
„ვერ გეტყვით, რომ ეს პროტესტის ერთადერთი ფორმაა. რამდენადაც ვიცი, ოპოზიცია-პომპეოს შეხვედრის საკითხი კვლავაც ღიაა. რა თქმა უნდა შეხვედრა ყოველთვის უფრო ეფექტიანია იმიტომ, რომ ეს საუბარს და ტემატიკის განხილვას გულისხმობს, თავისთავად ცხადია ეს უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი გზაა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული ამაშიც მართლსაწინააღმდეგო არაფერია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ოპოზიციის მიერ თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას დაანონსებული აქციის ფორმას.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამი საპროტესტო აქცია დააანონსა. პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირებზე დაეკვრება სტიკერი წარწერით „გაყალბებულია", რომლებზეც პროტესტის მონაწილეები დადგებიან და არჩევნების გაყალბების ფაქტს მდუმარედ გააპროტესტებენ.
როგორც ფხალაძე ამბობს, ოპოზიციის მიერ დაანონსებული მდუმარე აქციის ფორმაში მარლთსაწინააღმდეგო არაფერია, თუმცა, მისი აზრით, უფრო ეფექტიანი უშუალოდ მაიკ პომპეოსთან შეხვედრა იქნებოდა.
„ეს ოპოზიციის უფლებაა, რომ ამ ფორმით გამოხატოს. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ნორმებში ჯდება, იმიტომ, რომ პროტესტი არანაირად არაა დაკავშირებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, დაკავშირებულია სხვა რამესთან, რაზედაც ოპოზიცია ყურადღების გამახვილებას ცდილობს.
„ვერ გეტყვით, რომ ეს პროტესტის ერთადერთი ფორმაა. რამდენადაც ვიცი ოპოზიცია-პომპეოს შეხვედრის საკითხი კვლავაც ღიაა. რა თქმა უნდა, შეხვედრა ყოველთვის უფრო ეფექტიანია იმიტომ, რომ ეს საუბარს და თემატიკის განხილვას გულისხმობს, რაც თავისთავად უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი გზაა. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ამაში მართლსაწინააღმდეგო არაფერია.
„ვიცი რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში მეტ ხანს დარჩენილიყო. მაგრამ სახელმწიფო მდივნის ეს ტურნე გადატვირთულია იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოდის, ეს კი იმდენი ხანი არ გამოდის, რამდენიც მას უნდა და რამდენიც ჩვენ გვინდა. პროგრამაზე მუშაობა კვლავაც მიდის, დანარჩენს დეტალებს ვერ ვიტყვი.
„შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, უფრო მეტი შეხვედრები იქნებოდა, ვიდრე გაცხადდა. რამდენად შესაძლებელია ამაში კორექტივის შეტანა და რაღაცის დამატება, არ ვიცი. მაგალითისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდესო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი წინასწარი ინფორმაციაა. ბევრი რამის სურვილი არსებობს, თუმცა დრო ძალიან შეზღუდული აქვს და რისი საშუალება მიეცემა, არ ვიცი.
„შეხვედრების სურვილი უფრო მეტია, ვიდრე ამის შესაძლებლობას თუნდაც ორდღიანი ვიზიტი იძლევა", - განაცხადა ფხალაძემ.