ქრისტინე კაპანაძე
20.10.2020

დღეისათვის, ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა 800-900 შეადგენს, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად 1000- ზე მეტია. რა რაოდენობის პაციენტებს სჭირდებათ დღიურად სტაციონარში მოთავსება და დროის რა პერიოდის განმავლობაში შეივსება 800-900 თავისუფალი საწოლი? „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ პაციენტთა გამოჯანმრთელების მიხედვით საწოლები პერიოდულად თავისუფლდება, ხოლო მისივე გამოთვლებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ტენდენციის ფონზე დარჩენილი 800-900 საწოლი კიდევ 3-4 კვირა იქნება საკმარისი.

„დღიურად მძიმე პაციენტების რაოდენობა 10-15 შეადგენს. თუმცა ეს პაციენტები პერიოდულად გამოჯანმრთელების ტემპის მიხედვით ეწერებიან, ან გადადიან სხვა საკარანტინო ზონებში. ამიტომ ეს 900 საწოლი მხოლოდ არ ივსება, თავისუფლდება კიდეც. შესაბამისად, 3-4 კვირა საწოლები უნდა გვეყოს. ამ ეტაპისთვის ეს საწოლები საკმარისია, თუმცა, დინამიკაში უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

„3-4 კვირის შემდეგ, როდესაც სავარაუდოდ გაჩნდება საწოლების დეფიციტი, სახელმწიფომ დამატებითი რესურსების მოძიება უნდა დაიწყოს და ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ მეტი ადგილი იყოს დაინფიცირებულთა მისაღებად," - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საავადმყოფოებში ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი.

„მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ, კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×