ელზა პაპოშვილი
12.11.2020

რა რესურსი არსებობს ოპოზიციაასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების და რაზე შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ. ამერიკის საელჩოში მხარეები სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა შეხვედრაზე რაზე ისაუბრეს, ამაზე დეტალური კომენტარი არ გაკეთებულა. ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ის ითქვა, რომ მათი მოთხოვნები იგივე რჩება - გადადგეს ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.  

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო.

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი სურვილია, დავუახლოვოთ პოზიციები. დღევანდელი შეხვედრაც, გარკვეულწილად, ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ.

რაც მთავარია, უნდა აღვნიშნო აშშ-ს ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა, მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს მნიშვნელოვანი შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდეგი რაუნდი შედგება უახლოეს დღეებში. ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია, გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როცა, საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად.

არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიურია, გავცვალეთ არგუმენტები და კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მე მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

“გირჩის" ლიდერის თქმით, ერთადერთი შეთანხმება რასაც ამ შეხვედრაზე მიაღწიეს, არის შემდგომი შეხვედრის გამართვა.

"კონკრეტიკაში ვერ შევალ, პირველი შეხვედრა იყო, მადლობა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, რომ მათი ფასილიტაციით მოხდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ხელისუფლების მხრიდან მათი პოზიცია. ეს იყო და ეს, ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი, ჯერჯერობით, არ ვიცი. ჩვენი და ჩვენი ფასილიტატორების სურვილი და ზოგადი ატმოსფერო არის ისეთი, რომ ვთვლით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ის არ საუბრობს შეხვედრის ტექნიკურ დეტალებზე, რადგან ამან შეიძლება მოლაპარაკების პროცესი დააზიანოს. ამასთან, პროტესტის რეჟიმი გრძელდება.  

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს, თუმცა კონსესუსი შესაძლებელია. 

"ბოდიშს გიხდით, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ არის წესი დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალების გამოტანა. თავისთავად, რომ პროცესი დაიძრა, ეს არის კარგი. კონსესუსის სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხვდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით, არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება. არჩილ თალაკვაძე თავის პარტიას უნდა დაელაპარაკოს, ჩვენ ჩვენ პარტიებს. გავივლით კონსულტაციებს და უახლოეს დღეებში ისევ შევხვდებით ერთმანეთს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ ეს დიალოგი პოზიტიური შეთანხმებით დასრულდება. ირმა ინაშვილმაც შეხვედრის დეტალებზე და ელჩების მხრიდან გაკეთებულ გზავნილებზე საუბარი არ ისურვა.

"მოვისმინეთ არჩილის პოზიცია, მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, მუდმივად ვართ ჩვენ ხაზზე, როგორ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ასე რომ, თავისთავად, შეხვედრა რომ შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ვნახოთ ახლა როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არაა კორექტული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.  საერთოდ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ამიტომ, მნიშვენელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.  

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე კი „რეზონანსთან“ პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას პოზიტიური შედეგის იმედი არა აქვს. ოპოზიციამ თავი ჩიხში შეიყვანა და ამ სიტუაციიდან გამოსვლა გაუჭირდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციას თავიდანვე რადიკალური ნაბიჯები არ უნდა გადაედგა, რადგანაც უკან დასახევი მოიჭრა და ახლა ამომრჩევლის წინაშეც მორალური პასუხისმგებლობა აკისრია. 

„ოპიზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებას იმ  შემთხვევაში დავთანხმდებით თუ  თამარ ჟვანია გადადგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებაო. ასეთმა  რადიკალურმა განცხადებამ ოპიზიციას ხელ-ფეხი შუკრა. ხისტი პოზიციის მძევლებად იქცნენ. ძალიან კარგად  ვხედავდი, რომ ეს იყო პოზიცია, რომელიც წარმატებით არ  დასრულდებოდა. პოლიტიკოსებს  შედეგის დადება ევალებათ. თუ მასობრივი პროტესტის ორგანიზება არ შეგიძლია, მაშინ მანევრირებისთვის გზები უნდა დაიტოვო. ახლა ამ აქციების დროს ზოგი დაიჭირეს, ზოგი ცემეს  და ახლა ამ ხალხს კითხვა უჩნდება, თუ მოლაპარაკებას აპირებდით თქვე კაი ხალხო, რაღაცა დაგვარბენინებდითო“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“  

მისივე თქმით, ოპოზიციას  იმედი ჰქონდა, რომ მასობრივი აქციები დაიწყებოდა და ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოხვდებოდა. თუმცა იმედი გაუცრუვდათ, რადგანაც არც ხალხი გამოვიდა და ვერც  საერთაშორისო თანამეგობრობიდან მიიღეს მხადაჭერა. 

„ივანიშვილს მხოლოდ ორი რამ აშინებს, დასავლეთის ზეწოლა და ხალხის ქუჩაში  მასობრივი გამოსვლა. არცერთი მოხდა და არც მეორე. კარგი, გადაითვალეს ხმები, ოცნებამ აიღოს  43%. მერე? - მეორე ტურებია და უმრავლესობას მაინც”ოცნება” აიღებს. ოპოზიციამ უკან დასახევი ხიდი დაწვა და თუ პარლამენტში შევლენ, ეს მათთვისაც დიდი წნეხი და მორალური ზიანი იქნება. ხალხს ქუჩაში ვეღარ გამოიყვანს“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×