ქრისტინე კაპანაძე
11.11.2020

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაიდო და რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნა, ექსპერტთა ნაწილის აზრით, სომხეთისთვის შესაძლოა არც ისე წამგებიანი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ ამ შეთანხმებით ცალსახად გამარჯვებული არის აზერბაიჯანი და სომხეთისთვის დადებითს ვერაფერს ხედავს.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ომი აზერბაიჯნმა მოიგო, ხოლო სომხეთმა ამ შეთანხმებით თავი აარიდა უფრო დიდ დანაკარგს.

„ეჭვი მეპარება, რომ სომხეთისთვის კარგი რამე იყოს. ერთადერთი სომხური მოსახლეობისათვის შეიძლება იყოს კარგი, თუ აზერბაიჯანის, კერძოდ ყარაბაღის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან ან დარჩებიან. ამ შემთხვევაში იქ სომხურ მოსახლეობას, სადაც უკვე აზერბაიჯანის კონსტუტუციის მიხედვით აღდგება მმართველობა, მათ აქვთ უსაფრთხოების გარანტია რუსეთის ჯარების დახმარებით, რომელთაც სამშვიდობო ძალები ჰქვიათ.

„მე პირადად მათ სამშვიდობო ძალებში ეჭვი მეპარება, რადგან ისინი უფრო თავის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ამოცანებს შეასრულებენ და ალბათ დაიცავენ სომხური მოსახლეობის ინტერესებს, თუკი ისინი ამ ტერიტორიაზე დარჩებიან. თუ სომხური მოსახლეობა ყარაბაღის ტერიტრიაზე არ დაბრუნდება, ან არ დარჩა, მე სომხეთის სასარგებლოდ ნამდვილად ვერაფერს ვხედავ.

„ტერიტორიული თვალსაზრისით, აზერბაიჯანმა აშკარად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და მას არავითარი ვალდებულება არ აქვს, თუნდაც განუსაზღვროს ეთნიკურ სომხებს სტატუსი. აზერბაიჯანმა პირწმინდად მოიგო ომი. ამ შემთხვევაში თუ ის ე.წ. მადლობას გადაუხდის რუსეთს მხარდაჭერისთვის და განათავსებინებს ყარაბაღის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალებს, ესეც მისი კეთილი ნებაა.

„რამდენიმე საათია თურქეთსა და რუსეთს შორის მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თურქული შეიარაღებული ძალებიც იქნებიან განთავსებულნი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორც სამშვიდობო ძალები. შესაბამისად, იქ არ იქნება მხოლოდ რუსული ძალები, იქნებიან თურქებიც, ეს კი აზერბაიჯანისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელია. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომი აზერბაიჯანმა მოიგო. მე ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში სომხეთის მოგებას, ერთადერთი მან გადაარჩინა საკუთარი ჯარი და უფრო დიდი პრობლემები აიცილა თავიდან, რაც ამ ომისგან იყო მოსალოდნელი," - ამბობს ზაქარეიშვილი.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება სომხეთისთვის ცუდი არ არის.

„სომხეთისთვის ეს შეთანხმება ცუდი არ არის. შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ არც ცუდია. ვიტყოდი, რომ მხარეებს შორის დამყარდა ფრე, რადგან ამ შეთანხმებით სომხეთი ინარჩუნებს მთიანი ყარაბაღის 70%-ზე მეტ ტერიტოტორიის კონტროლს. აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე მას ეკუთვნოდა.

„შესაბამისად, აღდგენილია სტატუს ქვო. აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი ტერიტორიები და სომხეთმა შეინარჩუნა მთიან ყარაბაღთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის შეინარჩუნა ლაჩინის კორიდორი. არ დაკარგა სტეპანაკერტზე კონტროლი. ამ ყველაფერის უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს რუსეთი.

„შეიძლება ცინიკური განცხადებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არაა ცუდი შეთანხმებაა სომხეთისათვის. ეს არის ვითარების განეიტრალება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარდა ფრე", - აცხადებს მაისაია.

იგი „რეზონანსთან" საუბრობს იმ დეტალებზეც, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანსი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

„ამ შეთანხმების მთავარი არსი ისაა, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე აზერბაიჯანმა მიიღო პირდაპირი კორიდორი სომხეთის გავლით ნახჭევანში და ამას უზრუნველყოფს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო კონტინენტი. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა აზერბაიჯანისთვის, რადგან პირდაპირ მოხდება ამ კორიდორით კავშირი ნახჭევანთან და ირანის ტერიტორიის გამოყენება აღარ მოუწევს.

„ამ შეთანხმებით ასევე რუსეთი უზრუნველყოფს ორივე სახელმწიფოს სატრანსპორტო, სატრანზიტო კომუნიკაციურ სიტემებს. უზრუნველყოფილი იქნება ლაჩინის კორიდორის უსაფრთხოება და ასევე ნახჭევანის და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი კორიდორის უსაფრთხოებაც. ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმებით აზერბაიჯნმა მიიღო ის, რასაც ვერ წამოიდგენდა და ასევე სომხეთმაც შეინარჩუნა ყარაბაღთან პირდაპირი კომუნიკაციური კავშირი," - ამბობს მაისაია.

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთისთვის ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია.

„სომხეთმა ამ შეთანხმების მიხედვით ტერიტორიები დაკარგა, ამიტომ მე ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ. ნამდვილად არ ვიცი რა უნდა იყოს კარგი სომხეთისთვის, მათთვის ეს დადებითი ნამდვილად არ არის," - ამბობს შარაშენიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×