თამთა ჩაჩანიძე
13.11.2020

„ამ განცხადებაში ერთადერთი რაც შეიძლება იგულისხმო, ისაა, რომ პომპეოსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის „ჩორტის" ჩამოგდება უნდა,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ორი თვე ბოიკოტის რეჟიმში უნდა გაძლოს, მერე კი ვითარება შეიცვლება.

„ოპოზიციამ ორი თვე უნდა გაუძლოს, ღიად მივმართავ ჩვენმს კოლეგებს და მოქალაქეებს, ორი თვეა გასაძლები, რომ ჩვენ ეს პრინციპული პოზიცია გვეკავოს, ბოიკოტის რეჟიმში ვიყოთ, მერე ვითარება იცვლება იმიტომ, რომ აშშ-ში ჩატარებული არჩევნები და ბაიდენის გამარჯვება ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ აწყობდა, ბაიდენის საგარეო საკითხები კი ვიცით," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის" ეთერში.

„ამ განცხადებაში ერთადერთი რაც შეიძლება იგულისხმო ისაა, რომ პომპეოსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის „ჩორტის" ჩამოგდება უნდა. თუ ასე იფიქრებ, კიდევ რაღაცა ლოგიკა ეძებნება," - განაცხადა საყვარელიძემ და გაიხსენა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ ბაიდენს გამარჯვება საკმაოდ ადრე მიულოცა.

„პრინციპში ბაიდენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უფრო აქტიურია და ამერიკის პულსი ტრამპისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში უფრო გამოჩნდება, პირველ რიგში ამ განცხადებაში სანიკიძემ ეს იგულისხმა, ისიც გაითვალისწინა, რომ ჰილარი კლინტონს და დემოკრატიულ პარტიას „ევროპულ საქართველოსთან" და სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდათ," - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამერიკაში ან ერთ, ან მეორე პარტიასთან კომუნიკაცია დაემყარებინა, ტრამპის ადმინისტრაციასთანაც კი რომელთანაც ისინი ფორმალურად გულშემატკივრობენ, არაფერი არაა დაფიქსირებული, რომ რაიმე შეხების წერტილი ჰქონოდათ.

„სააკაშვილსაც ბარაკ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციასთან გარკვეული დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც სააკაშვილის უმსგავსო ქცევებიდან გამომდინარეობდა, რაც მისი ხელისუფლებიდან ლოგიკური გაძევებით დასრულდა, თუმცა ახლა სანიკიძეს იმედი აქვს, რომ დემოკრატები ყოველთვის დემოკრატიული ფასეულობების განხორციელებისთვის იბრძვიან და ამ ოპოზიციაშიც მხოლოდ „ნაცმოძრაობა" არაა, აქ კიდევ „ქართული ოცნების" ყოფილი თანამებძოლებიც და სხვებიც არიან, პლიუს ის, რომ გეოსტრატეგიული გარემო ამერიკელების საწინააღმდეგოდ მკვეთრად შეიცვალა და ბაიდენი ამას ასე არ დატოვებს," - განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" საუბარში მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძემ ეს განცხადება შესაძლოა დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის განსხვავებული საგარეო პოლიტიკის გამო გააკეთა.

„ტრამპი უფრო იზოლაციონისტი გახლდათ, ის დიდ ყურადღებას უფრო თვითონ ამერიკის შიგნით მიმდინარე მოვლენებს აქცევდა და ამერიკის ეკონომიკის განვითარებაზე კონცენტრირდებოდა, ტრამპი რუსეთთან შედარებით უფრო რბილ პოლიტიკას აწარმოებდა, დიდი რვიანის აღდგენის და მასში რუსეთის დაბრუნების მომხრ იყო. ბაიდენი კი მიუხედავად იმსა, რომ ის დემოკრატია, რუსეთისადმი უფო ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა, მისი ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე ყოფნისას,პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოზიციას არ იზიარებდა, როდესაც 2009 წელს ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა, ბაიდენს ასეთი პოლიტიკის თავიდანვე არ სჯეროდა.

„როდესაც ობამა მოსკოვს ეწვია, პარალელურად ბაიდენი თბილისში ჩამოვიდა, პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა და რუსეთის პოზიცია გააკრიტიკა, ამიტომაც იგი საგარეო პოლიტიკას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს, მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უფრო მომთხოვნი იყოს. ალბათ ბატონი სანიკიძე ამას გულისხმობდა,"- განაცხადა ჩიტაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×