მარიკა ხორავა
16.11.2020

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 3 157 ადამიანით გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება. თბილისი კვლავ ვირუსის აფეთქების კერად რჩება. ორშაბათს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ბოლო 24 საათში 3 230 პირი გამოჯანმრთელდა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.

„ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

„დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 652, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

„საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში - 1 540, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5 230", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი უკვე სახლში გაეწერა.

ამ დროისთვის კლინიკაში 75 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ექიმ ინფექციონისტის, ვასილ გოდუაძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

კლინიკაში მკურნალობს 13 ბავშვი, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. როგორც გოდუაძე აცხადებს, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×