ქრისტინე კაპანაძე
18.11.2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოთხშაბათს თბილისში პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი იყო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებსა და სასამართლო წესრიგის აუცილებლობაზე.

აშშ-ის სახლემწიფო მდივანი თბილისს თავისი აღმოსავლური ტურნეს ფარგლებში ეწვია. საქართველოში ის თურქეთიდან ჩამოვიდა, ოთხშაბათს ნაშუადღესვ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელში გაფრინდა.

თავდაპირველად პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. აშშ- ის საელჩოს ინფორმაციით შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით",-აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქთან ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანის სასახლეში შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა. შეხვედრაზე ასევე პომპეომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მიმართ პატივისცემა გამოხატა. ინფრომაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე განცხადებით პომპეოსთვის სასიამოვნო იყო ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს რეგიონში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო იქნება აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი რეგიონში. მისივე თქმით პომპეოს ვიზიტი მანიშნებელია იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას.

„ეს შეხვედრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს, როცა რეგიონში დღეს ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში ძალიან მნიშნელოვანია. ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მას მადლობა გადავუხადე,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისათვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიასთან, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის", - განაცხადა გახარიამ.

მაიკ პომპეოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი საქართველოსა და აშშ-ს შორის, მითუმეტეს, როცა მსოფლიო მიმდინარე ვირუსისგან გამოწვეული მწვავე ეპიდვითარების წინაშე დგას.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.

„ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით", - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი იყო პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებში აშშ-ის დახმარებაზე საქართველოს მიმართ.

შეხვედრის შემდეგ ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშრე, სანდო პარტნიორი და დასაყრდენია.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში, მხედველობაშია აშშ-ს მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ვთანხმდებით ჩვენც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სრული მზაობაა, რომ ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევაა შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამის მზაობა, „-განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. თავად არასამთავრობოთა ცნობით, საუბარი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და ადამიანის უფლებებზე.

ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს" წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა სასამართლოში არსებული პრობლემები იყო.

„ძალიან ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ საარჩევნო დავებზე, თუ როგორ იქცევა სასამართლო ხშირად მიკერძოებულად. მისი მხრიდან იყო შეკითხვები სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს იყო ზოგადი ხასიათის შეკითხვები და ჩვენ ჩვენი ინფორმაცია, ცოდნა და შეხედულებები მივაწოდეთ. ძირითადი ფოკუსი მაინც სასამართლოზე იყო. არ გვისაუბრია არჩევნების გაყალბებაზე, შეხვედრის თემა იყო კანონის უზენაესობა და სასამართლო ხელისუფლება. არ შევხებივართ უმცირესობების უფლებებს, პატიმრების უფლებების და ა.შ.

„სულ ნახევარი საათი იყო შეხვედრა. ვესწრებოდით 6 არასამართავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, კარტოგრაფების საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი დაისვა, როგორც მაგალითი, თუ როგორ ვერ დაიჭირა სასამართლომ ნეიტრალური პოზიცია", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეხვედრის მოდერატორი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ამ შეხვედრით დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×