
„სამადაშვილის ჩანაწერი გაოცებას იწვევს. მაგამ ქალი არ ამბობს ტექსტი ჩემი არარისო და უნდა დავუჯეროთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.
ჩანაწერები ტელეკომპანია „იმედმა" უკრაინულ „ობოზრევატელზე" დაყრდნობით გაავრცელა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, „შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვავთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. „ქართული ოცნება" ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს..."
საყვარელიძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, თუმცა სამადაშვილის განცხადებებისა და იქიდან გამომდინარე, რომ სანიკიძისა და ალასანიას საუბრის მსგავსი შინაარსი საზოგადოებას აქამდეც მოუსმენია, ჩანაწერები დიდი ალბათობით შესაძლოა ავთენტური იყოს.
„ეს შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იყოს და ალბათ არის. რაც შეეხება ავთენტურობას, ამაზე სპეციალისტები თავის სიტყვას იტყვიან, მაგრამ სამადაშვილის ტექსტი მოულოდნელია, ამ დროს კი იგი ამ ტექსტს არ უარყოფს, ჩივის იმას, რომ უნებართვოდ რატომ ჩაიწერეთო. ასე რომ, როგორც ჩანს, ჩანაწერი ავთენტურია.
„რაც შეეხება ალასანია-სანიკიძის დიალოგს, იქ შინაარსში მოულოდნელი არაფერია და ამდენად, სავარაუდოს ხდის იმას, რომ ისიც ავთენტურია იმიტომ, რომ ანალოგიური ჩანაწერები, ტექტები ერთისგანაც და მეორისგანაც მოგვისმენია. გუბაზი რის ციტირებასაც აკეთებს, ის სცენაც ვნახეთ და ა.შ. ასე რომ, მთლიაონობაში გარკვეულ გაოცებას ეს არ იწვევს. ხოლო სამადაშვილის ჩანაწერი გაოცებას იწვევს, მაგრამ ქალი არ ამბობს ტექსტი ჩემი არ არისო და უნდა დავუჯეროთ.
„ეს ალბათ გუნდში შიდა დაპირისპირების სახეს მიიღებს. დაპირისპირებები არცერთ გუნდს არ აკლია, მაგრამ მაგ გუნდს მითუმეტეს, დაპირისპირებები არ აკლიათ იმ ფონზე, რომ პრინციპში ჩიხში არიან შესული და წამგებიან პოზიციაში დგანან, რაც ძალიან ზუსტად მიანიშნა სამადაშვილმა, თუ რაშია მათი წამგებიანობა. სიმართლე კი ყველაზე მწარე რამაა და ამიტომ გამწარდებიან ისინი, ვისაც ეს სიმართლე ეხება", - განაცხადა საყვარელიძემ.