ქრისტინე კაპანაძე
23.11.2020

შესაძლოა რუსეთმა საქართველოს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოსთხოვოს, რადგან ირანთან ჰქონდეს პირდაპირი კავშირი, ხოლო ირანის საზღვაო პორტების მეშვეობით გავიდეს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის" საზღვაო-სატრანზიტო კორიდორზე - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რომელიც სომხეთთან დაკავშირებული პროექტების განხილვას შეეხებოდა.

მისი თქმით, რუსეთი თავის ინტერესებზე ზრუნავს, თუმცა სომხეთსაც აძლევს გარანტიას ჩაერთოს სატრანზიტო კორიდორების სისტემაში და უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება მთიან ყარაბაღში. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი ფიქრობს, რომ რუსეთს ერევანში აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არ უსაუბრია და ძირითადი სასაუბრო თემა „ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმებით განსაზღვრული საკითხები იყო.

„აფხაზეთის თაობაზე და რკინიგზის გახსნაზე არამგონია ყოფილიყო საუბარი. ეს ის საკითხია, რომელზეც ჯერ საქართველოსთან უნდა შედგეს მოლაპარაკება, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ამ საკითხის გადაწყვეტას, სანამ აფხაზეთის სტატუსი არ არის გარკვეული. სხვა მხრივ, უამრავი საკითხი შეიძლება განეხილათ.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება ესაუბრათ. ვფიქრობ, საუბარი იყო დერეფანზე ნახიჩევანის გავლით, საუბარი იყო თურქეთისა და სომხეთის რკინიგზაზე, ასევე საუბარი იყო რეგიონში ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე. უამრავი რამ შეიძლება ყოფილიყო, რამდენად რეალიზდება ეს ყველაფერი, ცალკე საკითხია,"- ამბობს მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსს" თავის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ექსკლუზიურ ინფორმაციას უზიარებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება რუსეთმა აფახეთის რკინიგზა პირადი ინტერესებისათვის გამოიყენოს.

„მე ახლა ერთ კვლევაზე ვმუშაობ და მინდა ექსკლუზიურად გაგიზიაროთ. ამ კვლევაშია საუბარი იმაზე, რომ რუსეთს სურს აფხაზეთის რკინიგზის მეშვეობით გავიდეს ირანზე, ხოლო ირანის საზღვაო პორტების მეშვეობით გავიდეს ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის" საზღვაო სატრანზიტო კორიდორზე. ჩინეთის „ერთ სარტყელს და ერთ გზას" გააჩნია ორი გზა - ეს ჩვენთან ნაკლებად ცნობილი ფაქტია. ეს არის სახმელეთო და საზღვაო, როგორც ჩანს რუსები ცდილობენ, რომ საზღვაო კომუნიკაციასთან ჰქონდეთ კავშირი და ირანის გავლით წავიდეს ტვირთები რუსეთის მიმართულებით.

"აფხაზეთის რკინიგზის მეშვეობით კი ფაქტობრივად რუსეთს სურს გზა გაიყვანოს თავისი ტერიტორიის კუთხით, რომელიც წავა ალბათ პაკისტანი, ირანი, სომხეთი , საქართველო და რუსეთის მიმართულებით და შემდეგ გავა უკვე ევროპის მიმართულებით" - ფიქრობს მაისაია.

საკითხზე, თუ კი რუსეთი თავის ინტერესებზე ზრუნავს, მაშინ რა დატვირთვა აქვს მის საუბარს სომხეთთან დაკავშირებულ პროექტებზე და რა იქნება სომხეთისთვის სასარგებლო, მაისაია გვპასუხობს, რომ რუსეთი სომხეთს ჩართავს სატრანზიტო კორიდორების სისტემაში და ასევე, რუსი სამშვიდოები დაიცავენ სომხების უფლებებს.

„რუსეთი ამ შემთხვევაში პირად ინტერესებზე ზრუნავს. სომხეთს რუსები აძლევენ გარანტიას, რომ სომხეთი ჩაერთვება სატრანზიტო კორიდორების აღნიშნულ სისტემაში, რომელსაც კავკასიაში გაიყვანენ. ასევე, სომხეთში საუბარია იმაზე, რომ ირანელებიც მზად არიან გაიყვანონ რკინიგზა სომხეთსა და ირანს შორის და თუ ამოქმედდება აფხაზეთის რკინიგზა, ფაქტობრივად გამოვა ის, რომ რუსეთი უკვე ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო კორიდორს პირდაპირ გააკონტროლებს.

„რუი მინისტრები არა მხოლოდ სომხეთში არამედ ბაქოშიც ჩავიდნენ და იქ აწარმოეს მოლაპარაკება ორივე მხარესთან. იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 10 ნოემბერს დაიდო, გათვალისწინებულია სამი წლის განმავლობაში სტრატეგიული ინიციატივის განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტებს.

"აქ არის საუბარი თურქეთის მხრიდან რკინიგზის გაყვანაზე, რომელიც დააკავშირებს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის ტერიტორიას, სავარაუდოდ ირანის საზღვრის გასწვრივ. ამისათვის ის 200 მილიონ დოლარს დებს და ისინი ამაზე უკვე მსჯელობენ აზერბაიჯანულ მხარესთან.

"რასაკვირველია, უკვე სომხეთში შეიძლება გაიხსნას ორი სატრანზიტო კორიდორი და როგორც ჩანს აქ უკვე რუსები მოგვთხოვენ ჩვენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რუსეთისთვის, რადგან ირანთან ჰქონდეს პირდაპირი კავშირი და მე დიდი ეჭვი მაქვს საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ეს საკითხიც განხილულიყო.

„სხვა თემები, რომლებიც რუსეთმა განიხილა, შეიძლება იყოს,რუსი სამშვიდოებების უფლებამოსილებების პირობების განსაზღვრა, რომ სომხეთის უფლებები იყოს დაცული, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა შეიძლება დააყენოს დაქირავებული მებრძოლების გაყვანის თემა, რომლებიც გადმოყვანილია სირიიდან,"- ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
კოლა   (24.11.2020)
ექსპერტს რაც ელანდებოდა ის ევერსიებოდაო...

tatoo   (24.11.2020)
ყველა მოტხოვნას აქვს ტავისი ფასიი....ყველა დევნილის დაბრუნება უპირობოდ როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონში

სტატუს ქუო   (23.11.2020)
თქვენ შიგ ხო არა გაქვთ, მერე რუსის ჯარი შემოვა აქ მთელს რკინიგზის პერიმეტრზე, ვითომ დასაცავად. დააბრუნონ აფხაზია და მაშინ კი ბატონო.

Vaa   (23.11.2020)
Ra zgaprebs yvebian es ekspertebi, ra darubandidan Azerbaijanze rkinigzas iranamde ver gaiyvanen?!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×