
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ პრემიერ გახარიას განცხადება ბრძოლაში ჩართულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შემთხვევითი არ ყოფილა და ეფუძნებოდა მეცნიერების მიერ შედგენილ სპეციალური დოკუმენტს, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, მათ შორის თავადაცაა. მეტიც, დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა ვარიანტიდან მხარეები ასეთი მოლაპარაკებებისთვის ადგილად სწორედაც რომ თბილისს შეარჩევენ, რადგან ყველა სხვა მხარე შეიძლება ან ერთმა ან მეორე ქვეყანამ მიკერძოებულობაში დაადანაშაულოს.
„ვიმედოვნებ, ალიევი და ფაშინიანი თბილისში გამართავენ პირდაპირ მოლაპარაკებას, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომლითაც პრემიერ გახარიას შეთავაზებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო მზადაა დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკებები თბილისში გამართონ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას ეს წინადადება დროულია. „მივესალმები გახარიას ინიციატივას. საქართველო მზად არის, რომ უმასპინძლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებზე. ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში კავკასიის საკითხებში მკვლევარებმა, პოლიტოლოგებმა და უსაფრთოების საკითხების სპეციალისტებმა ცირა ბარამიძე, მამუკა არეშიძე, მე, ვახტანგ მაისაიამ, ალექსანდრე ლუსენცკიმ და ალიკა გუჩუამ შევიმუშავეთ ამ ინიციატივის პაკეტი და გადავეცით გიორგი გახარიას.
ეს წინადადება გამოდგა დროული. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ეს წინადადება წამოვიდა. მან გაითვალისწინა აკადემიური წრეების წარმომადგენლების მოსაზრება.
ეს წინადადება მოვსინჯეთ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, სადაც მას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ", - განაცხადა მაისაიამ.
ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებს ფაშინიანი და ალიევი თბილისში გამართავენ.
„რუსეთი ფაქტობრივად უკვე მხარეა. მას სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული ვალდებულება აქვს. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა სომხეთის სამხედრო მოკავშირე. აქედან გამომდინარე, ფაშინიანი და ალიევი თბილისის ინიციატივას მხარს უფრო დაუჭერენ. ვიმედოვნებ, თბილისში გამართავენ პირდაპირ მოლაპარაკებას, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს", - განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოში მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. თქვა, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს. მათ შორის დიალოგის გამართვის მიზნით უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგის სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.
ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში", - განაცხადა გახარიამ.