ქრისტინე კაპანაძე
30.09.2020

თუ სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, საბრძოლო მოქმედებები ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება - „საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ომი საქართველოს შეეხება.

"საფრთხე პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ თუ კი სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებები, მთიანი ყარაბაღიდან გადავიდა, სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის საქართველოს საზღვრების სიახლოვესაც, მაშინ ეს ომი საქართველოს ტერიტორიასაც შეეხება" - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის მოსალოდნელ საფრთხეებზე „რეზონანსთან", სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი და სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, შეიძლება საგრძნობლად გაუარესდეს.

„თუ სომხეთი აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას, იმ დაპირისპირებას, რომელსაც უკვე მესამე დღეა ვუყურებთ, უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ სომხეთს, უკვე 26 წელია არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის სტატუსი. რატომ? ამას აქვს თავისი მიზეზი.

"სომხეთმა კარგად იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, აზერბაიჯანი არ შეეგუებოდა ვითარებას და დაიწყებდა შეიარაღებულ შეტევას. დღეს უკვე ეს შეტევა დაწყებულია. შესაბამისად, თუ სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ომი გამძაფრდება," - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, დღევანდელი ვითარებით, რთულია განსაზღვრა, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან რა უპირატესობებით სარგებლობენ, რადგან ორივე მხარე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს.

„ორივე მხარე თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს და ეს მოსალოდნელიცაა, მითუმეტეს 21 საუკუნეში, როცა საინფორმაციო ველზე დაახლოებით იგივე ბრძოლა მიმდინარეობს და შეიძლება უფრო დაუნდობელიც, ვიდრე საბრძოლო ველზეა. ასეთ შემთხვევაში ზუსტი ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია, ასევე, რთულია ადგილზე ჩასვლა, ამიტომ ვითარება უნდა გაანალიზდეს.

„ჯერ მხოლოდ სამი დღეა გასული და იკვეთება, რომ აზერბაიჯანის არმია მთიან ყარაბაღზე შეტევას ახორციელებს. ასევე, იმ შვიდი რაიონიდან, რამდენიმეში, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს და რომელიც არასდროს ყოფილა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია - ეს გახლავთ ძირითადად სამხრეთი, აზერბაიჯანის მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთის მიმართულებებით.

„რა არის ჩანაფიქრი, ეს ეტაპობრივად გამოვლინდება. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ჩანაფიქრი, შეიძლება იმ ძირითადი მაგისტრალებისა და საავტომობილო გზების გადაკეტვა იყოს, რომელიც მთიან ყარაბაღს დანარჩენ სომხეთთან აკავშირებს. თუ ეს მოხდა, ნიშნავს რომ აზერბაიჯანის არმია მოახერხებს ყარაბაღის ლოკალიზირებას და შემდეგ ეცდება დაიბრუნოს ეს ტერიტორია.

„ამის გარდა, გამოიკვეთა ალბათობა, ადგილობრივი მასშტაბის მოქმედებების, საერთაშორისო მასშტაბის მოქმედებებზე გადასვლის - არსებობს შიში, რომ საბრძოლო მოქმედებები რეგიონალურ მასშტაბებს მიაღწევს, ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ რუსეთი და თურქეთი ჩაერევიან ომში," - ამბობს ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ალადაშვილი გუშინდელი ფაქტის ეხმაურება, თურქული F 16 ტიპი გამანადგურებლის სომხეთის SU-25- ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არსებული ვითარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, მხარეების პირად ინტერესებს.

„გუშინდელი ინფორმაციით, ხაზს ვუსვამ, რომ თითქოს, თურქულმა თურქულმა F- 16 - ის ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო სომხეთის SU-25- ის ტიპის თვითმფრინავი და ჯერჯერობით ამ ფაქტს უარყოფს, ადასტურებს იმას, რომ ყველას თავისი ინტერესები აქვს. სომხეთი აცხადებს დაჟინებით, რომ ეს განზრახ მოხდა, ხოლო თურქეთი ამას უარყოფს.

„სომხეთისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დაფიქსირდება რომ თურქეთი მონაწილეობს ამ ომში, ის დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან ვითარებაში ჩართვას. მითუმეტეს თუ კი საქმე მივიდა ომში, კოლექტიური თავდაცვის ჩართულობამდე და ორგანიზაცია „ოდეკაბემდე", რომელიც შექმნილი აქვს რუსეთს, სომხეთს, ბელარუსს და კიდევ რამდენიმე „პოსტსაბჭოურ" რესბუბლიკას.

„ასევე ირკვევა, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს, რომელიც განთავსებულია სომხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გიუმრიში, რათა სომხეთს დაეხმაროს, ეს უკვე აღქმული იქნება როგორც რეგიონალური კონფლიქტი, ამაზეა საუბარი. მეორეს მხრივ, თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკად ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა სამხედრო თვალსაზრისითაც დაეხმარება მას."- ამბობს ალადაშვილი.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის რედაქტორი ომში, საქართველოს პოზიციაც საუბრობს. მისი აზრით საქართველომ ნეიტრალური მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს.

„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ომი საქართველოს შეეხება. საფრთხე პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ თუ კი სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებები, მთიანი ყარაბაღიდან გადავიდა, სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის საქართველოს საზღვრების სიახლოვესაც, მაშინ ეს ომი საქართველოს ტერიტორიასაც შეეხება.

„ამ შემთხვევაში საშიშროება საზღვრისპირა მოსახლეობაზე მიდის, იგივე აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნების, მჭიდროდ დასახლებულ, საქართველოს მოქალაქეებზე - ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. ასეთ ვითარებაში მათ გარკვეული აქტიური ქმედებები უნდა განახორციელონ. არსებული საფრთხის ნიშნები უკვე არსებობს.

„ასევე, შეიძლება, იყოს საშიშროება, რომ ამ ორმა ქვეყანამ, საქართველოდან მოითხოვოს სამხედრო ტვირთები, რომლებიც მათ სჭირდებათ ომში. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ის წყვეტს ამ სამხედრო ტრანზიტს ორივე ქვეყნისთვის. ეს გახლავთ ის მოსალოდნელი ნიუანსები, რაზეც ამჟამინდელი მდგომარეობით შეიძლება საუბარი - ამბობს ირაკლი ალადაშვილი ჩვენთან საუბარში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც იზიარებს ირაკლი ალადაშვილის პროგნოზს, მოსალოდნელი, ფართომასშტაბური ომის საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ კი სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს.

„თუ ეს მოხდა მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება ომის გამოცხადება აზერბაიჯანის მიმართ და აზერბაიჯანსაც მოუწევს ყველა წესის დაცვით ომი გამოუცხადოს სომხეთს. პირდაპირ ვიტყვი, ეს საკმაოდ სერიოზული და მძიმე გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სამხედრო-სტრატეგიული და სამხრეთ პოლიტოლოგიის გათვალისწინებით, მიმდინარეობს ლოკალური ომი." - ამბობს ექსპერტი

„ლოკალური ომის კლასიკურ მაგალითსა და სამხედრო გეოსტრატეგიულ დონეზე, ეს ომი შეიძლება გადავიდეს უკვე პოლიტიკურ დონეზე და პოლიტიკურად შეიძლება ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური ომის სტატუსი მიიღოს.

„ახლა მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ომი ორივე მხარის მიმართ. ორივე მხარე მაქსიმალურად აკონტროლებს ვითარებას, შემოღებულია ცენზურა. ამ ცენზურიდან და ფსიქოლოგიური ომიდან გამომდინარე, იმის გარკვევა ვის რა წარმატებები აქვს ომში, რთულია. აზერბაიჯანიდან, იმასაც ამტკიცებენ, რომ ქალაქი ფიზულის აღებაზეა საუბარი.

„სომხური მხარის ინფორმაციით კი, აზერბაიჯანმა დაკარგა 2300 სამხედრო მოსამსახურე, რაც თუ სიმართლეს შეესაბამება, საკმაოდ სერიოზული ციფრია. ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანს გააჩნია გარკვეული უპირატესობა სამხედრო მოქმედებების მიმართულებების გათვალისწინებით. საუბარია ყარაბაღის ირგვლივ, 5 რაიონის გათავისუფლებაზე.

„მესამე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს, კვლავ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უპირატესობით, თუმცა ამის დადასტურება, ან უარყოფა ძალიან რთულია, რადგან დაცულია სრული სამხედრო ცენზურა. მხარეები ვერც იმას ადასტურებენ ჩამოაგდო, თუ არა თურქულმა F-16- მა, სომხური SU - 25, რაც დადასტურების შემთხვევაში იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა და საფრთხე მთელი რეგიონისათვის.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი თურქეთს ადანაშაულებს, ის ვერ ამტკიცებს მომხდარის სიცხადეს, თურქული მხარე კი უარყოფს ბრალდებას. ამის გათვალისწინებით მტყუან-მართალის გარჩევა ძალიან რთულია," - ამბობს ვახტანგ მაისაია, „რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, სამწუხაროდ არის დიდი მსხვერპლი. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე."

„ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში", - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×