
„ამ სიტყვის ხმარება - „ვულოცავ“ - მიზანშეწონილი არ არის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როცა ერთ მხარეს გრძნობენ, რომ დამარცხებულები არიან“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ვულოცავ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფალსილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს სოციალურ ქსელში „ტვიტერზე“ სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. კომენტატორთა ნაწილის აზრით, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე და საქართველოს მეზობელი სახელმწიფო სომხეთი ომის ასეთ შედეგს დიდი საერთოეროვნულ ტრაგედიად აღიქვამს და ამის გამო მასშტაბური შიდა დაპირისპირების ზღვარზეა, სიტყვა „მილოცვის“ გამოყენება სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი იყო.
„მე მგონი, რომ მაინცდამიანც მისაღები ფორმა არ არის, მითუმეტეს, ოფიციალური პირის მიერ. ამ სიტყვის ხმარება - „ვულოცავ“ - მიზანშეწონილი არ არის, როცა ერთი მხარე გრძნობს, რომ დამარცხებულია. არა მხოლოდ პრეზიდენტი, ექსპერტები და პოლიტიკოსებიც ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზომიერი შეფასებები უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენს გვერდით ცხოვრობს სომხური მოსახლეობა და შეიძლება გული ვატკინოთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.