ელზა პაპოშვილი
06.11.2020

ვინ აპირებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას? -„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის  ემზადება და ამ სცენარის მთავარ იდეოლოგებად მიხეილ სააკაშვილს, დიმიტრი შაშკინს და დევი ჭანკოტაძეს ასახელებს. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას ოპოზიციიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ და რა ფორმით შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში „გადატრიალების“ მოწყობას. კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც კონკრეტულ გავარებზე იასუბრა და ასევე უწყებას დაუსახელა წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მიაწოდა. 

კობახიძის სუს-ში მისვლის შემდეგ კი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვების სერია დაიწყო, დაკითხეს "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" და "ანტიკორუფციული საბჭოს" დამკვირვებლები. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კახა ლომთათიძე არის დაბარებული გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ახორციელებდა დაკვირვებას არჩევნებზე და არ ვიცი კონკრეტულად რა საკითხზე არის დაბარებული", - ამბობს კახა ლომთათიძის ადვოკატი. 

გენერალი დევი ჭანკოტაძე ბარლდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სუს-ში თავის ფეხით მივიდა და ის იქ არავის დაუბარებია. ჭანკოტაძე დღეს კობაიხიძის მხრიდან, მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე "პროვოკაციის აგორებას" აპირებს.

"მინდა ვურჩიო კობახიძეს, სჯობია ჩვენება მისცეს რომ მთელ საქართველოშ დაახლოებით 80 ათასი ხმა არის ბათილად ცნობილი, ამაზე გააკეთოს ახსნა-განმარტება" - ამბობს დევი ჭანკოტაძე.

კობახიძის ბრალდებების ადრესატების თქმით, ის სია, რომელიც "ოცნების" წევრმა დღეს სუს-ის გამომძიებლებს გადასცა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ეკუთვნით, რომლებმაც ენმ-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს და არჩევნებს ცესკოს ნებართვით კენჭისყრას დამკვირვებლების სტატუსით აკვირდებოდნენ.

"მე არჩევნების წინ გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც გავლილი აქვთ რეგისტრაცია ცესკოში, იყვნენ განაწილებული სხვადსხვა უბნებზე, იყვნენ არჩევნებზე და არცერთი ფაქტი კობახიძეს არ აქვს, რომ ვითომ რაღაც ძალადობაში იყვნენ ჩართულები," - ამბობს დევი ჭანკოტაძე.

კობახიძეს დიმიტრი შაშკინიც პასუხობს, რომელიც ერთერთია "გადატრიალების საქმეში" დასახელებული პირებიდან:

„ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი და ეძებდა ჩეჩნების ბანაკებს, მეორე მინისტრი საბურავებს. სიები, რომელიც კობახიძემ გადასცა სუს-ს, არის ტაქსისტთა ასოციაციის წევრების სიები, რომელმაც გამოუცხადა ენმ-ს მხარდაჭერა. თუ დამკვირვებელი საქართველოში არის კრიმინალი, მაშინ კობახიძემ კონსტიტუცია უნდა შეცვალოს. როგორც ჩანს, არა მარტო ბოროტი კლოუნია, იურისპუდენციის აზრზეც არ არის“, - ამბობს დიმა შაშკინი.  

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს. ხოლო ამ  სიყალბით ცდილობს  მოგონილის დამტკიცებას. 

„მიტინგების პარალელურად, ნაციონალურ მოძრაობას სოციალურ ქსელში შექმნილი აქვს გვერდი, რომელსაც ჰქვია "გაყალბებული ოქმები", სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი ამოცანა სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობისათვის" მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, მათი მიზანია არჩევნები გამოიყენონ საბაბად და ამის საფუძველზე, თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ქმნიან მყარ საფუძველს, არც არ გამოუვათ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.    

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რევოლუციური სცენარი ქვეყანამ 2003 წელს უკვე გამოიარა, ამიტომაც გასაკვირი არაფერია თუ კი არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოდიხარ, მაშინ ნაცად ხერხს  მიმართო. საყვარელიძე ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციას“ ვეძახდით, მაგრამ რელურად სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მისი თქმით, მსგავის ელემენტები დღესაც ჩანს. 

„არჩევნების თემა და საუბარი იმაზე, რომ  გაყალბდა, სწორედაც რომ უკვე ნაცადი ხერხია. ბევრი ეჭვები ჩნდება იმაზე, რომ ყველა ოქმებზე ოპოზიციის დამკვირვებლების ხელმოწერებია და არ არი გამორიცხული ეს გაყალბების იმიტაცია იყოს. მიზანმიმართულად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც შემდგომ თავისი გაგრძელბა უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფერმა კი საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტი უნდა გაზარდოს. გამოჩნდა  ყალბი გვერდები, სადაც ცესკო ირწმუნება, რომ ეს ოქმები რელობას არ შეესაბამება. შესაძლოა არც ის არის გამორიცხული, რომ შიგადაშიგ ოპოზიციის დამკვირვებლები ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდნენ. ასევე ცარიელი კონვერტები საიდან გამოჩნდა,  ესეც გაუგებარია. ბევრი ხერხი არსებობს, რომ მსგავსი რამ მოხდეს. ზოგადად თუ პოლიტიკურმა ძალამ გაყალბებისკენ გეზი აიღო, მის ფანტაზიას საზღვარი არ ექნება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, არ არსი გამორიცხული, რომ ოპოზიცია კვირას დაგეგმილ აქციასაც ელოდება და მოსახლეობის რაოდენობა თუ კი ბევრი იქნება, მაშინ გარკვეული პროვოკაციები გამორიცხული არ არის. საყვარელიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებისთვის ახლა 8 ნოემბრის აქცია საკამოდ საპასუხისმგებლოა და ყველა მიმართულებით სიფრთხილეა საჭირო.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყოველი ხელისუფლების დროს, ყველა არჩევნებზე მსგავსი გადატრიალების სცენარებზეა საუბარი, თუმცა პასუხისგებაში ვინმე მიცემული არასდროს ყოფილა. 

„როდესაც არჩევნებია ან არჩევნების შემდგომ უკვე გართულებული სიტუაცია, სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხელისუფლების  მხრიდან მუდმივად საუბარი სახელმწიფო გადატრიალებაზე, რუსეთთან კავშირზე და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია კობახიძეს ჰქონდა და გააჟღერა, სუს-მა მაშინვე ზომები რატომ არ მიიღო. დღეს რომ ეს მართალიც იყოს, უკვე შეფერილობა აქვს, რომ არის არა გადატრიალების მცდელობა, არამედ ხელისუფლების  პასუხი იმ პროტესტზე, რაც ოპოზიციამ გამოხატა.  

დევი ჭანკვეტაძე არ ვიცი, მაგრამ, აი, შაშკინი რისი გადამტრიალებელია, მაგას მართლა ვერ გეტყვით. მეორეც ერთი სააკაშვილმა  ეს ორი კაცი რატომ შეარჩია და არა სხვები.  თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამით საპროტესტო ტალღას შეაჩერებს, ძალიან გულუბრყვილოა. „ნაციონალები“ სულ ასე გადატრიალებაზე საუბრობდნენ. პრესაში იქნება საუბარი, მაგრამ საზოგადოებაში არ მგონია ამას დიდი ნებათაღელვა მოჰყვეს“,-ამბობს ვახტან ძაბირაძე  „რეზონანსთან“ 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×