ია აბულაშვილი
05.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდბული გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო, გაფრთხილების მიზნით, გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უზრუნველყოს. მას გირაოს გადასახდელად მიეცა დამატებითი ერთკვირიანი ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურატურა სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მელიას 2020 წლის 31 დეკემებრს შევსებული დეკლარაციის მიხედვთი გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა არ გადაიხადა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილოებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სს პასუხისმგებლობაში მიეცა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაო და დამატებით შეზღუდული ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის ბრალდებულის მიმართ გამოყენებლი იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

„2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული- ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ გიაროს გაზრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 ათასი ლარით. მიუხედვად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად. მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა 40 ათასი ლარი სასმართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა. ასევე არ უზრუნველყო გირაოს თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით," - ნათქვამია პროკურატრის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ ვერ დაიჭერენ.

„დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგრამ ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე- ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე- ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კობახიძე-გავრილობის სახეს წარმოადგენს. ეს ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის ჯიბეშია. მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ," - აცხადებს ნიკა მელია.

ოპოზიციაში კი ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება შეფასდა როგორც პოლიტიკური დევნა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიტიკური ლიდერების დევნა გრძელდება და პოლიტიკური მართლმასჯულების გამოყენებით ცდილობენ დააშინონ ოპოზიცია და შეიყვანონ პარლამენტში.

„მსგავსი აბსურდული განცხადება, ამ პროკურატურიდანაც მოულოდნელი იყო. ეს დაბარება დაკავშირებლია იმასთან რომ გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა, იმ ადამიანების ვინც ივანიშვილისთვის წინაღობას წარმოადგენს. ეს უკავშირდება იმას, რომ ხელების გადაგრეხვით შეიყვანონ ოპოზიცია პარლამენტში. როგორც არ უნდა გამოიყენოს პროკურატურამ, იქნება ეს პოლიტიკური დევნისთვის, თუ სხვა ინტერესებისთვის, ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა შეუქცევადია," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ხელისუფლებამ მარტივი გადაწყვტილება უნდა მიიღოს, უნდა აღასრულოს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, მისთვის წამგებიანი იქნება.

„მე არ ვეხები იმ საკითხს რა ბრალდება აქვს წაყენებული ნიკა მელიას, სწორია თუ არა ეს, რადგან ეს სხვა თემაა. მაგრამ მას ამისთვის შეფარდებული აქვს გირაო და გირაოს გადახდაზე ამბობს უარს, შესაბამის სასჯელს კი ითვალისწინებს კანონი. კანონი კი უნდა აღსრულდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კანონს არ აღასრულებს, ოპოზიცია ჩათვლის, რომ ხელისუფლება უნიათოა ან შეეშინდა, თუ აღასრულებს კანონს, იტყვის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ასე, რომ ხელისუფლებას აქვს მარტივი გამოსავალი, ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, „ოცნება", ნაცმოძრაობა, მე თუ თქვენ, კანონი უნდა აღსრულდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებისთვის იქნება წამგებიანი.

რაც შეეხება ოპოზიციას, თუ არ უნდათ, რომ პოლიტიკური შეფერილობის იყოს, ამის ნათელი მაგალითი მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც შეაგროვეს გირაო. ისე თბილისში ყველამ ყველაფერი იცის, და ნიკა მელიას და მის ოჯახს ნამდვილად არ გაუჭირდება გირაოს გადახდა, მაგრამ ამას არ აკეთებს, რათა ჩაითვალოს, რომ ეს არის შეტევა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×