ელზა პაპოშვილი
16.10.2020

ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდის პარალელურად არჩევნები უნდა გადაიდოს. თუმცა, ამ მოსაზრებას ხელისუფლება კატეგორიულად არ იზიარებს და გიორგი გახარია აცხადებს, რომ არჩევნები არ გადაიდება და ხელისუფლება სრულიად არის იმისთვის მზად, რომ არჩევნები რეკომენდაციების ყველა და სრული დაცვით ჩატარდეს. 

„დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება“ - ამბობს გახარია.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს. 

კობერიძის თქმით, აუცილებელია, საჯარო ფორმატში განიხილონ, პანდემიის პირობებში შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არჩევნების ჩატარება.

"მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.

 აუცილებელია, გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე – რამდენად მძიმეა COVID-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

 ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერმინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე. მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს – ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს" – ამბობს კობერიძე.  

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კი აცხადებს, რომ ისინი სრულიად მზად არიან იმისთვის, რომ არჩევნები ჯანდაცვის ექსპერტების და სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალსიწინებით ჩაატარონ. ჟვანია ამბობს, რომ გათვალსიწინებულია ყველა იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ვიურისის მზარდი სტატისტიკის მიუხედავად არჩევნები მაინც ჩაატარეს. 

„მხოლოდ დღეს მოვისმინე პოლიტიკისებისგან, რომ არჩევნები გადაიდოს. აქამდე არცერთ პოლიტიკისისგან მსგავსი არაფერი მომისმენია. შემიძლია გითხრათ რა არის ჩვენი გამოცდილება. რაც მთავარია საერთაშორისო პრაქტიკა შევისწავლეთ და პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. მეორეს მხრივ, ცესკო თავად არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს, სანამ ჯანდაცვის ექსპერტები რაიმე რეკომენდაციას არ მოგვცემენ. ყველა საარჩევნო გადაწყვეტილება ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება.

ყველაზე რთული ისაა, რომ კოვიდით დაინფიცირებულებმა არჩევნებში მონაწილეობა როგორ უნდა მიიღონ. ჩვენ მოვახერხებთ და მოვემსახურებით ყველა რეკომენდაციების დაცვით. ეს იქნება დაავადებულებისთვის საავადმყოფოებში, სასტუმროებში. ასევე კარანტინში მყოფებსაც. ჩვენ ავღანეთში და პენიტენციურ დაწესებულებებში ამის გაკეთება უკვე შევძელით. დღეის მონაცემებით 123 კოვიდ სასტუმროა და კონკრეტული უბნებიდან ამ სასტუმროების მომსახურება მოხდება“,-ამბობს ჟვანია 

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მათი კომისიის  წევრების დაცვა მოხდეს. ამიტომაც ამისთვის ყველა საშუალებას გამონახავენ. ამერიკამ უკვე გამოთქვა მზაობა, რომ საქართვეელოს  სპეციალური ეკიპირებით დაეხმარებიან. 

ჟვანია ამბობს, რომ ამ ყველაფერზე  უკვე ნაფიქრია, ყველა საჭირო ინვენტარი  შესყიდულია და ფინანსებიც გამოყოფილია. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, კონკრეტული ერთი პირისთვის რომ ვერ გაიხსნება, ეს ყველამ იცის. ჩვენი მიზანია, რომ მობილური ჯგუფის შექმნა მოხდეს და ცალკე მომსახურე კომისია ამ ადამიანებს მოემსახუროს. რაოდენობას რაც შეეხება, რთული სათქმელია, რადგანაც ხშირად იკვეთება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საფრთხე არა მხოლოდ არჩევნებს, არამედ არც წინასაარჩევნო კამპანიას არ ემუქრება.

„საქართველო მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება მთავრობის და ჯანდაცვის სექტორის კონტროლის ქვეშ არის.

თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭო ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე თვეა სპეკულირებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება უნდა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სპეკულაციები არ წყდება. არჩევნები რა თქმა უნდა ჩატარდება სათანადო დროს, 31 ოქტომბერს. ჩვენ არც იმის ფუფუნება გვაქვს, ეკონომიკური „ლოქდაუნი“ გამოვაცხადოთ, ბუნებრივია პოლიტიკური „ლოქდაუნიც“ ვერ გამოცხადდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი „რეზონაანსთან“ ამბობს, რომ  ახლა პირიქით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ორ კვირას როგორმე გავუძლოთ და არჩევნები სწრაფად ჩავატაროთ, რადგანაც ზამთარში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება და არჩევნების გადადებას აზრი არა აქვს. 

მაშინ გამოვა, რომ კორონავირუსის გაქრობას უნდა დაველოდოთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ. მეორე მხრივაც კონსტიტუციითაც უკვე გადადება ვეღარ მოესწრება. მითუმეტეს გაზაფხულზე არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მესამე ტალღა დაიწყოს. ამიტომაც არჩევნების გადატანით უარეს შედეგს მივიღებთ.  

„არჩევნების გადადება ჯერ ერთი, რომ კონსტიუტუციითაც ვეღარ მოესწრება და მეორეც, ვირუსი არსად წასვლასაც არ აპირებს და ზამთარში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ამიტომაც როდემდე შეიძლება მერე არჩევნები გადავდოთ. პირიქით, აუცილებელია, რომ ამ ორ კვირას როგოროღაც გავუძლოთ და დროში მოვიგოთ. ამ ხნის განმავლობაში 6-7 თვე გავიდა და ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა, რომ მსგავსი ზრდა არ გვქონოდა და სისტემას გაეძლო. ახლა რა გარანტიაა, რომ არჩევნების გადადების შემთხვევაში  მოემზადებიან. 

“რაც შეეხება კარანტინში, თვითიზოლაციაში და საავადმყოფოებში მყოფ ხახლს, როგორ უნდა მიიღონ მათ არჩევნებში მონაწილეობა, ცესკოს ვურჩევ, რომ დროზე გამოაქვეყნოს გეგმა, როგორ და რანაირიად აპირებენ ამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინონ. შემდეგ ეს მანიპულირების საკიტთხი რომ არ გახდეს და ხელისუფლებამ  საკუთარი ინეტერესებისთვის არ  გამოიყენოს. ზუსტი სამოქმედო გეგმა სწრაფად უნდა მოგვაწოდონ“, - ამბობს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×