
არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სხვადასხვა კომპანიების მიერ სოციოლოგიური კვლევების ჩატარება უფრო ინტენსიურ სახეს იღებს, არასრული ორი კვირით ადრე, მმარეთველ პარტიაში მიჩნიათ, რომ მოქალაქეებისგან მხარდაჭერას კვლევების გარეშეც გრძნობენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერის არჩევნებით საქართველოში მმართველი ძალა შეიცვლება.
„უბრალოდ, არ გვჭირდება კვლევები, ეს შეგრძნებების დონეზე ჩანს. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი, რაც არის და რაზეც ხშირად ვსაუბრობდი ამ ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი ოპოზიციას სრულიად გამქრალი აქვს, ხდება რაღაც ისეტრიკისა და პანიკის დანერგვა, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოვა ეს ყველაფერი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანია „სურვეიშენმა" 12-29 სექტემბერს ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა, გამოიკითხა საარჩევნო ასაკის მქონე 9075 ადამიანი, შედეგები კი ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება -55,6%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%, ევროპული საქართველო -5,2%, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%, პატრიოტთა ალიანსი- 3,8%, ლელო -3,1%, ლეიბორისტული პარტია -2,7%, გირჩი -2,1%, ერთიანი საქართველო 1,1%, თავისუფალი დემოკრატები 0,2%, სხვა -1,3%.
უახლოეს პერიოდში კვლევები „მთავარი არხის" დაკვეთითაც ჩატარდა - კომპანია „იპსოსმა" 1500 რესპოდენტი 8-15 ოქტომბრის პერიოდში გამოკითხა. კითხვაზე - გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს, 57% ამბობს, რომ უნდა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი გამოკითხულთა 25%-ია.
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, 31 ოქტომბრის შედეგების მიხედვით „ქართული ოცნება" დაახლოებით ისეთივე შედეგს მიიღებს, როგორიც კომპანია „სურვეიშენის" ბოლო კვლევაშია.
„31 ოქტომბერს მიღებული შედეგები, მოცემულ კვლევებთან ალბათ მიახლოებული იქნება, პლიუს მინუს 2-3% იმიტომ, რომ ბრიტანული კომპანია „სურვეიშენი" საერთაშორისო რეპუტაციით და პროფესიონალიზმით საკმაოდ წინადი და ავტორიტეტულია, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს „გორბის" კვლევა, სადაც დაახლოებით იგივე პროცენტები იყო. კიდევ ერთი საინტერესო კვლევა იყო, რომელიც ფართოდ არ გაშუქდა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკითხვა, სადაც უცხოელი და ქართველი ექსპერტები გამოკითხა, იქაც გამოკითხულთა აზრით „ქართულ ოცნებას" 53% აქვს, უცხოელი და ქართველი ექსპერტები კი მეტწილად ასე ვთქვათ „ქართული ოცნებისადმი" არასიმპატიით გამოირჩევიან.
„არაა გამორიცხული, რომ იქნება ის ვარიანტი, რაც 2018 წელს რამდენიმე უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციამ სცადა, იყო უაზრო ბრალდებები, რომ პასპორტები ყალბი იყო და ა.შ. ცალკეული დარღვევები, ისევე როგორც შეერთებულ შტატებში ხდება, იქნება, მაგრამ ოპოზიცია შეეცდება, რომ სისტემურ დარღვევებად და არალეგიტიმურ არჩევნებად წარმოაჩინოს, ეს იქნება მათი მაქსიმალური მცდელობა, მაგრამ ვნახოთ, იქ უცხოელი დამკვირვებლებიც და საელჩოებიც იქნებიან და იმედია, რომ არჩევნები პატიოსნად და კარგად ჩატარდება," - განაცხადა აბაშიძემ.
განსხვავებული მოსაზრებისაა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" 45%-ზე მეტს ვერ აიღებს, თუმცა უმრავლესობის შექმნის შანსი ექნება თუ სხვა ოპოზიციური პარტიები მასთან კოალიციას შექმნიან.
„ეჭვი მეპარება, რომ არჩევნებში მიღებული შედეგები მოცემულ კვლევების იდენტური იყოს, სხვა ორგანიზაციები, რომლებიც კვლევებს ატარებენ ერთმანეთთან უფრო თანხვედრაში არიან და სწორედ „რუსთავი 2"- ის მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის ამოვარდნილია სხვა კონტექსტიდან, სადაც „ქართულ ოცნებას" საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს, როცა სხვა პარტიებს დაბალი პროცენტები აქვთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართული ოცნება" მაინც 45%-ის გარშემო ტრიალებს, ანუ ეს კვლევა არაფერს არ მეუბნება, თუმცა ზოგადად რაც უფრო მეტი კვლევაა, მით უფრო კარგია, რადგან ყველა კვლევის ჯამი იძლევა იმას, რომ „ქართულ ოცნებას" მაქსიმუმ 45% აქვს, რაც ჩემთვის უფრო დამაჯერებელია და იმ რეალობას უფრო შეესაბამება, რასაც მე ჩემს გარშემო ვხედავ.
„თუ საბოლოოდ პარლამენტში გასულ დეპუტატებს დავითვლით, მგონია, რომ „ქართულ ოცნებას" 40-დან 45% მდე ექნება, დანარჩენი 65% ოპოზიციურ ფრთაზე გადანაწილდება, ოპოზიციაში ყველაზე მეტად ალბათ მაინც „ნაციონალური მოძრაობა" აიღებს, რომელიც ალბათ 15%-ს არ აღემატება, დანარჩენები კი 7-8%-იანი პარტიები იქნებიან, როგორც „ევროპული საქართველო", „ლელო", ჩემი აზრით პარლამენტში დაახლოებით ცხრა პარტია მაინც უნდა გავიდეს, თუ მეტი არა.
„65%-ს ოპოზიციური პარტიები შეავსებენ, რომლებიც მერე „ქართულ ოცნებას" ან შეეკვრებიან, ან არა, მთავრობის პირველადი ჩამოყალიბების უფლება „ქართულ ოცნებას" ექნება, თუ მას ვინმე შეეკვრა და ეს მოახერხა, ეს ერთი ვარიანტია, მაგრამ თუ ვერა, მერე უკვე ოპოზიციურ პრტიებში მოლაპარაკებები დაიწყება, რომ შესაბამისი ხმები მოაგროვონ.
„ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპულ საქართველოს"გაერთიანება გარდაუვალია, „ევროპულმა საქართველომ" მკაფიოდ და ცალსახად დაადასტურა, რომ ისინი ხმას მიხეილ სააკაშვილს არ მისცემენ, მაგრამ ამით მათ პირდაპირი მესიჯი გაუგზავნეს „ნაცმოძრაობასაც" და საზოგადოებასაც, რომ თუ „ნაცმოძრაობა" სხვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, შეიძლება „ევროპულმა საქართველომ"იფიქროს კიდეც, მათ უარი არა პარტიაზე, არამედ სააკაშვილზე თქვეს, ეს ნიუანსი ბევრს ეშლება," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.