
აშშ-ის ახალი პრეზინდეტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააქტიურდა. კეთდება მნიშვნელოვანი განცხადებები და იკვეთება რადიკალური პოზიციები აშშ-ის მხრიდან რუსეთის მისამართით. ჩნდება ვარაუდიც, რომ შეერთებული შტატები საფუძვლიანად შეცვლის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას და განამტკიცებს დასავლეთის პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით.
არის თუ არა მოსალონდელი, რომ ბაიდენი რადიკალურად შეცვლის ტრამპის საგარეო პოლიტიკას, „რეზონანსს" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კორნელი კაკაჩია ესაუბრა. მისი თქმით მოსალოდნელია, რომ ბაიდენმა მისი წინაბორბედის, ტრამპის პოლიტიკა შეცვალოს და საკუთარი პოზიციები მსოფლიო მასშტაბით განამტკიცოს.
„მოსალოდნელი იყო, რომ ჯო ბაიდენი ტრამპის პოლიტიკას შეცვლიდა. ეს ყველაფერი შეინიშნებოდა წინასაარჩევნო სტრატეგიებში, რომელიც ბაიდენის ჯგუფის მიერ გამოქვეყნდა. აღნიშნული დაადასტურა აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმაც, როდესაც თქვა, რომ დიდი ცვლილებები მოხდება საგარეო პოლიტიკაში, განსაკურებით გაძლიერდება ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ასევე თავიანთ მოკავშირეებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან იქნება მუდმივი კომუნიკაცია და მხარდაჭერა მისი მხრიდან.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სატელეფონო საუბრის თემებიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ მეტი ყურადღება იქნება მომართული და შესაბამისად უფრო მეტ მხარდაჭერასაც უნდა ველოდოთ.
„არსებობს მოლოდინიც და ამბიციაც იმისა, რომ აშშ შეეცდება დასავლური სამყაროს ფლაგმანის პოზიციების დაბრუნებას. თავის გამოსვლაში ბაიდენმა გარკვევით თქვა, რომ ამერიკა ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიდენს აქვს ამბიცია გახდეს თავისუფალი სამყაროს ლიდერი, რომლის როლიც ბოლო პერიოდში საკმაოდ დაკნინებული იყო.
„ასევე, იდენტიფიცირებულია მოწინააღმდეგეები რუსეთისა და ჩინეთის სახით და აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები შეეცდება თავისი მოკავშირეების დარაზმვას ამ საერთო მიზნებისათვის, რომ ისევ შედგეს დასავლურ ღირებულებებზე დამყარებული ერთობის განმტკიცება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს შედარებით მორყეული იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი და შეგრძნება არსებობს.
„რაც შეეხება რუსეთს, მას გარკვეულწილად მოუწევს თავისი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ნორმების გადახედვა და მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. თუ იქამდე რუსეთმა იცოდა, რომ მის ქმედებებს პასუხები არ მოჰყვებოდა, ახლა ეს ასე აღარ იქნება, ამიტომ უნდა ველოდოთ გაარკვეულ ცვლილებებს.
"თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი. მას ხშირად უბრალოდ მოწოდებები არ აშინებს, ამიტომ პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამტკიცოს ქმედებით, რომ განცხადებებს რომელსაც აკეთებს რუსეთის მისამართით, სიმართლეს შეესაბამება,"- ამბობს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორისკი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც, ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოწია. აღნიშნული საუბრის დროს საკითხი ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებაც იყო,- ამაზე ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას კი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა.
„ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში. დამთავრდა დრო, როცა აშშ არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერშეტევებს, რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენი ინტერესებისა და ხალხის დასაცავად უყოყმანოდ ვიმოქმედებთ,"- განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენმა რუსეთის ხელისუფლებას, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწდა.
„ალექსეი ნავალნი კორუფციის ფაქტების გამჟღავნების გამო გახდა სამიზნე. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,"- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.