მარიკა ხორავა
12.11.2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, თითქოს ჩაიშალა „თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი", სადაც დასავლეთის დიპკორპუსის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები, ოპოზიციაში არ იზიარებენ. ფიქრობენ, რომ ვაშაძეს მათი სახელით ვერ ისაუბრებს, არანაირი მოლაპარაკებები არ ჩაშლილა და მათთვის „სიურპრიზია" ვაშაძის ეს განცხადება.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ „არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა".

„ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს. ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99.9%. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი, ვფიქრობ ახლა არცერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება. მე ვერ ვხედავ, რომ ერთობას ამ ყველაფრით პრობლემა შეექმნას", - აღნიშნა უგულავამ.

მსგავს შეფასებას აკეთებს მისი თანაპარტიელი გიგა ბოკერიაც.

„მინდა გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის ბოლო რამდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებებს. გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი რაზეც მინდა, რომ იყოს სრული სიცხადე, არის ის, რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული და ჩაიშალა - უბრალოდ ეს არის სიცრუე. მოლაპარაკებები და დიალოგი არის საჭირო და ის შეიძლება მოხდეს მომავალში მხოლოდ ერთ საკითხზე - ახალი არჩევნების ჩატარება და იმ ცვლილებებზე, რომლებიც საჭიროა ნორმალური არჩევნების ჩატარებისთვის. სრული სიცრუეა ასევე ის, რომ ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან თითქოს გამოიწვია ჩაშლა რაღაცის. „ევროპულ საქართველოს" და ჩვენს სხვა პარტნიორებს, პირველ რიგში „ლელოს", „გირჩს" და „სტრატეგია აღმაშენებელს" ცოტა ხნის წინ ძალიან მკაფიო განცხადება გვქონდა ამ საკითხზე, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ, საჭიროა დიალოგი არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხზე და ასევე ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ პარლამენტში არ შესვლის პოზიცია არ შეიცვლება", - ამბობს ბოკერია.

გრიგოლ ვაშაძესთან კითხვები აქვს „გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესაც.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი 2"-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი 2"-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი საჯაროდ ჯვარცმული", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქში.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.

„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ მთელ ოპოზიციას გრიგოლ ვაშაძის მხარეს მოუწევს გადასვლა.

„როგორც ჩანს, გაერთიანებულ ოპოზიციაში დიდი არეულობა ჯანსაღ ძალებსა და დესტრუქციულ ძალებს შორის. ვიმედოვნებ, კონსტრუქციული მხარე გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიიცის ფლანგზე. ისინი პარლამენტში შევლენ, რადგან პარლამენტში არშესვლა საერთშორისო მხარდაჭერის დაკარგვაა. მათ მოუწევთ ვაშაძის მხარეს კონსტრუქციულად გვერდით დადგომა. თუ არადა დესტრუქციული სააკაშვილის მხარეს იდგნენ, რომელიც დისტანციურად გეგმავს ე.წ. რევოლუციას, რომელიც კიდევ ერთხელ ჩაუფლავდათ", - განაცხადა აბაშიძე.

მანამდე, ოთხშაბათს, გრიგოლ ვაშაძემ ამ საკითხზე „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ".

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა".

მართალია ოპოზიცია ამას არ იმჩნევს, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ გარკვეული დუღილი მიდის, რაც მისი ლიდერების საჯარო განცხადებებშიც აისახება. ხუთშაბათს გიგი უგულავა ჟურნალისტებთან საუბრისას ისე იყო გაღიზხიანებული, რომ, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკოსისთვის უცნაური განცხადებები გააკეთა. საუბარი ირაკლი კობახიძის იმ ინიციატივაზე იყო, რომელიც პარლამენტში არშესვლის გამო ოპოზიციისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.

„კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც ზარზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძემ, პარტიების დაფინანსება არ არის დამოკიდებული პარლამენტში მოღვაწეობის ფორმაზე, არამედ იმ ხმების რაოდენობაზე, რაც მიიღო.

„დაახვიოს კობახიძემ თავისი კანონი და აღარ გავაგრძელებ მერე... თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით ვინმეს დააშანტაჟებს, ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ კიდევ უფრო ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით პარტიებს დააშანტაჟებს, ცდება. დანარჩენი ეს არის უკანონობა, უკუქმედების ძალა ვერც ექნება, ისევ ვიმეორებ, აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ ის უქნიათ.

„არ მაინტერესებს და არ გვაინტერესებს, თუ უნდათ შეწყვიტონ დაფინანსება, თუ უნდათ ნუ შეწყვეტენ, არაფერი მაინტერესებს იმის მეტი, რომ ვერ გამოიყენებენ ვერანაირად საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუარად... გაიკვეხოს უკან თავისი დაფინანსება კობახიძემ, პირდაპირ გეუბნებით", - თქვა უგულავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×