თამთა ჩაჩანიძე
17.09.2020

2016 წელს საპარლამენტო არჩევნებისას 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. წელს მაჟორიტარული წესით მხოლოდ 30 პარლამენტარის არჩევა მოხდება. დაახლოებით რამდენ ოქლში გახდება სავარაუდოდ აუცილებელი მეორე ტურის გამართვა - ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ყველაზე ცხარე დაპირისპირება იქნება ზუგდიდში და თბილისის ოლქებში, განსაკუთრებით კი ვაკეში, ისანსა და საბურთალოზე.

მაგალითისთვის, 2016 წლის არჩევნებში საბურთალოს ოლქში მეორე ტური გახდა საჭირო. პირველ ტურში „ქართული ოცნებიდან" ლევან გოგიჩაიშვილმა ხმათა 46.89% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან" სევდია უგრეხელიძემ - 17.2%. მეორე ტურში კი „ქართულმა ოცნების" კანდიდატმა - 79.27%, ხოლო „ნაციონალურის მოძრაობისას" - 20.73%.

მეორე ტური გახდა საჭირო ვაკეშიც, სადაც „ქართული ოცნებიდან" ბიძინა გეგიძემ პირველ ტურში 48.94% მიიღო და მეორე ტურში - 75.52%. მისმა მთავარმა ოპონენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ელენე ხოშტარიამ პირველ ტურში 22.25% აიღო და მეორე ტურში - 24.48%.

რაც შეეხება ზუგდის, აქ სანდრა რულოვსმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრიდა კენჭს ხმათა 44.8% მოიპოვა, ხოლო , „ქართული ოცნებიდან" ედიშერ თოლორაიამ 48.63%. აქ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართა, შედეგების მიხედვით „ქართული ოცნებიდან" ედიშერ თოლორაიამ ხმათა 71.09% აიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან" სანდრა რულოვსმა - 28.91%.

უნდა ითქვას, 2016 წლის შემდეგ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვალა. მაგალითად, თბილისში 22 მაჟორიტარული ოლქი იყო, წელს კი მათი გამსხვილების შედეგად 8 ოლქი დარჩა და შესაძლოა 2016 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული ეს შედეგები ბოლომდე რელევანტური არ იყოს, თუმცა გარკვეული თავლსაზრისით მაინც ასახავს კონკრეტულ ოლქებში ამომრჩეველთა პოლიტიკურ სიმპათიებს.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ყველაზე „ცხელ" ოლქებს, აქ დღეის მდგომარეობით შემდეგი კანდიდატები არიან წარდგენილი:

საბურთალო: დავით სერგეენკო („ქართული ოცნება"), ირაკლი ოქრუაშვილი („გამარჯვებული საქართველო", ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი), ბადრი ჯაფარიძე („ლელო"), თაკო ჩარკვიანი („სტრატეგია აღმაშენებელი"), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები").

ისანი: „ქართული ოცნება" - კახი კახიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობა" - ხატია დეკანოიძე, „ლელო" - ლანა გალდავა.

ვაკე: „ქართული ოცნება" - ნოდარ ტურძელაძე, „ევროპული საქართველო" - ელენე ხოშტარია, „ლელო" - ლევან კობერიძე.

ზუგდიდი: „ქართული ოცნება" ირაკლი ჩიქოვანი, „ევროპული საქართველო" - გიგი უგულავა, „ნაციონალურ მოძრაობას" კი ზუგდიდში თავისი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს შესაძლოა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იყოს.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, მეორე ტურები იმ ოლქებშია მოსალოდნელი, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას" შედარებით კონკურენტუნარიანი კანდიდატები ჰყავს.

„მეორე ტური ალბათ იმ ოლქებშია მოსალოდნელი, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას" შედარებით კონკურენტული კანდიდატები ჰყავს დაყენებული. მეორე ტური ალბათ მინიმუმ 3-4 ოლქში იქნება.

„მეორე ტური იქნება იმ ოლქებში, სადაც პრინციპში გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ვერცერთი კანდიდატი 50% ზე მეტს ვერ შეაგროვებს. იქ რამდენიმე ოლქი იყო დასახელებული - გლდანი, ვაკე და რატომღაც რეგიონები დასახელებული არ იყო. ალბათ იმიტომ ასახელებენ ამ კონკრეტულ ოლქებს, რომ აქ ოპოზიციას უკეთესი პოზიციები აქვს.

„რაც შეეხება ზუგდიდის ოლქს, აქ ჯერ ოპოზიციამ კანდიდატი დაასახელოს და მეორე ტურის შესაძლებლობაზე მერე შეიძლება საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ამ ოლქში ძალიან სერიოზული ბრძოლა იქნება გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას საკმაოდ მძიმეწონიანი კანდიდატები ჰყავთ დასახელებული."-განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი 30 ოლქიდან 25-ში მეორე ტურებს ვიხილავთ, „ცხელი წერტილები" კი თბილისის ოლქები იქნება.

„რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში განწყობები როგორია, არ ვიცი. თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - რომ ამ 30 ოლქიდან მინიმუმ 25-ში მაინც მეორე ტური იქნება. არ ვიცი, მაგალითად, რა განწყობებია მარტვილში, სენაკში, ფოთში, რა განწყობებია ბოკერიას მიმართ, რა განწყობებია ხელისუფლების კანდიდატის მიმართ.

„თუმცა ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ტურში ხელისუფლების წარმომადგენელი გავა, მათი მეორე ტურის ძირითადი კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იქნებიან.

„ზუგდიდის ოლქში იქნება თუ არა მეორე ტური, გააჩნია აქ ოპოზიციის კანდიდატი ვინ იქნება, რაც შეხება თბილისს, აქაური განწყობები ვიცი. ვაკეში დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური იქნება, სადაც ხოშტარია და ხელისუფლების წარმომადგენელი გავა. გლდანში მეორე ტური აუცილებლად იქნება, აქ ნიკა მელია და ხელისუფლების წარმომადგენელი გავა. საბურთალოზე მეორე ტურში ელისაშვილი და სერგეენკო იპაექრებენ, ისანში - დეკანოიძე და კახა კახიშვილი იბრძოლებენ. ასე განაწილდება.

„როგორც მინიმუმ, მეორე ტურები 25 ოლქში იქნება. შეიძლება იყოს უფრო მეტ ოლქში. პირველივე ტურში გამარჯვების შანსი, ყოველ შემთხვევაში თბილისში, არავის აქვს. რეგიონებში არ ვიცი, მაგრამ ალბათ არც რეგიონებში აქვთ", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კიდევ უფრო დრამატული პროგნოზი აქვს და ამბობს, რომ 31 ოქტომბერს მწვავე მაჟორიტარული დაპირისპირება ზუგდიდში, იმერეთისა და თბილისის რვავე ოლქში იქნება, მეორე ტურები კი, მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა ოლქში გველის.

„ჩემის აზრით, მაჟორიტარულ ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური იქნება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ 73 ოლქი იყო და აქედან პირველივე ტურში გამარჯვებული მარტო 23 ოლქში გაირკვა, უმრავლეს ოლქებში გამარჯვებული უკვე მეორე ტურში გაირკვა.

„ახლა ოლქების რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღესაც უმეტეს ოლქებში ცხარე ბრძოლებია მოსალოდნელი. მაგალითად, სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისის რვავე ოლქში, თუმცა მეორე ტურები მთელი საქართველოს მასშტაბითაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ალბათ თბილისსა და სამეგრელოში.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არჩევნებამდე შესაძლოა ან მართველი პარტიის ან ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარება კიდევ შეიცვალოს, გააჩნია რომელი როგორი ტიპის კამპანიას ჩაატარებს.

„ამ მხრივ რეგიონებში ერთ-ერთი მწვავე სამეგრელო იქნება. ზუგდიდში ოპოზიციამ კანდიდატად ვინც არ უნდა წარადგინოს, ჩემის აზრით, მაინც მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან ჩვენთან ხანდახან სამწუხაროდ ნომერს აქცევენ ყურადღებას და არა პიროვნებას, რეალობა ასეთია", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×