
ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კატეგორიულად ითხოვს მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ შემოღებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც სამშაბათს თვითიზოლაციაში გადაბიდა, ღიად მიანიშნებს, რომ შესაძლოა სხვადასხვა დახურულ სივცეები, მაგალითად, საგამოფენო დარბაზები, შესაძლოა დროებით გადაკეთდეს ინფიცირებულთა მიღების ცენტრებად. ჯანდაცვის სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვინც „გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაზე მონოპოლია დაამყარა“, კრიზისი მართვის ამ ეტაპზე საშიშროებას წარმოადგენენ.
ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ კორონავირუსის ეპიდემიის თვალსაზრისით საქართველოში უკვე კრიტიკული ვითარებაა და რამდენად მოსალოდნელია უახლოეს დღეებში, ან თუნდაც 21 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ახალი მასშტაბური შეზღუდვების შემოღება?
სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. კატასტროფულად იზრდება როგორც დაავადებულთა, ასევე გარდაცვლილთა რიცხვი. ყველა კლინიკა დაკავებულია და სასწრაფო დახმარებსი ბრიგადებს პაციენტები სავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ. ამ ფონზე კი სამდიცინო საზოგადოებაში უკვე სერიოზული განხეთქილება იწყება ეპიდემიის მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებით. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ სრული ჩაკეტვა დიდ ვერაფერ შედეგს მოგვიტანს და ქვეყნის ეკონომიკას საბოლოოდ გავანადგურებთ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ორი კვირით ლოქდაუნის გამოცხადება ჯანდაცვის სისტემას ამოასუნთქებს.
სპეციალისტების საგანგებო მიმართვა
სამშაბათს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება
მიმართვა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში მომზადდა. მისი ავტორები აცხადებენ, რომ პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი და საკითხი პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან უნდა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე.
„14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი - 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით.
„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ კოვიდ-19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება.
„ცალსახაა, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არა მარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას“, - წერია მიმართვაში.
ექსპერტები მიმართვაში აუცილებელი ნაბიჯების სასწრაფო გადადგმას მოითხოვენ: გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის. სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება; პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება; მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის - გზამკვლევის შექმნა და გავრცელება; თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვებ-გვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივ-კონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება.
მიმართვას ხელს აწერენ: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი .
საგანგებო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
ამ განცახდებას, პრემიერ მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა შორის საგანგებო შეხვედრა მოჰყვა.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან“, - ამის შესახებ კი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის, სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.
„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგები. ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ აკაკი ზოიძე, რომელიც ზომოთ მოყვანილი მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერია, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქვეყნის სრული ლოქდაუნი გამორიცხულია და იმის კიდევ გამეორება, რაც გაზაფხულზე გვქონდა, ქვეყანას ეკონომიკურად საბოლოოდ დაანგრევს. თუმცა, მისი თქმით, ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ და მეორე მხარეს სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას. ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ კიდევ დამატებით ისეთი შეზღუდვები მიიღოს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ერთი მხრივ შვებას მისცემს და მეორეს მხრივ ეკონომიკას სრულიად არ დავანგრევთ.
„საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვართ. უკვე გადავცდით რაღაც ზღვარს, რომლის იქითაც, თუ დროზე არ ჩავერიეთ, სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზამთარში ვიცით, რომ გრიპის სეზონიც აქტიურდება და ჯანდაცვის სიტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. 4000-ზე ზემოდ არის უკვე ის ზღვარი, რის შემდეგაც კონტროლი შესაძლოა ხელიდან გაგვექცეს. ამიტომ, ერიც და ბერიც, პოლიტიკური სპექტრი და ჩვენი ყველა მოქალაქე ისევ ერთმანეთის გევრდით უნდა დავდგეთ. უნდა მოიძებნოს რაღაცა შეზღუდვების ზღვარი, რომელზეც ყველა შევთანხმდებით.
„სრულ ლოქდაუნს გამოვრიცხავ, არც დიდი ქალაქების სრულად ჩაკეტვის მომხრე ვარ. ქვეყნის ცხოვრება და ეკონომიკის პარალიზება არ უნდა მოხდეს. მითუმეტეს წინასახალწლო პერიოდია და მართალია, არავის გვეზეიმება, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა და არსებობა სჭირდება. ისეთი გეგმები და ზომებია შესამუშავებელი, რომ მეორე უკიდურესობა არ დაგვემართოს. არის ამის რესურსი და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“.
„ომია და მოდი ამ ომში სხვაც ჩავრთოთ, ვისაც ეს საქმე ესმის...“
ჯანდაცვის კიდევ ერთი ექსპერტი ვატო სურგულაძე, რომელიც ამ განცხადებას ასევე ხელს აწერს, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არსებული საკორდინაციო საბჭო სიტუაციას ვეღარ მართავს, ამიტომაც სასწრაფოდ მის მართვაში კონსულტანტების სახით ყველა ის სპეციალისტი უნდა ჩაერთოს, რომლებიც ამ განცხადების ავტორები არიან.
„ჩვენ ქვეყნის ხელისუფლებას მივმართეთ და ეს პირველი მიმართვა არაა. აპრილშიც მივაწოდეთ ჩვენი რეკომენდაციები და წინადადება, მაგრამ გათვალისწინებული არაფერი იყო. ამან კი აი, ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა.
„სიტუაცია არის უმძიმესი. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ სიტუაციის მართვაში აუცილებელია ყველა იმ სპეციალისტის ჩართვა, რომლებიც ამ განცხადებას ხელს ვაწერთ. არსებული საკორდინაციო საბჭო ვერ მუშაობს. ისევ ლოქდაუნისკენ მივიდავრთ, რაც კატასტროფა იქნება. კორონავირუსთან ერთად ხალხი შიმშილითაც დაგვეღუპება. უფრო მკაცრი ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
„ლოქდაუნი შედეგს არ გვაძევს და ამით ქვეყანას კიდევ უფრო დავაზიანებთ. ლოქდაუნი რაღაცა პერიოდის განმავლობაში შედეგს მოგცემს, მაგრამ მერე სურათი ისევ იგივე გვექნება, პლუს ამას ჩამონგრეული ეკონომიკა.
„მთელი ღამე იმით ვიყავი დაკავებული, რომ ადამიანი, რომელსაც კორონა დაუდასტურდა და სიტუაცია დაუმძიმდა, საავადმყოფოში როგორმე მომეთავსებინა. ვისაც დავურეკე, ყველამ ის მითხრა, რომ პაციენტები დერეფანში სკამზე უზით და თავის რიგს ელოდებიან. ეს არის იმის ბრალი, რომ ნაკადების გადანაწილება არ ხდება და სიტუაციის კონტროლი საკორდინაციო საბჭოს ხელიდან გაექცა. ომია და მოდი ამ ომში სხვაც ჩავრთოთ, ვისაც ეს საქმე ესმის. უამრავი სპეციალისტია და საკორდინაციო საბჭო უნდა შეიცვალოს. კონსულტანტების დონეზე უნდა ჩავერთოთ. სხვაგვარად არანაირი შედეგი არ გვექნება და უმძიემს შედეგებადმდე მივალთ“, - ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
ხსენებული განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე კი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ადამიანები, ვინც მონოპოლია მოახდინა გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს დღევანდელ ეტაპზე კრიზისის მართვისთვის.
„ღია კარი ნიშნავს, რომ აქ უნდა იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები, არ შეიძლება ეს იყოს მონოპოლიზებული. ვხედავთ, რომ ადამიანებმა, ვინც მონოპოლია მოახდინა გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს დღევანდელ ეტაპზე კრიზისის მართვისთვის,“ - განაცხადა ურუშაძემ.