
გაუგებრობა, შიდა დაპირისპირება თუ დუღილი როგორც ზოგადად ოპოზიციაში, ისე ცალკე აღებულ „ნაციონალურ მოძრაობაში“ - დაახლოებით ასე შეიძლება შეფასდეს ის, რაც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის სამშაბათის განცხადებას მოყვა. საქმე ეხება პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლასა და დასავლელი პარტნიორების ჩართულობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დაწყებას.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ ყველაფრიდან გამოიკვეთა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებობს ორი ფრთა - პირობითად გრიგოლ ვაშაძისა და ნიკა მელიას ჯგუფები, რომლებსაც საკვანძო საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. აქედან პარტიის არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უფრო ვაშაძის ფრთას უჭერს მხარს.
მათივე აზრით, უკვე აშკარაა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლებაც ბოლომდე ეცდებიან მოლაპარაკებისა და რაიმე შეთანხმების მიღწევის დარჩენილი რესურსის ბოლომდე გამოყენებას, ოღონდ ისე, რომ ორივემ შეძლოს სახის შენარჩუნება და გვერდიდან არცერთი არ გამოჩნდეს დამარცხებულად. ყოველივე ამას კი ოპოზიციის სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც პარლამენტში შესვლა და პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადატანა მოყვება, რასაც ითხოვდა კიდეც გრიგოლ ვაშაძე თავის განცხადებაში.
რას ითხოვს ვაშაძე
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილონ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ვაშაძე აუცილებლად მიიჩნევს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის დასრულებას, რათა „დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით“.
აქვე, გრიგოლ ვაშაძე თვლის, რომ უნდა გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე.
„საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია.
„ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში.
„საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.
„თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.
„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.
ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით. ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს.
„მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას“, - ვკითხულობთ გრიგოლ ვაშაძის მიმართვაში.
ამ განცხადებით ოოპოზიციაში გამოწვეული დაბნეულობის შემდეგ იგი იძულებული გახდა კიდევ ერთი განცხადება გაევრცელებინა:
„დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო.“
ამ დამატებას კი უკვე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკზე“ ეხმიანება.
„მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
დამატებითი განცხადება გააკეთა „ნაცმოძღაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამაც. მისი თქმით, დიალოგის მოწინააღმდეგი არავინაა, ოღონდ ეს დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.
„როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ, სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი და ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე.
„არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, არავინ, ვინც რუსთაველზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალოგი გაიმართება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ, ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით“, - ამბობს ნიკა მელია.
შეთანხმების ფორმულა, რომელიც არცერთ მხარეს არ დააზიანებს
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ აჩვენა, რომ ოპოზიციაში დუღილი და დინებები მიდის. ამიტომაც იგი ვარაუდობს, რომ პროცესი, რომელიც ვაშაძის ტექსტში წავიკითხეთ, ადრე თუ გვიან მომწიფდება, რადგანაც ოპოზიციაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სერიოზული ზეწოლა მიდის. ასევე საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ვაშაძემ ეს განცხადება ერთპიროვნულად არ გააკეთა და მის პოზიციას პარტიაში მომხრეებიც ჰყავს.
„რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, ფაქტია, რომ ის პოზიცია, რაც ოპოზიციამ ვითომ ერთიანი გადაწყვეტილებით მიიღო და პარლამენტში არ შედის, ოპოზიციის შიგნით ნაწილისთვის მიუღებელია. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული დაპირისპირება არსებობს. ნიკა მელიამ ლიდერობა ხელში ჩაიგდო და პარტიის გარკვეულ ფრთას აკონტროლებს, რომლებიც უფრო ქუჩის აქციების მომხრეები არიან. მას, როგორც ჩანს, სააკაშვილის ჩანაცვლების ამბიციებიც აქვს. გუბაზ სანიკიძესთან მისი დაპირისპირებაც ამის ნათელი მაგალითია.
„ვაშაძე რელურად ხედავს რაც ხდება და მოვლენებს ყველაზე ადეკვატურად აფასებს. ამიტომც ადრე თუ გვიან მის პოზიციას ყველა გაიზიარებს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ნამდვილად არსებობს მოლაპარეკბის ის რესურსი, რომ დამარცხებული არცერთი მხარე არ გამოჩნდეს. საყვარელიძე ამბობს, რომ პირველ რიგში „ოცნება“ უბნების ხელახლა გადათვლას უნდა დათანხმდეს, რადგანაც, მისი ვარაუდით, ამით მმართველ პარტიას 2%-ზე მეტი მაინც არ დააკლდება და საბოლოოდ ჯობია ყველას დაანახოს, რომ მართალია. ამით კი ორივე მხარე დაკმაყოფილდება.
„თუ ხელისუფლება დათმობს იმას, რომ უბნებს მთლიანად გადათვლიან, მაშინ ამის პარალელურად პირობა უნდა დადონ, რომ გადათვლილს ორივე მხარე აღიარებს, რა შედეგიც არ უნდა მიიღონ. თავისთავად კი ორივე კმაყოფილი იქნება. არ ველი, რომ „ოცნებას“ ხელახალი გადათვლით ხმების უმრავლესობა დააკლდეს. უფრო ეს ვარიანტია პერსპექტიული, რომ ორივემ დათმოს და ორივე გამარჯვებულის როლში იქნება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის განცხადებით ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მან პოლიტიკურად სრულიად სწორი მოსაზრება გამოთქვა.
„ახლა პარტიებში შიგნით რომ პრობლემებია, ეს ისედაც ცნობილია. ყველამ კარგად იცის, რომ ნიკა მელია სხვა ფრთაა და ვაშაძე - სხვა შეხედულების ადამიანი. ვიღაცა ქუჩის მომხრეა, ვიღაცა კიდევ - მოლაპარაკების. მსგავსი პრობლემები ყველა პარტიაშია და ეს ახალი ამბავი არაა.
„არ მგონია, რომ ეს პრობლემები კრიტიკული იყოს. არსებობს ძალიან ბევრი ფორმატები და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით რაღაცაზე შეთანხმდნენ.
„ჯერჯერობით ამის რესურსი არსებობს და ამაზე ორივე მხარემ უნდა იმუშავოს. ოღონდ არ უნდა იყოს საუბარი არცერთი მხრიდან ულტიმატუმების ენით. მოლაპარაკებებზე თუ პატარა პარტიები არ დასხდებიან და მხოლოდ „ნაციონალები“ დასხდებიან, ეს სრულიად გაუგებარი და აბსურდული ნაბიჯი იქნება. შეთანხმდებიან, არ შეთანხმდებიან - ეს უკვე მათი მოლაპარაკების საქმეა, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანაში სხვა გამოსავალი არაა“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მსივე თქმით, ახლა მოგებული და წაგებული არ არსებობს და ვერც იქნება. საქმე ქვეყანას და მის ბედს ეხება, ამიტომაც ყველა იმაზე უნდა შეთანხმდეს, რაც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს და ქვეყანაში სიტუაცია პოლიტიკურ ჩარჩოებს დაუბრუნდება.