თამთა ჩაჩანიძე
05.02.2021

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოფიციალური თბილისი მომხდარს გმობს და მიიჩნევს, რომ გახელაძის დაპატიმრებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, სამინისტრო შიდა და საერთაშორისო რესურსებით ინტენსიურად იმუშავებს, რათა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოაქლაქეები გათავისუფლდნენ.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს," - განაცხადა ახვლედიანმა.

თავად გახელაძის მეუღლე „რუსთავი 2"-თან აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ოჯახთან დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იმყოფებოდა.

კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „ძალიან უცნაურია".

„ბოლო ორი საქმე ძალიან უცნაურია, ერთი აფხაზეთის მიმართულებით, ბებუამ ვითომ დროშა რომ დაწვა და ცხრა წელი მიუსაჯეს და გახელაძის 12 წელი აშკარად მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია, რა თქმა უნდა ამათი უცებ გათავისუფლება არ გამოვიდოდა, მაგრამ შეიძლებოდა კარგი ადვოკატებით ემუშავათ. რასაც ჩვენ „ქართული ოცნების" კოალიციის დროს ვაკეთებდით, როცა ვცდილობდით, რომ ოჯახებს დავხმარებოდით და დაფინანსების უამრავი მექანიზმები არსებობდა, რომ ადვოკატები აეყვანათ, ასეთი საქმეები სადღაც 4-5- წელზე ქვემოთ ჩამოდიოდა და შემდეგ გამოყვანა უკვე ან ვითომ შეწყალებით, ან რაღაცა სხვა ფორმით ხდებოდა. 9 და 12 წელი, ესაა გამაოგნებლად დიდი დრო, ეს იმას ნიშნავს, რომ ადვოკატები არ აუყვანიათ და არ უმუშავიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარეებთან არანაირი კონტაქტი არა აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ცხელ ხაზზეა ჩამოკიდებული, ცხელ ხაზზე კი უცხოელები არიან, ისინი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობების რეალობას ისე ვერ აღიქვამენ. აქ სხვა მომენტებია, ადამიანური დამოკიდებულებაა, სხვადასხვა ფაქტორებია, წარსულის შეხსენებაა, ბევრი ფაქტორია ისეთი, რაც შემდეგ მუშაობს და როგორც წესი შემდეგ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აისახება.

„არ ველოდი, რომ გამოუშვებდნენ, მეგონა, რომ სადღაც მაქსიმუმ 4-5 წელს და მინიმუმ 2-3 წელს მისცემდნენ. მერე კი, დრო რომ ჩაივლიდა, საზოგადოება ინტერესს დაკარგავდა და რაღაც ფორმით მოხდებოდა გამოშვება, გაცვლა ან რაღაც ამის მაგვარი. 12-წლიანი პატიმრის გამოყვანა წარმოგიდგენიათ? ეს აშკარად ქართული ხელისუფლების მიერ ვითარების სრულ უკონტროლობაზე მეტყველებს, რომელმაც სახელმწიფოს ვალდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაულოცა. ისინი ბევრს აკეთებენ, მაგრამ შენი დამხმარეები არიან და უშენოდ ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ."- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

მისი აზრით უცხოელების გარეშე პირდაპირ კონტაქტებზე გავიდეს.

„დაელაპარაკოს, რომ ეს 12 წელი რა ამბავია, ეს ნორმალურია? ახლა მაინც უნდა აიყვანოს ადვოკატი, რომელიც სასამართლო პროცესში ხინჯებს ნახავს და შეიძლება ახალი გარემოებებიც აღმოაჩინოს, მაგრამ ასეთი ვადით ხალხის გამოყვანა როგორც წესი რთულია, აქამდე უნდა ემუშავათ, რომ დაბალი ვადა მიეცათ, მაგრამ ესენი ყველაფერს მხოლოდ რუსეთს აბრალებენ, ეგღა აკლიათ ახლა აფხაზურ და ოსურ მხარეს ელაპარაკონ, კი ბატონო დააბრალონ რუსეთს, მაგრამ აქ ადამიანის ბედზე და უფლებებზეა ლაპარაკი. კი ბატონო, რუსეთი ყველაფრის განმკარგავია, მაგრამ სასამართლოში რუსეთი არ კარნახობს გახელაძეს თუ ბებუას რამდენი წელი მისცენ, ამ დონეზე არ ერევიან, ისინი ერევიან იმაში, რომ ხალხს თვითონ აპატიმრებენ და მერე უკვე უყურებენ, რომ ქართველებს ნამეტანი არ ჩაეხუტონ.

„ჩვენ ხალხი ყოველგვარი პრობლემების გარეშე გამოგვიყვანია, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დამაბრალებენ, შენ რა იციო, მაგრამ ჩვენ აფხაზებმა და ოსებმა 14 კაცი მოგვცეს ყველას 7 წელზე მეტი ჰქონდათ მისჯილი,"- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მას მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო მოძრაობების აქტიურობა და აქციები არაფერს არ შეცვლის.

„გამართონ რა, მე პირადად ამათი აქტიურობის შედეგი სამწუხაროდ არ მინახავს, მაგრამ თუ ჩვენ მართლა დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, თუ ვიღაცას შეიძლება, რომ ნაგვის ყუთი თავზე დაამხო, რაც შემთვის ყოვლად მიუღებელია, ამ აქციების გამართვაც შეილება. თუ მივლენ და ხმას ამოიღებენ, შეიძლება აგრესიული გამოსვლაც ჰქონდეთ, შეიძლება თავი მოიწინონ ამით, მაგრამ შედეგი უკეთეს შემთხვევაში ნულია,"- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა)ცნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×