
სამშაბათს დასრულებული ყარაბაღის მეორე ომის შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცედენტი შეიქმნა. რას ფიქრობენ ამაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოაქალაქეები? კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სოხუმსა და ცხინვალში შეშფოთებული და იმედგაცრუებულები არიან.
აღსანიშნავია, რომ ომის ოფიციალურად დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ყარაბაღში აფხაზეთიდან სომხური წარმომავლობის მოხალისეთა პირველი ჯგუფი ჩავიდა. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმაც მიიღო და მადლობა გადაუხადა. თუმცა უცნობია მოასწრეს თუ არა მათ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილის ცნობით, რამდენიე დღის წინ სოხუმიდან და ცხინვალიდან რამდენიმე ღია მიმართვა გავრცელდა ყარაბაღის აღიარების თხოვნით
„შეშფოთებით აღიქვამენ. აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებამ ამაზე რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს მოუწოდებდნენ, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ. მგონია, რომ იჩქარეს და ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უშედეგო იყო.
„ძალიან უსუსური წერილები იყო, თუმცა იქ მათი განწყობები აშკარად ჩანდა, ეს განწყობები კი არ იყო იმის სასარგებლოდ, რაც ახლა ხდება.
„ამ ფონზე, ბუნებრივია. იქ შეშფოთებულები და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულები არიან, სიტუაციის განვითარებას ელოდებიან. გარკვეულწილად მათ ინტერესებს ემთხვევა, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთმა სამშვიდობო ძალები შეიყვანა და ამით უმტკიცდებათ ის განცდა, რომ რუსეთი კავკასიაში წამყვანი ფაქტორია.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჯარები მართლაც შეიყვანა და ეს მნიშვნელოვანია, ეს უფრო პასუხია თურქეთის გავლენებზე. რუსეთთან ერთად თურქეთიც გაძლიერდა და თუ რუსეთი კავკასიაში აქამდე მარტო იყო, ახლა მარტო არაა. ზუსტად ამან განაპირობა აზერბაიჯანის მიმართ რუსეთის დათმობებიც", - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა.