ქრისტინე კაპანაძე
19.10.2020

ყარაბაღის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, იკვეთება ახალი გარეომებები, რის გამოც შეიძლება საფრთხე საქართველოსაც დაემუქროს. რა საფრთხის წინაშეა საქართველო, როგორია რუსეთ-თურქეთის პოზიცია, რის საფუძველზეა შესაძლებელი, რომ ომში ირანიც ჩაერთოს და როდემდე გაგრძელდება დაპირისპირება - ამ საკითხებზე „რეზონანსს" ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

ვახტანგ მაისაია: ყარაბაღის ომში ისეთი სცენარით ვითარდება მოვლენები, არ არის გამორიცხული მინიმუმ ერთი წელი კიდევ ასე გაგრძელდეს. როგორც ჩანს, სამშვიდობო პროცესების საკითხებში მონაწილე მხარეებს ამ ომისთვის არ სცალიათ. ფაქტია, რომ თურქეთი და რუსეთი არ არიან დაინტერესებულნი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებით. ევროკავშირსა და ამერიკას უბრალოდ დრო არ აქვთ ახლა მთიანი ყარაბაღისათვის - ამერიკაში არჩვენებისა და პოლიტიკური არეულობების გამო, ხოლო ევროკავშირში ახლა პანდემიაა, გერმანია უკვე წითელ ზონაშია.

მხარეები არიან თავიანთ ნება-სურვილზე მიშვებულნი. ასეთი ვითარება არ ყოფილა არც 2016 წელს და არც ივლისში. თუ იმ დროს ვითარებაში ჩაერთვნენ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და რუსეთმაც მოახდინა გარკვეული ზეწოლა ახლა, როგორც ჩანს ეს ზეწოლა არ მოქმედებს ან ამ შემთხვევაში რუსეთი ცდილობს,რომ ორივე მხარესთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთს სურს სომხეთში რეჟიმის შეცვლა. თურქეთი კი აშკარად ჩართულია საბრძლო მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეს და ამას არც მალავს.

„რეზონანსი": შეიძლება ომში ირანი ჩაერთოს?

ვ.მ: თქვენ წარმოიდგინეთ, ვითარებაში შეიძლება ირანის ჩართვაც კი მოხდეს, რადგან საბრძოლო მოქმედებების შედეგად ერთი-ორჯერ ირანის ტერიტორიაც დაიმობმა და სახელმწიფო საკმაოდ შეშფოთებულია ამ ვითარებით. ამიტომ, არაა გამორიცხული, ისიც ჩაერთოს, თუმცა გაუკრვეველია რომელი მიმართულებით წავა. ირანი ახლა იმყოფება თავდაცვით ბლოკში. ვითარება არის საკმაოდ რთული და ამ ომის შეჩერების პერსპექტივა, სანამ აზერბაიჯანი თავის მისიას არ შეასრულებს, ვგულისხმობ 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან მინიმუმ 5 ის დაბრუნებას, მანამდე ის არ შეჩერდება. ეს ალიევმაც უკვე პირდაპირ განაცხადა. ახლა რომ ალიევმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს შეიძლება ეჭვქვეშ უკვე მისი მმართველობა დადგეს. ვითარება არის ძალიან რთული. მოსკოვში ჩატარებულმა მოლაპრაკებებმაც კრახი განიცადა, რადგან როგორც ჩანს რუსეთმა კარგად ვერ შეასრულა მედიატორის მოვალეობები ან უბრალოდ რესურსები ამოწურა.

„რ": რა საფრთხის წინაშეა საქართველო?

ვ.მ: ამავდროულად არის საკმაოდ სერიოზული მომენტი, შეიძლება მოხდეს სირიის კონფლიქტის გადმოდინება კავკასიაში. რუსეთში უკვე სირიიდან გადმოსული ჯიჰადისტების 4-კაციანი ჯგუფი გაანადგურეს, რუსეთმა დაკარგა ორი სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი და 10 მდე დაჭრილი ჰყავდა. ამავე დროს სომხეთის მხარესაც იბრძვიან სირიიდან გადმოსული ქურთების დემოკრატიული ძალების მებრძოლები.

ერევანში უკვე ლტოლვილთა რაოდენობა გაიზარდა, არაა გამორიცხული იგივე ლტოლვილებისა და ჯიჰადისტების შემოღწევა მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან საფრთხე არსებობს. მე ადრეც ვამბობდი ამ საფრთხის შესახებ. 2016 წელს ვაფრთხილებდი ჩვენს ხელისუფლებას, რისთვისაც მედიების კრიტიკის ობიექტიც გავხდი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი სიმართლე დადასტურდა. ახლაც მივიჩნევ, რომ მაღალი ალბათობაა, ჯიჰადისტების შემოსვლის ჩვენს ტერიტორიაზე და უნდა იყოს ზომები მიღებული.

საფრთხეს ვხედავ. ამიტომ ვალდებული ვარ ხელისუფლება და საზოგადოება გავაფრთხილო, თუმცა ეჭვი მეპარება ეს ჩვენს ხელისუფლებას გააზრებული ჰქონდეს. მე ერთხელ უკვე გავაფრთხილე და აღმოვჩნდი მართალი. ეს საფრთხე რეალურია, რეალურია რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაფართოვების შემთხვევაში, ვითარებამ ჩვენს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს. ახლა მაგალითად კახეთის ტერიტორიაზე ინტერენეტი ძალიან ცუდად მუშაობს. ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ამ ომის ერთ-ერთი გამოძახილი, რადგან ორივე მხარე იყენებს კიბერ-დივერსიულ საშუალებებს და როგორც ჩანს, ეს ჩვენს ტერიტორიაზეც ავლენს რეფლექსს. ახლა სწორედ კახეთში ვიმყოფები, რამდენიმე კილომეტრია აქედან აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიამდე და ინტერნეტი მუშაობს ძალიან ცუდად.

„რ": რუსეთის გარდა ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს სომხეთს?

ვ.მ: პასიურ მხარდაჭერად შეგვიძლია დავასახელოთ ირანის რესპუბლიკა, მაგრამ ამ ვითარებაში ირანი ვის დაუჭერს მხარს, რთული სათქმელია. ამიტომ სომხეთს ახლა რუსეთის გარდა არავის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს - ის ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული. შეიძლება ფაშინიანმა მოლაპარაკებები ამერიკის მიმართულებით დაიწყოს თავისი პროდასავლური ხედვებიდან გამომდინარე, თუმცა ესეც ძალიან საეჭვოა. მისი პროდასავლურობაც განაპირობაბს იმას, რომ რუსეთის დამოკიდებულება სომხეთის მიმართ შედარებით ნეგატიურია. თუმცა არის ინფორმაცია, რომ რუსეთი სომხეთს შეიარაღებას აწვდის მე ვიტყოდი ირიბი გზების მეშვეობით.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთს რუსეთისგან აქვს იარაღი, მაგრამ აქტიურად არ ერევა, რადგან ინტერესები აქვს აზერბაიჯანთანაც. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ჰყავს თავისი პრორუსი პოლიტიკოსები, თუნდაც ალიევის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი არის „ლუკოილის" პრეზიდენტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ალიევის შეცვლელი, თუმცა რუსეთმა გადაიფიქრა შემდგომ. არაა გამორიცხული, რომ მოსკოვი ელოდება ორივე მხარის შესუსტებას, რადგან შემდგომ აქ დასვას თავისი პრორუსი პოლიტიკოსი და ასევე რობერტ ქოჩარიანი სომხეთში დააბრუნოს, რომელიც ახლა მთიან ყარაბაღში იმყოფება თავის გუნდთან ერთად. არაა გამორიცხული, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვისაც ემზადებოდნენ. ვითარება არის საკმადო რთული, ვიტყოდი აფეთქების ზღვარზე, რადგან რუსეთმა შეიძლება ორივეგან მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ კი ამ შემთხვევაში აღმოვჩნდებით ძალიან რთულ ვითარებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2020   (20.10.2020)
მთავარი-ს-300 და 400-არც ისე ძლიერი იარაღი აღმოჩნდა... თურქეთი დრონებით ძალიან გაიქაჩა, ამასთან თურქეთს აქვს ამერიკული ფ-16, ფ-22-ები, რომელიც საკმაოდ ეფექტურია... ს-400-ის კოდი, ინგლისელებმა გატეხეს...ყველაზე მთავარი თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და ამასთან, კარგი ურთიერთობები აქვს, საქართველოსთან და უკრაინასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან... ამასთან, რუსეთის მუსულმანურ, პროთურქულ დიასპორასთან...ასე,რომ რუსეთი დიდ ვერაფერს იზამს...ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, თურქეთის ევროკავშირის წევრად მიღება, რაც მას თამაშის ევროკავშირის წესების დაცვას აიძულებს, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანება და აშშ-ის ბაზების გახსნა საქართველოში, რაც საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს აამაღლებს...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×