისგან დაღლილობის შედეგია, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია.

„ეს კოვიდ-19-ით დაღლილობის ნიშანი უფროა, რაც მთელ მსოფლიოში ობიექტური ფენომენია. ადამიანებისაც მესმის, ვისი შემოსავალიც ამ ყველაფერზეა დამოკიდებული.

"მეორე მხარეს ძალიან დიდი საფრთხე გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ახლა ჩვენ გეგმაზომიერი ქმედებების გარეშე წინ წავედით და ისე გავხსენით ეკონომიკა, როგორც შარშან შემოდგომით იყო, შეიძლება, იგივე სურათი მივიღოთ, როგორიც ნოემბერ-დეკემბერში, როცა 5-6 ათასი ინფიცირების ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და რამდენიმე ათეული დაღუპული გვყავდა. ეს უდიდესი საფრთხეა.

„მე, მაგალითად, მხარს დავუჭერდი იმას, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების შესაბამისად გახსნა მომხდარიყო, თუნდაც მოკლე სეზონით, ოღონდ ეს სამასპინძლო ბიზნესის გააქტიურების გარეშე იყოს, რა დროსაც ინფექციის გადადებისა და გავრცელების ძალიან დიდი საფრთხეა. როგორც ვთქვათ ავსტრიაშია, იქ საბაგიროები მუშაობს, მაგრამ არ მუშაობს კაფეები და რესტორნები.

„რაც შეეხება დახურულ სივრცეს, მე არ დავუჭერდი მხარს, რომ ამ ტიპის ობიექტები გაიხსნას, იმიტომ, რომ ეს ყველაზე უფრო დიდი საფრთხეა. მთელ მსოფლიოში ვირუსის გადაცემა სწორედ დახურულ სივრცეში ხდება.

"იქ, რაც არ უნდა რეგულაციები დაიცვა, ვირუსის გადადებისგან თავის დაცვა შეუძლებელია იმიტომ, რომ რესტორნებსა და კაფეებში ჭამის დროს პირბადეს ვერ გაიკეთებ და ფანჯრები რაც არ უნდა გამოაღო, რისკი მაინც ძალიან მაღალია, თან როცა დახურულ სივრცეში 15 წუთზე მეტხანს ხარ.

„დანარჩენთან დაკავშირებით, მაგალითად, ტრანსპორტში ადამიანების კონტროლი, აქ მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული, რომ თუ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილობის რაოდენობა რაღაც ნიშნულზე ავიდა და ერთი კვირის განმავლობაში ეს მომატება შენარჩუნდა, მაშინ ისინიც უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ შესაძლოა, შეზღუვებს ისევ დაუბრუნდნენ. ასეთი ტიპის გეგმა რომ იყოს, რა თქმა უნდა, სასურველია", - აცხადებს ექსპერტი.

ამბობს, რომ სანამ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება, საზოგადოებას გაურკვეველ პირობებში მოუწევს ცხოვრება.

„დანარჩენ შემთხვევაში კი, სანამ ვაქცინაციას მასობრივად არ ჩავატარებთ, სამწუხაროდ, ასეთ გაურკვეველ პირობებში ცხოვრება მოგვიწევს, ვაქცინაცია კი ერთადერთი გზაა, რომ ამ დამანგრეველ შეზღუდვებს თავი დავაღწიოთ. ამ ადამიანების კარგად მესმის, უბრალოდ, თუ ჩვენ ეს ყველაფერი მკაფიო გეგმისა და სიფრთხილის გარეშე გვაკეთეთ, შესაძლოა, გაცილებით უარესი ეპიდსიტუაცია მივიღოთ.

„მითუმეტეს, როდესაც ახლა მთელ მსოფლიოში ახალი შტამები ვრცელდება, რაზეც მაღალი ხარისხის მტკიცებულებებია, რომ უფრო ადვილად გავრცელებადია, ჩვენთან შედარებით უფრო მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი უფრო ადვილად ვრცელდება და გადადების პროცენტი ძალიან მაღალია.

„ასე რომ, მოსალოდნელია, ეს შტამები ჩვენთანაც შემოვიდეს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ვირუსს საზღვრები ვერ აკავებს, შესაბამისად, საფრთხე, რომ ეპიდვითარება უფრო გართულდეს, კიდევ უფრო მეტი იქნება", - განაცხადა ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×