
„როცა გვჭირდება ეუთო, მაშინ მაგარი და კარგია, როცა არა - მაშინ მაგას ვინ ეკითხებაო... ბევრი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ და კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. მათთვის საერთაშორისო მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებულ განცხადებს.
ეუთოს საპრალმენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბრს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამავე დასკვნის თანახმად, პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენეტის მუშაობაში.
ოპოზიცია ეუთოს ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს და მისიის წარმომადგენლების რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მათი თქმით, რაც არ უნდა დაწეროს ეუთომ თუ სხვა ორგანიზაციებმა, ხელისუფლებას შემხვედრი წინადადებით თუ არ ექნება, მოლაპარაკება ვერ მოხდება.
„ქვეყნის მოსახლოების უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა. მთელი ოპოზიციური სპექტრი არ არის განსხვავებულ აზრზე. ადამიანი, ვინც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო, უნამუსო იმიტომ, რომ ეს არ არის რეალობა“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
„მათი ნებაა, რაც უნდა ის თქვან, ზოგი „უნამუსოს“ ეძახის, ზოგი „აგენტს“, ამით ეუთოს წარმომადგენლობა ბევრს არაფერს დაკარგავს. როცა გვჭირდება ეუთო, მაგარი და კარგია, როცა არა - მაგას ვინ ეკითხება... ასე არ არის, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ. თუ ომში ხარ, მაშინ არაფერზე არ უნდა თქვა უარი. ოპოზიციამ უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა და ახლა კიდევ ერთ შეცდომას უშვებს, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დასჭირდება.
„თვითონაც ხომ იყვნენ ხელისუფლებაში. გაიხსენონ, რა ბედი ეწია მაშინდელ ოპოზიციას, უარი რომ თქვა მანდატებზე - 4 წელი ქუჩაში იყო და 2011 წლისთვის მათი რეიტინგი ნულამდე იყო დასული. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არ ვიცი. მაშინ კი იჭიდავა ოპოზიციამ, მაგრამ მოსავალი აიღო ივანიშვილმა. ახლაც ასე უნდათ? თვითონ იჭიდაონ და მოსავალი აიღოს სააკაშვილმა?
„ძალიან მაინტერესებს, რას აპირებს ოპოზიცია, რა ზეწოლის უნარი აქვს, როგორ აპირებს უპირატესობის მოპოვებას საერთაშორიოს მხარდაჭერის გარეშე. თუ პარლამენტში არ შევლენ, არც არაფერი მოხდება, როგორც მაშინ, 4 წელი ხელისუფლება გააგრძელებს მართვას. ეტყობა, 30 წელი უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი დატოვოს ხელისუფლებაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.