თამთა ჩაჩანიძე
11.11.2020

„აქციის მიზანშეწონილობას ვერცერთი ფაქტორით ვერ ვიგებ. თანაც რადგანაც პომპეო არა საქართველოს შიდა თემების, არამედ რეგიონული პოლიტიკის გამო ჩამოდის, ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკით მისი დღის წესრიგის დატვირთვა კიდევ უფრო მეტად გაუგებარი ხდება და პირიქით, რაღაც მომენტში ამას ოპოზიციისთვის შესაძლოა უფრო მეტი უხერხულობები მოჰყვეს, ვიდრე დადებითი შედეგი", - ამის შესახებ „რეზონანსთან" ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა. უნდა მოაწყოს თუ არა ოპოზიციამ მორიგი აქცია მისი ყურადღების მისაქცევად - ეს საკითხი სამშაბათს ოპოზიციაში მორიგი შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს აქცია უნდა ჩატარდეს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. განსხვავებული აზრისაა „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე - მისი თქმით, „არავინ აპირებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს აქციებით დახვდეს", თუმცა იმედი აქვს, რომ ოპოზიციას პომპეოსთან კომუნიკაციის საშუალება მიეცემა.

როგორც გამზარდიამ აღნიშნა, პომპეოს ვიზიტისას აქციის გამართვა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არაა.

„აქციის გამართვას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, როდესაც საერთაშორისო პარტნიორი ჩამოდის და აქციას მართავენ, ძირითადად ეს აქციები განპირობებულია იმით, რომ აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ ეს ლიდერი ინფორმირებული არაა და ცდილობენ, რომ ყურადღება აქციით მიიპყრონ.

„ამ შემთხვევაში ისიც საფრთხილოა, სტუმარმა ისე არ აღიქვას, რომ აქცია მის წინააღმდეგაა. მაგრამ ვთქვათ ეს ვარიანტიც პრობლემა არაა და გამოვრიცხოთ - მეორე ვარიანტი ისაა, რომ აქციით გააგებინონ თუ რა პრობლემას აპროტესტებენ. მაგრამ ამ დღეებში რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა - არჩევნები, შედეგები, ოპოზიციის პროტესტი და ა.შ. - ამის შესახებ ყველა პარტნიორი ინფორმირებულია, მათმა უმრავლესობამ საკუთარი პოზიციაც გამოხატა და ამ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, აქცია რატომ უნდა გაკეთდეს.

„მესამე ფაქტორი ისაა, რომ თუ ოპოზიციურ ლიდერებს საკმარისი უნარი, პრესტიჟი და კომუნიკაცია აქვთ, მათ პომპეოსთან საკომუნიკაციო ენად აქციები კი არ უნდა გამოიყენონ, არამედ ოფიციალური შეხვედრა ჩაინიშნოს. თუ სახელწიფო მდივანი თავის ვიზიტის ფარგლებში პროტოკოლით ოპოზიციასთან შეხვედრას არ ითვალისწინებს, ეს დამიჯერეთ, რომ ოპოზიციისთვის პრობლემაა, ეს არაა დადებითი მომენტი და ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია, რომ თუ ადამიანი დროს არ გითმობს და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას საჭიროდ არ თვლის, აქცია რატომ უნდა მოაწყო? ამ შემთხვევაში ამას აზრიც ეკარგება.

„ამ ლოგიკიდან გამომდინარე, აქციის მიზანშეწონილობას ვერცერთი ფაქტორით ვერ ვიგებ, თანაც რადგანაც პომპეო არა საქართველოს შიდა თემების, არამედ რეგიონული პოლიტიკის გამო ჩამოდის, ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკით მისი დღის წესრიგის დატვირთვა კიდევ უფრო მეტად გაუგებარი ხდება, პირიქით რაღაც მომენტში ოპოზიციისთვის შესაძლოა უფრო მეტი უხერხულობებიც მოჰყვეს, ვიდრე დადებითი შედეგი", - განაცხადა გამზარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×