„თუ საქართველოში დღეში 300-400 შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სისტემას ამის გამკლავება გაუჭირდება”
თამთა ჩაჩანიძე
18.09.2020

პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის ტაქტიკა აშკარად იცვლება - აჭარაში მძიმე ვითარებაა, ქვეყნის ინფიცირების დღიური მაჩვენებლის დაახლოებით 80% ამ რეგიონზე მოდის, მიუხედავად ამისა, რეგიონის ჩაკეტვა და მკაცრი შემზღუდავი ზომების გატარება არ იგეგმება, როგორც ეს პირველი ტალღისას ხდებოდა ხოლმე.

მეტიც, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ საჰაერო სივრცის გახსნა მოხდება ფრთხილად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ინფიცირების დღიური მაჩვენებლები თითქმის ორ ასეულს უტოლდება, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს პარასკევს კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 129 აჭარაში დადასტურდა.

„დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის - 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, 3 - ქედაში, 1 - შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლი - რუსთავში - 4, გურიაში - 3, კახეთში - 1. გამოჯანმრთელებულების რიცხვის მხოლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, მისი აზრით, მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ტაქტიკის შემუშავება რამდენიმე საკითზე დგას. მისი თქმით, პირველი ის, რომ ვირუსი უფრო ნაკლებ აგრესიული გახდა, მეორე - მას სპეცალისტები წინა პერიოდისგან განსხვავებით კარგად უმკლავდებიან და მესამე საკითხი კი ქვეყნის ეკონომიკას უკავშირდება.

„ჩემი აზრით, მიდგომა კომპლექსურია, პირველი ის, რომ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ვირუსი შედარებით უფრო ნაკლებ აგრესიულია, თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ამისი ნიშნები არსებობს.

„მეორე ის, რომ ვირუსის დაწყებიდან რამდენიმე თვე გავიდა და ვირუსზე ინფორმაცია, დაავადების მიმდინარეობის შესახებ ახლა ბევრად მეტი ვიცით, ვიდრე მარტსა და აპრილში ვიცოდით, ამიტომ, როგორც ეპიდემიოლოგიური სამსახურები, ასევე ჰოსპიტლები და კლინიკები ამ დაავადების სამართავად ბევრად უფრო მზად არიან.

„მესამე ის, რომ ყოველგვარი ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება ეკონომიკურ ზარალს ნიშნავს და ჩვენს ქვეყანაზე საკმაოდ ცუდად აისახება, ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ზრით ამ ეტაპზე სწორია ის, რომ ნაკლები რეგულაციებით და საზოგადოების მეტი თვით შეგნებით ამ ვირუსს ვებრძოლოთ და ეპიდსიტუაციის მეტ-ნაკლებად დასტაბილურება მოვახდინოთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში კი მაღალი ციფრებია, მაგრამ ერთი კარგია, რომ ეს ციფრები არ ორმაგდება, სამმაგდება და დაახლოებით ერთ ნიშნულში რჩება, აქედან კი ძირითადი ნაწილი აჭარის რეგიონზე მოდის, სადაც მოსახლეობის მასიური კვლევა მიმდინარეობს. ამიტომ, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და დაავადების გავრცელება სხვა რეგიონებშიც არ მოხდა, შესაძლებელია, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია მეტ-ნაკლბად დავასტაბილუროთ და ისეთი სცენარი არ მივიღოთ, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია.

„ახლა კეთდება იმაზე მეტი ტესტი, ვიდრე ჩვეულებრივად კეთდებოდა და ეს ტესტირება ძირითადად იმ რეგიონში ხდება, სადაც ეპიდაფეთქებაა.

„თუ საქართველოში დღის განმავლობაში 300-400, ან 500 შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს კი არა სხვა უფრო ძლიერი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს უჭირთ, რომ ამას სრულფასოვნად გაუმკლავდეს.

"ასეთი შემთხვევები ევროპაშიც იყო, როდესაც ადამიანები ავად ხდებოდნენ, მაგრამ სამედიცინო სერვისს დროულად ვერ იღებდნენ, დღეების განმავლობაში სახლში ყოფნა უწევდათ და მათი მდგომარეობა არ ფასდებოდა, ამის საშიშროება ჩვენთანაცაა იმ შემთხვევაში თუ აქაც ასეთი ძალიან მაღალი გავრცელება იქნება, მაგალითად, დაახლოებით 500-600 შემთხვევა" - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×