მარიკა ხორავა
19.10.2020

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანია უსაფუძვლო პანიკის დაეთესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია," - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ორშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ლოკდაუნი, ანუ ახალი მკაცრი რეგულაციები და ქალაქების ჩაკეტვა არ იქნება, რადგან ახლა „სხვა მდგომარეობაში ვართ".

ორშაბათს საქართველოში კორონავირუსის 1 186 შემთხვევა დადსტურდა. თბილისში ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვნებელი დაფიქსირდა. მთავრობა ლოკდაუნს აღარ გამოაცხადებს, ამბობს პრემიერი, რადგან ამის უცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს.

„პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული იყო იმიტომ, რომ კონსოლიდირებულად და ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე.

ეს იყო ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ფაქტობრივად ყოველ კვირაში გვაქვს რეკორდის განახლება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში. პირველი ტალღის დროს ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოკდაუნი" გამოვაცხადეთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და ქვეყანაში იყო ამის დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა მსოფლიოსთან ერთად არ არსებობდა და იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და მასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი.

შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ - უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, პანიკის საფუძვლები არ არსებობს და კორონავირუსის ასეთი მატება მოსალოდნელი იყო.

„შემთხვევების მატება რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები არც ერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი, ამოუწურავი არ არის.

უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები და მკაცრი დისციპლინის დაცვა - პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში ვირუსთან თანაცხოვრების გზით ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძვლები „ვაი პოლიტიკოსების" და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს. ეს ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ.

ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერც ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს.

ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებს ვთხოვეთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ არაა ასეთი რთული?! შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები," - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის კოვიდინფიცირების გამო, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს შეეხებოდა ასე უპასუხა - მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?

გახარიას თქმით, მას და „ქართული ოცნების" ყველა წევრს პირბადე ეკეთა მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში ნინო წილოსანთან ერთად მონაწილეობდა.

„არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას - მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვთქვათ, ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, უმაღლესი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი. რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×