ოპოზიციას ამ წუთისათვის დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი ხედავენ, რომ საზოგადოების ნაწილში არის განცდა არჩევნების გაყალბების თაობაზე და მათი მხრიდან პროტესტი ბუნებრივია. საკითხზე თუ რისი იმედი აქვს ოპოზიციას, როდესაც არჩევნების მეორე ტურზე უარს ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და ჯიპას ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა.
„რეზონანსთან" საუბრისას მან ოპოზიციის დამოკიდებულებასა და ხმების ხელახლა დათვლის პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა რომ, თუ კი არსებობს ეჭვი, რომ ციფრები არასწორია, აუცილებლად უნდა მოხდეს გადათვლა გამჭვირვალე გარემოში.
თენგიზ ფხალაძე: თუკი არსებობს ეჭვი, რომ სადღაც ციფრები არასწორია, ჩემი პოზიცია არის ის, რომ ყველა ხმა უნდა დაითვალოს არა იმიტომ, რომ ამას ოპოზიცია ითხოვს, არამედ ამომრჩეველს აქვს იმის უფლება, რომ იცოდეს, სწორად იყო თუ არა დათვლილი მათი ხმა. ხელისუფლებას აყალიბებს ის, ვინც ირჩევს და არა ის, ვინც ითვლის. ეს პროცესი არის აბოსლუტურად მისაღები და აღიარებულია მთელს მსოფლიოში. შესაბამისად ამაში განსაკუთრებული არაფერია. მთავარია, რომ გადათვლის პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, რადგან არავითარი კითხვა არ დარჩეს.
ამ პროცესის შემდეგ მეორე ტურის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა ეს მოთხოვნა უნდა იქნეს შესრულებული. ხელისუფლება თუ პასუხგაუცემელ კითხვებს წაუყრუებს და უპასუხოდ დატოვეს, ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყანასაც და ხელისუფლებასაც, რადგან ამ ნაბიჯით დემოკრატიის სტანდარტი არ მკვიდრდება. ამით სახელმწიფოც და დემოკრატიაც კნინდება, ეს კი ძალიან ცუდია.
„რ": როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მიდგომას, რისი იმედი აქვთ მათ, როცა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურზე უარს ამბობენ?
თ.ფ: ოპოზიციას ამ წუთისათვის დასაკარგი არაფერი აქვს. ხედავენ, საზოგადოების ნაწილში არსებობს განცდა, რომ ციფრები არასწორად არის დამჯდარი, რაც ბუნებრივია, იწვევს პროტესტს და როგორც ოპოზიციიდან თავად ამბობენ, მათ მიდგომაში მთავარია პრინციპი და არა ერთი ორი ადგილი პარლამენტში. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა გადადგას შესაბამისად ადეკვატური ნაბიჯი, რათა ყველა კითხვა მოიხსნას. სხვა შემთხვევაში ვიღებთ პროცესს, რომელიც მიდის პოლარიზაციისკენ და პოლარიზაციას არასდროს არ მოუტანია კარგი ქვეყნისათვის. ამის სამწუხარო 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ იმაზე უფრო სრულყოფილი დემოკრატია, ვიდრე ვიყავით მანამდე. ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ მივდივარ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, იმაზე კითხვა აღარ უნდა ისმოდეს, ვიღაცამ სწორად დათვალა თუ არ დათვალა ხმები.
ასეთი ფაქტი ერთი მაინც თუ დადასტურდა, რომ მანიპულირება მოხდა ამისათვის სერიოზული პასუხისგება უნდა დაეკისროს გამყალბებელს, რადგან ერთხელ მაინც საქართველოს ისტორიაში უნდა შეიქმნას იმის ქეისი, რომ არჩევნების გაყალბება მართლაც დასჯადია. არ აქვს მნიშვნელობა გაყალბების ფატქი რომელი პარტიიდან იქნება," - ამბობს ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.