ქრისტინე კაპანაძე
23.11.2020

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციისთვის ადამიანებს თანხის გადახდა არ მოუწევთ, ხოლო ქვეყანაში ვაქცინა სავარაუდოდ გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ ქვეყანამ Covid 19-ის ვაქცინა მიიღოს, საჭიროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა ადამიანების ჯანმრთელობისათვის. აშშ-სა და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში კი ვარაუდობენ, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია დეკემბერსა და იანვარში დაიწყება.

საკითხზე თუ როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია და მოუწევთ თუ არა ადამიანებს მასში თანხის გადახდა „რეზონანსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრა.

„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საქართველოში ადამიანებს ვაქცინაციაში თანხის გადახდა არ მოუწევთ. საქართველო გაერთიანებულია ე.წ „კოვაქს პლატფორმაში", რომელიც წარმოადგენს ვაქცინების გლობალური ალიანსის პლატფორმას და შექმნილია „გავის ალიანსის" ბაზაზე, რომელიც არის უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია.

"ის ეხმარება ქვეყნებს და მათ შორის ჩვენც დაახლოებით უკვე 20 წელიწადია ქვეყანაში სხვადასხვა ახალი ვაქცინების დანერგვაში. ბოლო 7-8 წელში ჩვენ 4 ახალი ვაქცინა დავნერგეთ „გავის" ხელშეწყობით ქვეყანაში. „კოვაქს პლატფორმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ითვალისწინებს, რომ მიაწოდოს ქვეყნებს ის ვაქცინები, რომლებიც იქნება დამტკიცებული სხვადასხვა მარეგულირებლების მიერ.

„ყველაზე ძლიერი მარეგულირებლები არიან აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტო, ევროპის წამლის სააგენტო და თვითონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. „ჯანმო" როცა დაამტკიცებს ვაქცინებს, „კოვაქსი" უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის მოწოდებას.

"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კოვაქსთან და ხელშეკრულებაც გვაქვს დადებული 700 ათასი ადამიანის აცრის დოზაზე. კოვიდის ვაქცინები კეთდება ორჯერადად და საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ დოზაზე. ვაქცინის პირველი შენატანიც უკვე გადავიხადეთ და საბოლოოდ ეს ქვეყანას უჯდება 16-17 მილიონ დოლარამდე.

გამყრელიძე „რეზონანსთან" რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებზეც საუბრობს, რადგან ვაქცინაცია პირველ რიგში სწორედ მათ ჩაუტარდებათ.

„რისკ ჯგუფებში არიან: სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული და თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანები. უფრო ზუსტად კი ეს რისკ-ჯგუფებიც განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

"ახლა მთავარია „ჯანმომ" დაამტკიცოს თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო. ახლა მსოფლიოში არის დააახლოებით 4 ვაქცინა, რომელიც თითქმის საბოლოო ეტაპამდეა მისული. ესაა „Pfizer" და გერმანული „BioNTech"- ის ცნობილი ვაქცინები. ასევე „მოდერნას" ამერიკული კომპანიის ვაქცინა, ასევე ოქსფორდის ვაქცინა და ა.შ აქედან, რომელსაც დაამტკიცებს „ჯანმო" საქართველოს მიეწოდება ის ვაქცინა. ამაზე მუშაობს ქვეყანა და ვაქცინა დიდი ალბათობით გაზაფხულზე გვექნება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი სავარაუდოდ 2020 წლის დეკემბერსა და იანვარში ვაქცინაცია დაიწყება. გერმანიაში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ შესაძლოა კოვის19 - ის ვაქცინაციის პროგრამა დეკემბერში დაიწყოს.

„არსებობს მიზეზი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი. ევროპაში ვაქცინას მიმდინარე წელს დაამტკიცებენ და ჩვენ მაშინვე შეგვიძლია ვაქცინაცია დავიწყოთ"- განაცხადა შპანმა.

ესპანური მედიის ცნობით კი კორონავირუსის საწინააღმდეგო გაქცინა იანვარში დაიწყება და სრულიად უფასო იქნება მოსახლეობისთვის.

ცნობილია, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია თურქეთშიც უფასო იქნება. ამის შესახებ თურქულ მედიაში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

„დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,"- განაცხადა კოჯამ.

აშშ-ს მოსახლეობაში კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ 11-12 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფუქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება. ასე რომ ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება - აღნიშნა სლაუმ CNN-თან ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (23.11.2020)
მე არ ავიცრები არ გავხდები ბილგეითსის და ილონმასკის ზომბი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×