თამთა ჩაჩანიძე
17.09.2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხილთა 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო NDI-ის კვლევის თანახმად კი ასე გამოკითხულთა 32% ფიქრობს. აისახება თუ არა ეს შემდგომში არჩევნების შედეგებზე და არის თუ არა კონკრეული პარტიების მიმართ ამომრჩევლების სიმპატია-ანტიპატიის მაჩვენებელი? სოციოლოგთა აზრით, გამოკითხვისას დასმული კითხვა ზოგადი და ბუნდოვანია, რაზეც ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხედვა აქვს, თუმცა შესაძლოა შედეგებზე რაღაც გავლენა მაინც იქონიოს.

აღსანიშნავია, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში გამოკითხვისას ამომრჩევლების მხრიდან ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ფიქსირდება, თუმცა ამას არ აქვს პირდაპირი ბმა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგთან და შემდგომში არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგთან.

მაგალითად, აშშ-ში 3 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 100 დღით ადრე ჩატარებული კვლევისას გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გამოკითხვისას დასმული კითხვა იმდენად ზოგადია, რომ ძალიან ძნელია იმის მიხვედრა, თუ რას გულისხმობს ესა თუ ის გამოკითხული „ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში".

„ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც „ოცნებით" უკმაყოფილოა და რა თქმა უნდა, შესაძლოა, მათ თქვან, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. ასევე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობით" უკმაყოფილოა და ისინიც იტყვიან, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდისო იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობას" ამდენი უფლება და საშუალება აქვს. მესამენი იტყვიან, რომ ქვეყანა იმიტომ მიდის არასწორი გზით, რომ რუსეთთან ურთიერთობა დასალაგებელია.

„ასე რომ, არასწორი გზით სიარული შესაძლოა ქვეყანას როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან დაბრალდეს, როგორც ქვემოდან, ისე ზემოდან. ამიტომ თვითონ კითხვა არის ბუნდოვანი.

„რა თქმა უნდა, რაღაც წილი არჩევნებზე აისახება. უკვე ასახულიცაა - „ოცნებას" 100%-იანი რეიტინგი ხომ არ აქვს, რა პროცენტიც აქვს, დავუშვათ 55%, დანარჩენი რა თქმა უნდა მათ მიმართ კრიტიკული ნაწილია. იმათში კი ეს განწყობილება უკვე ასახულია", -განაცხადა საყვარელიძემ.

კომპანია „ჯეპრას" ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი კი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული კითხვა, რომელიც ამ კვლევისას დაისვა, ძალიან სუბიექტურია, რაზეც ყველა ადამიანს თავისებური განმარტება აქვს.

„ასეთი ტიპის კითხვები ზოგადად ძალიან სუბიექტურია. ეს დაახლოებით ისეთივე ტიპის კითხვაა, ადამიანს რომ ჰკითხო რა არის ხარისხი. რამდენი ადამიანიც არსებობს, ხარისხის იმდენი განმარტებაა.

„თუ ეს პროცენტები რეალობაა, რასაკვირველია არჩევნებში აისახება ისე, რომ წესით და რიგით ამ ადამიანებმა მმართველ პარტიას ხმა არ უნდა მისცენ. მაგრამ საქმე ისაა, თუ კითხვაში რამდენად სწორადაა დაფიქსირებული აზრი.

„ძირითადად სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში ერთ საინტერესო ტენდენციას ვამჩნევთ - კი ფიქსირდება კვლევებში რაღაც პროცენტი, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის, მაგრამ, როდესაც არჩევნები დგება, რეალურად უმრავლესობა მაინც მმართველ ძალას ირჩევს. ვგულისხმობ 2012 წლის შემდგომ პერიოდს.

„ამიტომ, ჩემი აზრით, კვლევის დიზაინში, მეთოდოლოგიაში და პრეზენტაციების სახით გადმოტანაში ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამას 2008 წლიდან ვამბობ, რომ კვლევის დიზაინსა და მეთოდოლოგიაში იმდენად დიდი ხარვეზებია, რომ საბოლოო ჯამში ელექტორატის განწყობების ზუსტ ასახვას არ იძლევა.

„მაგალითად გამოკითხვისას როდესაც კითხვას - სვამ მიდის თუ არა ქვეყანა სწორი გზით - იქვე უნდა იყოს ჩამოთვლილი დაახლოებით ოცი პუნქტი, რაც რეალურად სწორ მიმართულებას მისცემს. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, პანდემია ვერ დავამარცხეთ, პოლიტიკურ პარტიებს თავისუფლება არ აქვს, თუ მედია დამიუკიდებელი არაა", - განაცხადა გალუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×