ქრისტინე კაპანაძე
20.10.2020

ინფექციონისტთა შეფასებით, მუნიციპალური ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა, რომელიც ავტობუსში, მიკროავტობუსში ან მეტროში უსაფრთხოების წესებს არ იცავს, შესაძლოა ათობით მგზავრი დააინფიციროს. აქედან გამომდინარე, თუკი ინფიცირებულთა რაოდენობს ზრდის ახლამდელი ტემპები კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა, ხელისუფლებამ შესაძლოა ეპიდემიის გავრცელების სხვადასხვა ეპიცენტრებში საქალაქო ტრანსპორტი საერთოდ გააჩეროს, მაგალითად თბილისსა და ქუთაისში.

მთავრობის ადმინისტაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა სახის ტრანპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ შეზღუდვები დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდასაქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

საკითხზე არის თუ არა საზოგადოებრივი ტრანპორტი ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო და რა შემთხვევაში გააჩერებენ ტრანპორტის გადაადგილებას თბილისში „რეზონანსს" ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ესაუბრა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი კორონავირუსის ინფექციის. სწორედ აქ ყველაზე ხშირად და აქტიურად ხდება ხალხის თავშეყრა და ერთი ადამიანის მიერ წესების დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის საზიანო. ეს ვირუსი მართლაც რომ ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება. ამიტომ ერთ დაინფიცირებულსაც კი შეუძლია მრავალი ადამიანი დააინფიციროს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„ცოტა მიჭირს წარმოვიდგინო რა წესები უნდა დაწესდეს ტრანსპორტში. ერთადერთი ალბათ განცალკევება, ტრანპორტში შესვლის წინ სიცხის გაზომვითი პროცედურები და პირბადის სწორი მოხმარება იქნება. სხვა დამატებით შეზღუდვებს ვერ მოვიგონებთ ნამდვილად.

„სრულიად რომ გააჩრონ ტრანპორტი, ესეც გარკვეულ სირთულეს გამოიწვევს. არჩევნებამდე მთავრობაც და ყველანი ვცდილობთ, რომ როგორღაც ეს მდგომარეობა მივიტანოთ 31 ოქტომბრამდე ისე, რომ მკაცრი შეზღუდები არ გახდეს საჭირო. არჩევნების შემდეგ რა მოხდება, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ. რა შემთხვევაში გააჩერებენ, ნამდვილად არ ვიცი, ამას თვითონ გადაწყვეტენ," - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×