ქრისტინე კაპანაძე
16.10.2020

ვაქცინის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ, შესაბამისად ამაზე დამოკიდებული არ უნდა გავხდეთ, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა არის ძალიან რთული - გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის სფეროში, გიორგი ფხაკაძის განცხადებას, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ეხმაურება.

ის ფიქრობს, რომ ვირუსის დასამარცხებლად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და არ უნდა ველოდოთ ვაქცინას, რადგან მის შექმნას მაღალი მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობები სჭირდება. ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის თქმით კი, სანამ ვაქცინა არ გვექნება, იქამდე არაფერი გვეშველება.

„ვაქცინა თუ შემოვიდა, ინფექცია დაიწყებს კლებას და იმუნური ფენა წამოვა წინ. სხვაგვარად არაფერი არ გვეშველება, რადგან სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს და ჯერჯერობით ვერც გამოიგონეს.

"სამწუხარო ისაა, რომ ადამიანები სერიოზულად აღარ უყურებენ ამ საკითხს და დისტანციასაც აღარ იცავენ. ერთადერთი გამოსავალი კი ამ ვირუსის საბოლოო შეჩერებისათვის არის ვაქცინა. როგორც კი ვაქცინა დაიწყებს თავისი საქმის შესრულებას მერე უკვე დაიწყება შემცირება. თუმცა იქამდე, საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვა. პირბადის ტარება, ხელების დაბანა და დამუშავება,"- ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფექციონისტი ალექსადრე გოგინავა, ირაკლი ხმალაძის მსაგვად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ, რადგან ვაქცინის შექმნამდე რთული გზაა გასავლელი. როგორც ის ამბობს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ვაქცინას და უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება.

„ვაქცინის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ, შესაბამისად, ამაზე დამოკიდებული არ უნდა გავხდეთ. ჩვენ სხვა ღონისძიებები უნდა გავატაროთ და უნდა დავიცვათ რეკომენდაციებიიმისათვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ დაავადების გავრცელება.

"ზოგადად, ვაქცინა იქნება თუ არა, ამ საკითხზე ერთ რამეს ვიტყვი, რომ კორონავირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა არის ძალიან რთული. კორონავირუსების წინამორბედი ვირუსების დროსაც იყო მცდელობა ვაქცინის შექმნის, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ისე გადაიტანა მსოფლიომ ეს ვირუსები, მითუმეტეს მაშინ ასეთი მასშტაბური გავრცელება არ იყო, როგორიც ახლაა.

„რაც შეეხება ახალ კორონავიურსს. ამას ძალიან დიდი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება, რომ მოხდეს ეფექტური ვაქცინის შექმნა. სხვადასხვა ეტაპზე იყო ამის მცდელობა, თუმცა ვერცერთი კომპანიის მიერ შექმნილმა ვაქცინამ წარმატებას ვერ მიაღწია და ეფექტური არ აღმოჩნდა,"- ამბობს ალექდანრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

გოგინავა გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებასაც ეხმაურება იმის თაობაზე, რომ ვაქცინა საერთოდ არ იქნება. ინფექციონისტის თქმით, აღნიშნული განცხადება ძალიან რადიკალურია და დღევანდელი ტექნიკური და სამედიცინო რესურების იმედი აქვს, რომ ვაქცინა შეიქმნება.

„წინასწარ იმაზე საუბარი, ვაქცინა იქნება თუ არა, ცოტა რთულია. მე არ ვიქნებოდი გიორგი ფხაკაძისავით რადიკალური რომ 94%-ით არ გვექნება. მე მიმაჩნია რომ არსებული ტექნიკურ და სამედიცინო მიღწევებით, მსოფლიოს აქვს რესურსი, რომ ეფექტური და უსაფრთო ვაქცინა შექმნას. როდის? - აი ეს არის უცნობი.

"სხვა მხრივ მე უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ექნება ვაქცინა, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს ამ პანდემიის დასრულებას, თუმცა, ეს ნამდვილად არაა მარტივი საქმე,"- ამბობს გოგინავა.

გაეროს გენერალური მდინვის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ კი „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განუცხადა, რომ 94% - ით ვაქცინა საერთოდ არ იქნება.

„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა მოველოდოთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს გვექნება. ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ - არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს", - განაცხადა ფხაკაძემ.

საკმარისია თუ არა ვირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, ამ საკითხზე „რეზონანსს" ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ესაუბრა.

საკმარისია თუ არა არსებული შეზღუდვები (რესტორნებისა და ბარების 22 სთ-მდე მუშაობა) პანდემიის შესაჩერებლად?

" საკმარისი არის თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ადამიანები შეეჩვივნენ ვირუსის არსებობას და ცოტა ნაკლებად იცავენ თავს და ვფიქრობ სწორედ ამის ბრალია დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა. აქედან გამომდინარე რესტორნებისა და ბარების ჩაკეტვა მეტნაკლებად დადებითად აისახება.

"მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჯერ ის ღონისძიებები გავატაროთ, რაც დამთრგუნველი არ არის ადამიანებისათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ბარისა და რესტორნების თანამშრომლებმა გარკვეული კონპენსაცია თუ არ მიიღეს, პრობლება შეექმნებათ.

"მთავარი პრობლემაა ისაა, რომ უკვე სოციალური იზოლირება აღარ ხდება. მართალია ქორწილები და მასშტაბური ღონისძიებები აღარ არის, თუმცა შეკრებებზე აღარ ხდება დისტანციის დაცვა. მე ვაკვირდები, რომ ერთად დგანან ქუჩაში, მანქანაშიც ბევრი ერთად ზის.

"სამწუხაროდ ადამიანები ისე არ დისტანცირებენ ერთმანეთისგან როგორც საჭიროა, არ იკეთებენ სწორად პირბადეს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელებსაც აღარ იმუშავებენ აქტიურად. ასევე არის მიგრაცია - აჭარიდან ჩამოვიდა ხალხი და ამანაც იმოქმედა ვირუსის რიცხვის ზრდაზე.

"ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად თავი დაიცვან, რადგან ადამიანმა თვითონ თუ არ მიხედა თავს ვერავინ დაეხმარება, ვერც სახელმწიფო და ვერც ექიმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- ამბობს ხმალაძე

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების პირობებში, თქვენი აზრით უნდა განახლდეს თუ არა ფრენები ევროპის ქვეყნებთან?

"რაც შეეხება ფრენებს, ძალიან რთული საკითხია და ვფიქრობ, რომ ჯერ არ უნდა განახლდეს, რადგან სიფრთხილეა საჭირო. კაცმა არ იცის რა მოხდება. მე ახლა მომიწია ფრენა და აეროპორტებში ძალიან ბევრი ხალხია და დიდი შანსია რომ იქ ინფიცირება მოხდეს.

"ჩვენთვის მთავარია, რომ არ იყოს მძიმე ფორმები. მაქსიმალურად მოხდეს მოხუცებისა და გვერდითი დაავადების მქონდე ადამიანების დაცვა, რადგან არ დასჭირდეს ქვეყანას სასუნთქი აპარატების გამოყენება, რომელთა რაოდენობა გარკვეულწილად შეზღუდულია და არა მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ხალხი. თუ ჩვეულებრივი ვირუსული გრიპივით მოვიხდით ამ დაავადებას, მაშინ იმდენად საგანგაშო ეს არ არის, მაგრამ არ უნდა მოხდეს სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა, ეს არის მთავარი ფუნქცია,"- ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×