დადგება თუ არა ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც პროკურატურა გაყალბებული ფოტომასალის გავრცელებაში სდებს ბრალს
ელზა პაპოშვილი
18.09.2020

პროკურატურა კვლავ ამტკიცებს რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამის გასამყარებლად ექსპერტიზის საბოლოო პასუხები და ის ვიდეოჩანაწერები მოაქვს, სადაც გარდაცვლილი 23 წლის გოგონა ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები პროკურატურამ ჟურნალისტებს აჩვენა, სადაც გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა აღწერილი. ვიდეო თებერვალშია ჩაწერილი. ის მშობლებს ბოდიშს უხდის იმის გამო, თუ კი მას ოდესმე ტყეში გარდაცვლილს ნახავენ. 

პროკურორმა ასევე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის  მიერ გასაჯაროვებულ  ფოტომასალაზე ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით სატელიტიდან ამოღებულია და ამტკიცებს იმას, რომ 19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევარის ტყეში არ იდგა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია და ის ექპერტიზაზე გადამოწმებული იქნა. შესაძლოა ამის გამო ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

უწყების განცხადებით, ცხედარს მექანიკური ზემოქმედების, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ბაჩალიაშვილის სხეულში მედიკამენტები პერორალური და არა საინექციო გზით მოხვდა.    

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის  ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების  და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.

ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და  არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.  

 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება, - აცხადებენ პროკურატურაში.  

პროკურორი ამბობს, რომ საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეჩანაწერი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. 

მისი თქმით, მისი ტელეფონიდან და იუთუბ-არხიდან მოპოვებული ვიდეომასალა საკამაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რადგან ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.  

აღნიშნული მასალა კი პროკურატურამ ჟურნალისტებს აჩვენა, სადაც ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობაზე ნამდვილად საუბრობს. თუმცა, გამოცემა დეტალების სრულად გახმოვანებისგან თავს შეიკავებს, რადგანაც აღნიშნულ ვიდეო და აუდიო მასალებში თამარი პირადი ცხოვრების დეტალებზე და განცდებზე საუბრობს. მასალებში ასევე სხვა ადამიანებზეც არის საუბარი და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ფრანგმეტს მოვყვებით. 

თამარი ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ დაემშვიდობე თამარ პარიზში სწავლას, რადგანაც ის სწავლის შედეგით უკმაყოფილო იყო. მას ასევე  არ მოსწონდა თავის თავი და ფიქრობდა, რომ გასუქებული იყო. შემდეგ  ამბობს, რომ ის თავის თავს დროს სექტემბრამდე აძლევს. უნდა გახდეს და ასევე სწავლასაც მიხედოს.  ხალხთან უფრო თბილი და კომუნიკაბელური უნდა იყოს. 

 ეს  ვიდეო  ქუჩაშია ჩაწერილი, რომელიც სელფის მეშვეობით არის გადაღებული და უწყვეტია. 

მეორე ვიდეოში კი ყვება, რომ სამსახურში მძიმე სიტუაციაშია. მის უფროს ნიკა გეჯაძესთან ურთიერთობაზე საუბრობს. სავარაუდოდ, მათ გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ. თამარი ვიდეოში  თავს არიგებს, რომ ნიკასთან დისტანცია დაიჭიროს. საუბარია თანამშრომელ ნინოზე, რომლის გამოც ტირის და ამბობს, რომ  კარგად არ ექცევა. ის საუბრობს რომ თავის მოკვლა უნდა, მაგრამ დედა, მამა და ძმა ეცოდება. ის ამბობს, რომ არ უნდა ოჯახს ტყეში ასვლა და მისი პოვნა მოუწიოს. ის მშობლებს ბოდიშს უხდის თუ ამ სიტუაციაში ოდესმე ნახავენ.

პროკურატირა ამბობს რომ ეს ჩანაწერები თებერვალშია გაკეთებული. არის ასევე პოზიტიური ვიდეობი, სადაც თავის გამხნევებასაც ცდილობს.

„რეზონანსთან“ კი ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას ეხმაურება. მან ჟურნალისტებს იმ პირის ვინაობა და კოორდინატები მისცა, რომელმაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მოპოვება შეძლო. 

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, გოგონამ ამდენი წამლები თითო-თითო მიიღო და გული არ აერია. ასევე მისთვის ამოუხსნელია, რატომ იგონებს მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ გოგონა გაუჩინარებიდან საღამოს საათებში ნახეს.  

„არ გამოვრიცხავ ავტომობილი ევაკუატურით იყოს გადატანილი. წარმოუდგენელია,  როგორი ლოგიკა უნდა არსებობდეს, რომ შედის სოფელში და იქ ეძებს სპეციალურად მითითებულ ადგილს. მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდა და  ყველა მეუბნება სწორ გზაზე ხართო. 

“ხალხი ამბობს რომ ავტომობილის ასე აორთქლება და გაქრობა წარმოუდგენელია. ყველას უკვირდა სად გაქრა. სადაც ავტომობილი იპოვეს იქ ხალხი გადაადგილდება და ვერავინ შეამჩნია. 

“ლოგიკა ხომ არსებობს ამ ყველაფერში. როდესაც ორგანიზებული დანაშაული ხდება, ყველაფრის კარგად გათვლა ხდება. ეს მარშუტი ისე კარგად დაგეგმო, რომ გამოძიება ჩიხში შეიყვანო. მაგრამ ჩნდება მაგრამ, პროკურორი რომ ლაპარაკობს რომ ვითომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ჩანაწერებია, სისულელეა. ნებისმიერ ფსიქოლოგს მოვასმენინებ  და მითხრან იქ თვითმკვლელობა სად ჩანს?

თამარის ბუნებიდან გამომდინარე მას უცხო სახლიდან ვერ გაიყვანდა. რატომ გამოვრიცხავთ, რომ მას ვინმემ მედიკამენტების ყიდვა დაავალა. რატომ იყიდა გასახდომი ჩაი? ადამიანს მკვლელობა რომ აქვს ჩაფიქრებული, სელფებს იღებს, იპრანჭება, გასახდომ ჩაის ყიდულობს. ლოგიკა არის ამაში?

როდინდელია ეს ვიდეოჩანაწერი ვადა აქვს? ის ვიდეოჩანაწერები რატომ არ აჩვენეს მერე რომ ამბობს, რომ მე ყველაფერი წინ მაქვს და კარიერი უნდა გავიკეთოვო, 5 თვე გავიდა მას შემდეგ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სულ რომ ქვეყნიერება გადატრიალდეს, შავზე თეთრის დამტკიცების უფლებას არავის მივცემ“, - ამბობს „რეზონანსთან“ რამიშვილი. 

დავით ფურცხვანიძე, „ნიუს ფრონტის“ ქსელის წარმომადგენელი კი, რომელმაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოიპოვა, „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ ის პროკურატურასთან სათანამშრომლოდ მზად არის. მისი თქმით, სანამ უწყება ალტერნატიულ ფოტოებს არ დადებს, მანამდე საუბარი იმაზე, რომ მასალა გაყალბებულია, აბსურდია. 

„ეს ფოტოები ჩემი მოპოვებულია. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ მოხდა მკვლელობა და იმ პერიოდში ავტომობილი იქ არ იდგა. პროკურატურის ნათქვამს დადასტურება სჭირდება,  ასევე, მზად უნდა იყოს, რომ ოფიციალური გზით სატელიტის ფოტოები წარმოადგინონ, რითაც დაამტკიცებენ  რომ ვტყუივარ. 

ეს იყო სრულიად კონკრეტულ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ფოტოები. ჩვენი ორგანიზაცია იძიებს ფინანსურ მაქინაციებს, სადაც  ბაჩალიაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია.  

“მე დავდებ ექსპერტიზის ალტერნატიულ პასუხს და იქ დავამტკიცებ, რომ სიყალბე არაფერია. ამ მასალის უკუგდება იქნება მხოლოდ სატელიტის ალტერნატიული ფოტოები. სულ მცირე ეს პროკურატურის მხრიდან არაკორექტულია. 

“ლოგიკურად, ფოტოების ხარისხს,  წარმომავლობას ვიკვლევთ - იქ ავტომობილი იყო თუ არა. პროკარუტურას ეს ჩანაწერები 2 თვეში თავისუფლად  შეეძლო მოეპოვებინა. თუ კი საჭირო იქნება ნებისმიერი დასკვნას იგივე კომპანიის დასკვნით ვუპასუხებ. ესაა მხოლოდ სიტყვებით თამაში, დადონ ფოტოები, სადაც ავტომობილი იქნება და მერე ვისაუბროთ“, - აცხადებს ფურცხვანიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×